ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია [ადგილი „ოცნების ქალაქში“, სადაც ორი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩაცვივდა და დაიღუპა]

ჯაბა ფუტკარაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მეორე ეტაპის სამშენებლო არეალი, ეს არის მოშორებით, სადაც მშენებლობაა, სადაც უშუალოდ მეორე ეტაპის სამუშაოები უნდა განხორციელდეს... კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია... გარდა სამშენებლო ტერიტორიისა, ჩვენ აგრეთვე გვქონდა რიგი მოქალაქეების, რომლებიც „ოცნების ქალაქის“ სხვადასხვა ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ამ შენობა-ნაგებობებში და მოხდა ამ კატეგორიის მოქალაქეების განთავსება პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ და მოხდა იმ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი“.

„ოცნების ქალაქის“ იმ ტერიტორიაზე, სადაც ორი არასრულწლოვანი ტრაგიკულად დაიღუპა, სამშენებლო კომპანიამ ქოხების დემონტაჟი განახორციელა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სამშენებლო უსაფრთხოების წესები და სტანდარტები არა მხოლოდ - უშუალოდ სამშენებლო მოედნებზე, არამედ შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო ტერიტორიაზეც ვრცელდება.

კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება გულისხმობს ტერიტორიაზე უნებლიე მოხვედრის თანმდევი შედეგების პრევენციას. ვალდებულებები - საძირკველში წყლის დაგროვების ან საძირკვლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების მიღებას, უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირის დანიშვნას, დასახლებულ ადგილებსა და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ არსებული ტერიტორიების შემოღობვას და ა.შ. მოიცავს.

მაშასადამე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშენებლობის მეორე ეტაპით გათვალისწინებული ცხრა ახალი კორპუსი კონკრეტულად ტრაგედიის ადგილზე არ შენდება, „ქართული ოცნების“ მინისტრის განცხადების კონტექსტი, რომ სადემონტაჟო ტერიტორიის შემოღობვა და უსაფრთხოების სხვა ზომების გამოყენება აუცილებელი არაა, სიმართლეს არ შეესაბამება. სამართლებრივად, დემონტაჟის ადგილიც ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც სამშენებლო ტერიტორია.

ანალიზი:

2025 წლის 15 თებერვალს ბათუმში, ე. წ. „ოცნების ქალაქში“, ორი ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები დღის საათებში დაიკარგნენ, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ისინი ერთ-ერთის ბაბუამ წყლით სავსე თხრილში იპოვა. ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ტრაგედიის ადგილზე ადგილობრივი მედია მოკლე დროში მივიდა. ონლაინმედიების - „ბათუმელებისა“ და „აჭარა თაიმსის“ - პირდაპირი ეთერებით მარტივად შესაძლებელია იმის დადგენა, რომ თავდაპირველად ადგილობრივი მოსახლეობა ჟურნალისტებთან ღიად აფიქსირებს ხელისუფლებისადმი საკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებას და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც დასახლებაში წლების განმავლობაში არსებობდა და რასაც, მშენებლობის პირველ და მეორე ეტაპებთან დაკავშირებით, ახალი საფრთხეებიც დაემატა.

მალევე „ოცნების ქალაქში“ გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები. ერთ-ერთმა მოქალაქემ „ოცნების“ მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს ჰკითხა, რატომ არ იყო შემოღობილი ტერიტორია, რომელზეც კომპანიამ სამუშაოები დაიწყო. ამავე კითხვებით მას ჟურნალისტებმაც მიმართეს. ფუტკარაძემ, უსაფრთხოების შესახებ დასმული კითხვის პასუხად, განაცხადა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მეორე ეტაპის სამშენებლო არეალი, ეს არის მოშორებით, სადაც მშენებლობაა, სადაც უშუალოდ მეორე ეტაპის სამუშაოები უნდა განხორციელდეს... კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია... გარდა სამშენებლო ტერიტორიისა, ჩვენ აგრეთვე გვქონდა რიგი მოქალაქეების, რომლებიც „ოცნების ქალაქის“ სხვადასხვა ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ამ შენობა-ნაგებობებში და მოხდა ამ კატეგორიის მოქალაქეების განთავსება პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ და მოხდა იმ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი“. ამ განცხადების კონტექსტი გულისხმობს, რომ დემონტაჟის დროს უსაფრთხოების წესების დაცვა, მათ შორის, ტერიტორიის შემოღობვა, აუცილებელი მოთხოვნა არაა.

„ფაქტ-მეტრმა“ საფუძვლიანად შეისწავლა ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს არეგულირებს. სანამ გაგაცნობთ, რას გვეუბნება ეს დოკუმენტები, მანამდე მოკლედ შევეხებით „ოცნების ქალაქში“ დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს.

