ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი 9.7%-ია

ირაკლი კობახიძე: ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი 9.7%-ია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2021 წელს მშპ-ის ზრდის ტემპმა 10.6%-ს მიაღწია, 2022 წელს - 11%-ს და 2023 წელს - 7.8%-ს. წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკა დამატებით 9.5%-ით გაიზარდა, შესაბამისად, 2021-2023 წლებში საშუალო წლიურმა ზრდამ 9.8% და 2021-2024 წლებში 9.7% შეადგინა.

მშრალი სტატისტიკური მონაცემების გარდა, საინტერესოა მიზეზებიც. 2020 წელს პანდემიის დროს გამოცხადებული კოვიდრეგულაციების შედეგად ეკონომიკა მკვეთრად - 6.3%-ით შემცირდა. 2021 წელის ზრდის უმთავრესი მიზეზი კი ბიზნესსუბიექტებისთვის საქმიანობის განახლების უფლების მიცემა გახდა. საგულისხმოა, რომ იმავე მიზეზით, საქართველოს მსგავსად მსოფლიოს უმეტეს სახელმწიფოშიც, 2020 წელს დიდი ვარდნა და 2021 წელს მაღალი ზრდა დაფიქსირდა.

რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე წელს, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა გახუთმაგდა და 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 2023-2024 წლებში რუსეთიდან გზავნილები შემცირდა, თუმცა ასევე ხუთჯერ და უფრო მეტად გაიზარდა მთლიანი ავტოექსპორტი. ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავი შუა აზიის ქვეყნებში აღმოჩნდა. მხოლოდ ყაზახეთში 2024 წელს, 2021 წელთან შედარებით, ავტოექსპორტი 3100%-ით და ყირგიზეთში 6600%-ით გაიზარდა.

დამატებითი განმარტების გარეშე, მხოლოდ რიცხვების დასახელებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების შედეგია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 2023-2024 წლებში (2024 წლის შემთხვევაში, პირველ სამ კვარტალში) ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა და 2024 წლის ადგილობრივი ექსპორტი 2021 წლის მაჩვენებელს ვერ დაეწია.

გასულ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ საქართველოს არ ჰქონია. 2022 წელს სომხეთის ეკონომიკა 12.6%-ითა და 2023 წელს 8.3%-ით გაიზარდა. ყირგიზეთის, შესაბამისად - 9%-ითა და 6%-ით, ტაჯიკეთის - 8%-ითა და 8.3%-ით. წინასწარი მონაცემებით, ამ ქვეყნებში ზრდის ტემპი 6% ან მეტი იყო 2024 წელსაც. ყველა ამ ქვეყნის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მაღალია. აღნიშნულ გარემოებას ვერდიქტზე დამატებითი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა მონაცემები ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი და შედეგად საერთაშორისო ვაჭრობაში შესული ცვლილებები გახდა.

სწორად დასახელებული რიცხვებისა და მოქმედი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა: „ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვან, 9.7%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია საშუალოდ“.

პანდემიის შემდეგ ზედიზედ ორჯერ საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ზრდის ტემპმა 2021 წელს 10.6%-ს, ხოლო 2022 წელს 11%-ს მიაღწია. საშუალოზე მაღალი ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა, კერძოდ, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.8%-თ და 2024 წელს წინასწარი მონაცემებით 9.5%-ით გაიზარდა. გასაშუალოების შემთხვევაში, 2021-2023 წლებში 9.8%-იან და 2021-2024 წლებში 9.7%-იან ზრდებს მივიღებთ.

გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი საქართველოში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021-2022 წლების სტატისტიკურ მაჩვენებლებს თავისი ახსნა გააჩნია. 1995 წლიდან დღემდე საქართველოში ეკონომიკა სულ ორჯერ გავიდა მინუსში: პირველად 2009 წელს 3.7%-ით და შემდეგ 2020 წელს 6.3%-ით. ამასთან პანდემიის დროინდელი ვარდნა ეკონომიკური საფუძვლებით არ ყოფილა გამოწვეული და კოვიდრეგულაციებს უკავშირდებოდა. რეგულაციების მოხსნისა და შეჩერებული ბიზნესსაქმიანობების განახლების შემდეგ, რეცესიის ფონზე მაღალი ზრდა აღინიშნა. 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს ეკონომიკა მხოლოდ 3.6%-ით იყო გაზრდილი. 2024 წელს, 2020 წელთან შედარებით, ჯამურმა ზრდის ტემპმა 45% და 2019 წელთან შედარებით 36% შეადგინა.

