2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სარესტორნო ხარჯები შეადგენს 16 400 000 ლარს

ბესიკ დონაძე: 2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სარესტორნო ხარჯები შეადგენს 16 400 000 ლარს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბესიკ დონაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდის წარმომადგენლობითმა ხარჯმა მართლაც 16.4 მლნ ლარი შეადგინა. ბესიკ დონაძე მონაცემს სწორად ასახელებს, თუმცა აღნიშნულს მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეულ სარესტორნო ხარჯად მოიხსენიებს. სინამდვილეში, დასახელებული მონაცემი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმომადგენლობითი ხარჯია, რაშიც გარდა მიღებებისა და ბანკეტების ხარჯებისა, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შესაძენი, სტუმრების დახვედრა/გაცილების და მომსახურების ხარჯებიც შედის.

„ფაქტ-მეტს“ პოსტის დასაზუსტებლად ავტორთან კომუნიკაცია ჰქონდა, რის შემდეგაც მან ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დასახელებულ მონაცემს უკვე წარმომადგენლობით ხარჯად მოიხსენიებს. რადგან მისი პირველი პოსტი შეცდომაში შემყვანი იყო და შთაბეჭდილების გასაძლიერებლად წარმომადგენლობით ხარჯს მთლიანად სარესტორნო ხარჯად ასახელებდა, „ფაქტ-მეტრი“ მის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.


ანალიზი

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ბესიკ დონაძემ საკუთარ facebook-გვერდზე სახელმწიფო საბიუჯეტო უწყებების მიერ გაწეულ სარესტორნო ხარჯებზე სტატუსი გამოაქვეყნა და აღნიშნა: „2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სარესტორნო ხარჯებმა შეადგინა 16 400 000 ლარი“.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული სარესტორნო, იგივე უწყებების მიღებებზე, ოფიციალურ სადილებზე და ა.შ. გაწეული ხარჯები წარმომადგენლობით ხარჯებად არის კლასიფიცირებული.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე პუნქტის მიხედვით, წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს:

  • უწყებების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებისთვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;
  • საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;
  • სუვენირების შეძენის ხარჯებს;
  • სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის: საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება), აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP დარბაზის მომსახურება), სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება), მიღებებისა და წვეულებებისთვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.


„ფაქტ-მეტრი“ სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ოდენობით დაინტერესდა. რადგან განცხადების ავტორი ყურადღებას 2024 წლის 6 თვის მონაცემზე ამახვილებს, ჩვენც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს გავეცანით.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში წარმომადგენლობითი ხარჯები „საქონელი და მომსახურების“ მუხლში არის გაერთიანებული.

სახელმწიფო ბიუჯეტის 2024 წლის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, „საქონელი და მომსახურების“ მუხლით, საანგარიშო პერიოდში, დაზუსტებული გეგმა განსაზღვრულ იქნა 1 167 297 000 ლარის ოდენობით, ხოლო საკასო შესრულებამ 1 083 651 400 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 92.8% იყო.

„საქონელი და მომსახურების” კატეგორიიდან ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით გაწეული დანარჩენი ხარჯების სტრუქტურა შემდეგია:

  • შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება - 261 321 600 ლარი;
  • მივლინება - 33 845 000 ლარი;
  • ოფისის ხარჯები - 161 068 400 ლარი;
  • წარმომადგენლობითი ხარჯები - 16 422 000 ლარი;
  • კვების ხარჯები - 75 918 600 ლარი;
  • სამედიცინო ხარჯები - 26 860 300 ლარი;
  • რბილი ინვენტარის, უნიფორმისა და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული ხარჯები - 43 300 000 ლარი;
  • ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები - 76 562 000 ლარი;
  • სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯები - 17 388 000 ლარი;
  • სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება - 370 965 300 ლარი.

როგორც ვხედავთ, სახელმწიფო უწყებების 2024 წლის 6 თვის წარმომადგენლობითმა ხარჯმა მართლაც 16 422 000 ლარი შეადგინა. ბესიკ დონაძე მონაცემს სწორად ასახელებს, თუმცა აღნიშნულ ხარჯს მხოლოდ სარესტორნო ხარჯად აცხადებს. რეალურად კი, როგორც ზემოთ განვმარტეთ, წარმომადგენლობითი ხარჯი გარდა უწყებების მიერ ორგანიზებულ მიღებების, ოფიციალური სადილების ხარჯებისა, კულტურულ-სანახაობით ღონისძიებების, სუვენირების, სტუმრების მომსახურების ხარჯებსაც მოიცავს.

სტატიის მზადების პროცესში, ბესიკ დონაძემ „ფაქტ-მეტრთან“ კომუნიკაციის შემდეგ, მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უკვე სარესტორნო ხარჯის ნაცვლად, წარმომადგენლობით ხარჯებზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა პირველ პოსტში მხოლოდ სარესტორნო ხარჯზე აპელირება, ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯს გადაჭარბებულად წარმოაჩენდა.

თუ იმავე პერიოდის ბოლო წლების წარმომადგენლობით ხარჯებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2020 წლიდან ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.

გრაფიკი 1: წარმომადგენლობითი ხარჯები 2019-2024 (6 თვე, მლნ ლარი)


წყარო: ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები

კვლევა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მიუძღვნა. ორგანიზაციამ 2022 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ყველა მუნიციპალიტეტს მიმართა, თუმცა პასუხი 37 მუნიციპალიტეტისგან მიიღო, მათ შორის - 14 მუნიციპალიტეტისგან, არასრულყოფილი სახით.

აღნიშნული კვლევის დასკვნის მიხედვით, 2022 წელს, წარმომადგენლობით ხარჯებზე არაერთი მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნა გაწეული სოლიდური თანხები. თუმცა, თვითმმართველ ერთეულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ხარჯთა მიზნობრიობა არ დააკონკრეტა. აღნიშნული კი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპს ეწინააღმდეგება და არასათანადო ხარჯვითი პოლიტიკის ეჭვებს აჩენს.

ზემოთ განხილული მასალიდან გამომდინარე, ბესიკ დონაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.