26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ეუთო/ODIHR ვგულისხმობ, არჩევნები კონკურენტულად ჩათვალა

ცოტნე ანანიძე: 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანმა დამკვირვებელმა, რომელსაც გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებელი ჰყავდა, ეუთო/ODIHR ვგულისხმობ, არჩევნები კონკურენტულად ჩათვალა და ეს არის ხალხის ნების გამოვლენა.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ცოტნე ანანიძის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აჭარაში ცოტნე ანანიძემ განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანმა დამკვირვებელმა, რომელსაც გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებელი ჰყავდა, ეუთო/ODIHR ვგულისხმობ, არჩევნები კონკურენტულად ჩათვალა და ეს არის ხალხის ნების გამოვლენა“.

ეუთო/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშში ტერმინი კონკურენტული, პირველადი ანგარიშისაგან განსხვავებით, საერთოდ აღარ გვხვდება (ანგარიში ხელმისაწვდომია: 1. ქართულ ენაზე; 2. ინგლისურ ენაზე). პირველად ანგარიშში სადამკვირვებლო მისია აღნიშნავდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია „კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად მიმდინარეობდა“. საბოლოო ანგარიშში ტერმინი საერთოდ აღარ გვხვდება. „საარჩევნო სუბიექტებს, ზოგადად, შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია, ხოლო 18 საარჩევნო სია ერთმანეთს კონკურენციას უწევდა ნაკლებად ინტენსიურ კამპანიაში. თუმცა, ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დაშინების, მოსყიდვისა და ზეწოლის ხშირი ცნობები ზრდიდა შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ ამომრჩეველს შესაძლოა თავისუფლად ვერ გაეკეთებინა არჩევანი და ხმის მიცემისას შიშით ემოქმედა, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნულია საბოლოო ანგარიშში.

რაც შეეხება ხალხის ნების გამოვლენას, ამ ნაწილში სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებს. მაგალითად, მოქალაქეთა ნების გამოვლენისთვის საჭირო ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპის - ხმის ფარულობის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების შემთხვევათა 24%-ში საარჩევნო ყუთში ბიულეტენის მოთავსების წესის, 12%-ში მონიშვნის წესის, ხოლო 7%-ში საარჩევნო უბნის განლაგების გამო. მათ შორის შესაძლო გადაფარვის გამო მათი დაჯამება მათემატიკურად არ შეიძლება. „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ ეუთო/ოდირთან დამაზუსტებელი შეკითხვა გაგზავნა. ეუთო/ოდირის პრეს-სპიკერმა კატია ანდრუშმა დაადასტურა, რომ რიცხვების მექანიკური დაჯამება არსებული გადაფარვების გამო ნამდვილად არ შეიძლება. მისივე თქმით, „ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, მათ შორის [საარჩევნო უბნის] განლაგება, ამომრჩეველთა მიერ ბიულეტენის მონიშვნა, აპარატში ბიულეტენის მოთავსება, ხმის ფარულობის სხვა საკითხები ან მათი კომბინაცია, დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა".

საბოლოო ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოუენ მერფი პირდაპირ აცხადებს, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“. ამავე პრეს-რელიზის თანახმად, „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკანასკნელ პერიოდში დამტკიცებული კანონმდებლობის ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავლენას, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ მიმართულ ნაბიჯებს და ამომრჩევლებზე ზეწოლას უკავშირდებოდა. ამან, არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან ერთად, მოახდინა ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობის კომპრომეტირება, ხმა შურისძიების შიშის გარეშე მიეცა“.

ეუთო/ოდირის ანგარიშის დეტალური მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ამდენად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან მიმართებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში არსად არაა ნათქვამი, რომ არჩევნები კონკურენტულად ჩაითვალა ან ხალხის ნების გამოვლენა მოხდა. შესაბამისად, ცოტნე ანანიძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მცდარი.