„ოცნების ქალაქში“ სამი მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დასრულდა და იმ ტერიტორიაზე თვითნებურად დასახლებულ ოჯახებს, რომლებიც გაუსაძლის პირობებში 2012 წლიდან ცხოვრობენ, ახალი საცხოვრებელი გადაეცა. მშენებლობის პირველი ეტაპი გათვლილი იყო 582 ოჯახზე.

მშენებლობის მეორე ეტაპი ითვალისწინებს ცხრა მრავალბინიანი სახლის მშენებლობას, თავისი ინფრასტრუქტურით. ხელშეკრულება შპს „ანაგთან“ 2025 წლის 5 თებერვალს გაფორმდა. პროექტის ღირებულება 129 346 880 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2028 წლის 5 თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ახალ საცხოვრებელს კიდევ 1 077 ოჯახი მიიღებს. სატენდერო დოკუმენტაციაში არის მშენებლობის ორგანიზების პროექტი, რომელშიც მითითებულია, რომ სამშენებლო სამუშაოები იყოფა ორ რიგად. პირველი მოიცავს მოსამზადებელ, ხოლო მეორე - ძირითად სამშენებლო სამუშაოებს. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამუშაოების მოედნის ორგანიზაციის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება. ამ დადგენილების თავი II-ში ჩამოთვლილია მშენებლობის სახეები, რომელთა შორის არის სწორედ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი (დაშლა/დანგრევა). საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების ქვეთავი 2003-ის თანახმად კი, ფეხით მოსიარულეთა დასაცავად აუცილებელი დამცავი საშუალებების მოწყობამდე, შენობის დაშლა არ უნდა დაიწყოს, ხოლო მიწის ნაკვეთზე ან მომიჯნავე საკუთრებაზე არსებულ საძირკველში წყლის დაგროვების ან საძირკვლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.

ტერიტორია, რომელზეც ვსაუბრობთ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილებაა (ამის შესახებ ფუტკარაძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა). პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ობიექტის მფლობელის მოვალეობაა, განსაზღვროს ობიექტის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირი და განახორციელოს ღონისძიებები ავარიის/უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით. ამას ემატება საქართველოს მთავრობის №361 დადგენილება მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, რომლის მუხლი 2 განსაზღვრავს სამშენებლო მოედნის ორგანიზების წესებს. კერძოდ, სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იყოს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა. შემოღობვა, ხალხის მოძრაობის ადგილებში, გადახურული უნდა იყოს და უზრუნველყოს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება. ასევე აღჭურვილი უნდა იყოს სასიგნალო ნათურებით, ან მოეწყოს ისეთი მასალით, რომლიც სიბნელეში აღიქმება. ამავე წესით უნდა შემოიღობოს და მოეწყოს სადემონტაჟო შენობა-ნაგებობების ტერიტორია.

„ქართული ოცნების“ მინისტრის განცხადება, რომ ტრაგედიის ადგილი სამშენებლო ტერიტორია არაა, ემსახურებოდა ერთ კონკრეტულ მიზანს: თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა. მისი განცხადების კონტექსტით, სადემონტაჟო ტერიტორიის შემოღობვა და უსაფრთხოების სხვა ზომების გამოყენება აუცილებელი არაა. თუმცა, როგორც განვიხილეთ, სამართლებრივად, დემონტაჟის ადგილიც ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც სამშენებლო ტერიტორია, რათა იქ უნებლიედ არც ერთი პირი არ მოხვდეს.

ასევე გაუმართლებელია, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაურბიან. ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს აქვს სიცოცხლის ხელშეუვალი უფლება და რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მცხოვრები ბავშვები და ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. ამ კონვენციას საქართველო 1994 წელს შეუერთდა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით, რამდენიმე კანონი მიიღო, ან შეცვალა. თუმცა გაუმართავი ინფრასტრუქტურის ან უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიზეზით, არაერთი ბავშვი დაიღუპა. ასევე „ოცნების ქალაქში“ და არა მხოლოდ, დარღვეულია კონვენციის მოთხოვნა, რომ ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას უწყობს ხელს.

ინფორმაციისთვის:

„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

რაც შეეხება „ოცნების ქალაქს“, ის ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, 2012 წლიდან არსებობს. ეკომიგრანტმა და სხვა პრობლემების მქონე ოჯახებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნდათ, შერჩეულ ტერიტორიაზე მასობრივად დაიწყეს დასახლება. თავიდან იქ მუყაოს ქოხები გააკეთეს, მომდევნო წლებში კი თანდათან გაჩნდა ხის და უფრო გვიან, ქვის საცხოვრებელი ქოხები. ამის შესახებ უფრო დეტალურად „ფაქტ-მეტრის“ სტატიიდან გაიგებთ.

ფოტო: BATUMELEBI - NETGAZETI