გია ვოლსკი: USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯამურად 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გია ვოლსკის განცხადება არის ტყუილი.
2025 წლის 12 თებერვალს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ, საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც „USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, შედარებით მოკლე პერიოდში დასახარჯად, ჯამურად 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო... სასარგებლო პროექტები როგორ არ ხორციელდება და არამარტო საქართველოში! მაგრამ ეს, მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებენ“. პოსტზე დართულია ვებგვერდი DataRepublican-ის ფოტოანაბეჭდები, რომელიც ოფიციალურ წყაროს არ წარმოადგენს, ხოლო მის უკან მდგომი პიროვნებების ვინაობა და ორგანიზაციული სტრუქტურა ანონიმურია. ვებგვერდის მიხედვით, ის მიზნად ისახავს აშშ-ის სამთავრობო გრანტების ხარჯებისა და მიზნობრიობის დოკუმენტირებას და ანალიზს. წყარო, რომელზე დაფუძნებითაც გია ვოლსკიმ გამოაქვეყნა პოსტი, მიუთითებს, რომ USAID-მა საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების პროგრამა (Elections and Political Process Strengthening - EPPs) 26 490 383 აშშ დოლარით, ხოლო რეგიონული საარჩევნო ადმინისტრაციების და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების პროგრამა (Regional Election Administration and Political Process Strengthening – REAPPS 2) 15 237 168 აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ჯამში დაახლოებით 41.7 მილიონი აშშ დოლარია.
USAID-ის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების და რეგიონული საარჩევნო ადმინისტრაციების და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების პროგრამების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის ხილვა აშშ-ის ფედერალური ხარჯების მონაცემთა ოფიციალურ ვებგვერდზე - USASPENDING-ზე არის შესაძლებელი. აღნიშნულ ვებგვერდზე მითითებულია გია ვოლსკის მიერ მოხსენიებული პროგრამების დაწყების და დასრულების თარიღები.
საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების პროგრამა. დაწყების თარიღი 2019 წლის 1 აპრილი, დასრულების თარიღი 2025 წლის 31 მარტი. წყარო: USASPENDING
რეგიონული საარჩევნო ადმინისტრაციების და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების პროგრამა. დაწყების თარიღი 2018 წლის 10 სექტემბერი, დასრულების თარიღი 2025 წლის 9 სექტემბერი. წყარო: USASPENDING
ვებგვერდის მიხედვით, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების პროგრამა (EPPs) 2019 წლის აპრილში დაიწყო და 2025 წლის მარტამდე არის გათვალისწინებული, ხოლო რეგიონული საარჩევნო ადმინისტრაციების და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების პროგრამა (REAPPS 2) 2018 წლის სექტემბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე. ამავდროულად, ეს უკანასკნელი არამხოლოდ საქართველოს, არამედ ბალკანეთის, ცენტრალური ევროპის, ბალტიისპირეთის და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს მოიცავს, რაც ნიშნავს, რომ 15.2 მილიონი აშშ დოლარი არათუ მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჯამში ზემოაღნიშნულ რეგიონებში მდებარე სახელმწიფოებისთვის გამოიყო. 2018 წლიდან 2025 წლამდე საქართველოში საპრეზიდენტო, საპარლამენტო, თვითმმართველობის და კონკრეტულ რეგიონებში სხვადასხვა დროს ცხრა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. შესაბამისად, მტკიცება, რომ USAID-მა 41.7 მილიონი აშშ დოლარი მხოლოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოყო, მცდარია.
ორივე პროგრამის შემთხვევაში გრანტების მიმღები საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმია (Consortium for Elections and Political Process Strengthening – CEPPS), რომელშიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ერთიანდებიან. კონსორციუმი 1995 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან დემოკრატიული ინსტიტუტების და პრაქტიკების, მათ შორის საარჩევნო პროცესის გაძლიერების პროგრამები 140-ზე მეტ სახელმწიფოში განახორციელა.
რა აქტივობებს ახორციელებდა USAID-ის მიერ დაფინანსებული კონსორციუმი?
საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების პროგრამის ოფიციალური წარდგენა 2019 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა და მას აშშ-ის და საქართველოს ოფიციალური პირები, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები და პოლიტიკის ექსპერტები ესწრებოდნენ. პარლამენტის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, აშშ-ის მთავრობას და ამერიკელ ხალხს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი დიდი ხნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ USAID-ის ახალი პროგრამა არჩევნებისადმი სანდოობას გაზრდის.
საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის ქოლგის ქვეშ, IFES საქართველოში საარჩევნო რეფორმებისა და არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესების მხარდაჭერაზე მუშაობდა, მათ შორის, ძირითადი მხარდაჭერა მიმართული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის გაუმჯობესებისკენ. პროექტის ფარგლებში, 2020 წელს, კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ცესკოს სასერვერო ინფრასტრუქტურა განახლდა. განხორციელდა საარჩევნო ადმინისტრაციის სათანადო საინფორმაციო ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და ცესკოსა და სწავლების ცენტრის 100 თანამშრომლის კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის მიმართულებით გადამზადება. 2020 წელსვე, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, USAID-ის და IFES-ის მეშვეობით, საქართველოში არჩევნების (I და II ტური) ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის საარჩევნო ადმინისტრაციას 4 500 000 ცალი პირბადე, 48 976 ცალი სახის დამცავი ფარი, 88 310 წყვილი ლატექსის ხელთათმანი და 20 042 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. მსგავსი ტიპის დახმარება გამოიყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც. იმავე პროექტის ფარგლებში, IFES-ის და USAID-ის მხარდაჭერით, 2021 წელს, ცესკოში შეიქმნა ინფორმაციის დაცულობის ცენტრი, რომლის მიზანია „დაიცვას ამომრჩეველი არჩევნებთან და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაციისგან“ და რომელიც საინფორმაციო სივრცის შესახებ ანგარიშებს დღემდე აქვეყნებს.
ცესკო 2024 წლის განმავლობაში IFES-ის მხარდაჭერით შშმ პირებთან, ახალგაზრდებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან მედიის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან და სხვა პროფესიულ ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავდა. IFES-ის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. სკოლაში სწავლება 3000-მდე ახალგაზრდამ გაიარა. IFES-ის მხარდაჭერით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცესკოს სწავლების ცენტრმა ტრენერთა კორპუსის გადამზადების მასშტაბური პროექტი განახორციელა. გადამზადებულმა ტრენერებმა შემდგომ 73 საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გადაამზადეს, ჯამში 3030 ადამიანი. IFES-ის მხარდაჭერით იმართებოდა ასევე ცესკოს მიერ ორგანიზებული შიდა და არჩევნებში ჩართულ სხვა მხარეებთან გამართული სამუშაო შეხვედრები, რომლებიც, მათ შორის, ეხებოდა ცესკოს სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ეთიკის კოდექსზე ხელმოწერას, არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის პრეზენტაციას და სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხს.
USAID-ის პროექტის ფარგლებში, IFES ასევე აორგანიზებდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის გასვლით შეხვედრებს, რომელშიც ხელისუფლებისა და მმართველ გუნდის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მსგავსი შეხვედრები 2019-2021 წლებში რამდენჯერმე გაიმართა (1, 2, 3, 4). „ქართული ოცნების“, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ცესკოს წარმომადგენლები ასევე ესწრებოდნენ IFES-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებს საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ (1, 2).
ცესკოსა და საქართველოს პარლამენტის გარდა, IFES-მა დახმარება გაუწია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სასამართლოების ადმინისტრაციული პალატის მოსამართლეებს, პროფესიული უნარების სააგენტოს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს.
თავის მხრივ, IRI, კონსორციუმის ფარგლებში, პოლიტიკური პარტიების გაძლიერებაზე, პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობასა და საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის მხარდაჭერაზე მუშაობდა. USAID-ის მხარდაჭერით, IRI-მ საქართველოში 2020 და 2024 წლის საპარლამენტო, ასევე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს უხელმძღვანელა, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნების დღის მრავალმხრივ დაკვირვებას ახორციელებდნენ და შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებდნენ. 2019-2023 წლებში IRI-მ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის შვიდი სხვადასხვა კვლევა, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეების საჭიროებების და პრიორიტეტების იდენტიფიცირება ხდებოდა და საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური განწყობები იზომებოდა.
კვლევებზე დაყრდნობით და ექსპერტების დაქირავებით, IRI ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის გასვლით სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს აორგანიზებდა. ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, IRI-მ მსგავსი ღონისძიებები გამართა „ქართული ოცნებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, „ევროპული საქართველოსთვის“, „ლელოსთვის“, „გირჩისთვის“, „ლეიბორისტული პარტიისთვის“ და სხვა. 2021 წელს, IRI-მ ასევე მხარი დაუჭირა 10 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატ ქალებს და პარტია „სამართლიანობისთვის“ ქალთა ორგანიზაციის ჩამოყალიბებას.
2020 წლის არჩევნების წინ IRI-მ პოლიტიკური პარტიებისთვის ასევე შექმნა ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის გაეცნოთ საკუთარი ხედვები ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის, განათლების, საგარეო ურთიერთობების, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების, გარემოს დაცვის საკითხების, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ. თავის მხრივ, ამომრჩევლებისთვის შეიქმნა საარჩევნო კომპასი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ნახონ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან არიან იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს, რაც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. IRI-მ ასევე განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წევრებს შორის სატელევიზიო დებატები იმართებოდა.
თავის მხრივ, USAID-ის მიერ დაფინანსებული კონსორციუმის ფარგლებში, 2020 და 2024 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაც აკვირდებოდა. USAID-ის პროგრამის ფარგლებში, NDI გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულსა და ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს უჭერდა მხარს. ერთი მხრივ, NDI ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენაში, ამ საკითხების გარშემო სამუშაო ჯგუფების შექმნასა და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვაში ეხმარებოდა. მეორე მხრივ, NDI მერიებს, საკრებულოს ფრაქციებისა და გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში უჭერდა მხარს. NDI ასევე ხელს უწყობდა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ბიუჯეტის შესახებ მრავალმხრივ და ინკლუზიურ დისკუსიებს. NDI-ის დახმარებით შემუშავდა ბიუჯეტის გზამკვლევი, რომელიც გამიზნული იყო, რათა ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩეულ თანამდებობის პირებს საბიუჯეტო მოვალეობების უკეთ შესრულება შესძლებოდათ.
კოვიდ-19 პანდემიის დროს, NDI-მ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ზუგდიდში, თელავში, ოზურგეთსა და მარნეულში, მოწვეულ ექსპერტთან ერთად, პანდემიის დროს ეფექტური კომუნიკაციის რეკომენდაციების დოკუმენტი შეიმუშავა. 2021 წელს, NDI-ს მხარდაჭერით, ზუგდიდისა და თელავის მუნიციპალიტეტებში კრიზისების მართვის დოკუმენტი დამტკიცდა, ხოლო საკრებულოების გენდერული თანასწორობის საბჭოებს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებაში ეწეოდათ დახმარება.
NDI მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „სალამს“ ეთნიკური აზერბაიჯანელების პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში ჩართვაში და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებაში ეხმარებოდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, იგივე მიზნით, NDI მხარს უჭერდა ასოციაცია „დეას“, რომელიც ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ჩართვას ადვოკატირებდა. NDI-ს მხარდაჭერით, მსგავსი აქტივობები განხორციელდა თელავში, ნინოწმინდაში, ოზურგეთში, მარნეულსა და ზუგდიდში.
ამდენად, მტკიცება, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი 41,7 მილიონი აშშ დოლარი „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოიყო“, ასევე მითითება, რომ აღნიშნული თანხა „რევოლუციური სცენარისთვის“ დაიხარჯა, ტყუილია. პირველ რიგში, გია ვოლსკის პოსტში მოცემული ორი პროგრამა არა 2024 წლისთვის, არამედ 2018-2025 წლების პერიოდისთვის გამოიყო. ამავდროულად, რეგიონული საარჩევნო ადმინისტრაციების და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების პროგრამა (REAPPS) რეგიონულ პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ბალკანეთის, ცენტრალური ევროპის, ბალტიისპირეთის და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს მოიცავს და მხოლოდ საქართველოში არ ხორციელდებოდა. რაც შეეხება „რევოლუციური სცენარის“ დაფინანსებას, ღია წყაროებიდან ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ გია ვოლსკის პოსტში მოცემული პროგრამებით საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, საზოგადოებრივი აზრის კვლევები, ცესკოს, საქართველოს პარლამენტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის, ასევე საარჩევნო რეფორმის მხარდამჭერი აქტივობები ფინანსდებოდა, რომელთა ბენეფიციარები, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტები, ადგილობრივი თვითმმართველობები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც იყვნენ. ამავდროულად, პროგრამა მოიაზრებდა პოლიტიკურ პროცესში ეთნიკური უმცირესობების, შშმ პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ჩართვის მიზნით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებას და რაც მთავარია - პროგრამის ოფიციალურ წარდგენას 2019 წელს ესწრებოდა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ამ ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა აშშ-ს მთავრობასა და ხალხს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გია ვოლსკის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.