საქართველოს მსგავსად მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდ ნაწილში 2020 წელს დიდი ვარდნა და 2021 წელს მაღალი ზრდა დაფიქსირდა, ზოგ შემთხვევაში ვარდნამაც და ზრდამაც ათწლეულების რეკორდი მოხსნა. გლობალურად, მსოფლიო ბანკის ცნობით, 2020 წელს პლანეტარული მასშტაბით ეკონომიკა 2.9%-ით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა ბოლო 64 წელიწადში (მონაცემები 1961 წლიდან იძებნება), 2021 წელს დაფიქსირებულ 6.4%-იანზე მაღალი 6.6%-იანი ზრდა კი მხოლოდ ერთხელ, 1964 წელს დაფიქსირდა.

2022 წელს ზრდაზე საგრძნობი გავლენა რუსეთ-უკრაინის ომმა იქონია. მხოლოდ ფულადი გზავნილები რუსეთიდან 400%-ით გაიზარდა და 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

გრაფიკი 2: ფულადი გზავნილები რუსეთიდან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

გავლენები მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. მართალია, რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა, თუმცა მსუბუქი ავტომობილების მთლიანი რეექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს საქართველომ ავტოექსპორტი 430%-ით გაზარდა, მათ შორის ყაზახეთში 3100%-ით და ყირგიზეთში 6600%-ით.

შუა აზიის ქვეყნებში ავტოექსპორტის ასტრონომიული ზრდა ომის გავლენის შედეგებს ადასტურებს და არა სანქციების დარღვევის ფაქტს. სანქციების გამკაცრების შემდეგ საქართველომ რუსეთში პირდაპირი ავტოექსპორტი პრაქტიკულად გაანულა, 2024 წელს რუსეთში მხოლოდ 8 ერთეული ავტომობილი გაიყიდა - 620-ჯერ ნაკლები 2023 წელთან შედარებით. სანქციები მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსზე მოქმედებს და თუ რომელიმე ქვეყანა, ამ შემთხვევაში ყირგიზეთი საქართველოდან შეტანილ ავტომობილებს რუსეთში ყიდის, სანქციების დამრღვევი ყირგიზეთი ხდება და არა საქართველო. „ფაქტ-მეტრი“ პირდაპირ ვერ იტყვის, გადის, თუ - არა საქართველოდან შესული ავტომობილები რუსეთში, მაგრამ თავისთავად ფაქტი, რომ საქართველოზე ღარიბ ქვეყანაში ერთი ავტომობილის საშუალო საექსპორტო ღირებულება 34 565 დოლარს შეადგენს, საკმარისზე მეტ კითხვას აჩენს. დამატებით არგუმენტად შეიძლება ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციაც დასახელდეს, რომლის მიხედვითაც, 11 თვეში ყირგიზეთმა საქართველოსგან მხოლოდ 61 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილი შეიძინა, რაც იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ყირგიზეთში დაფიქსირებულ ექსპორტზე 17.6-ჯერ ნაკლებია.

გრაფიკი 3: ავტოექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ფულადი გზავნილებისა და ავტოექსპორტის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის ძირითად შედეგებს წარმოადგენს, თუმცა მან ასევე გავლენა უძრავი ქონების ბაზარსა და ტურიზმზეც იქონია. ძნელი და თითქმის შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რამდენი პროცენტული პუნქტით დააჩქარა ეკონომიკური ზრდა ამ გავლენებმა და პოსტპანდემიურ პერიოდში დახურული ბიზნესების ხელახლა გახსნამ, თუმცა რომ იმოქმედა, ეს ფაქტია.

პანდემიის შემდგომ რაიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმა არ გატარებულა. 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15%-ით და 2024 წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დამატებით 40%-ით შემცირდა. 2024 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა 2023 წლის მაჩვენებელს მცირედით გადააჭარბა, თუმცა 2021-2022 წლების ნიშნულს ვერ დაეწია. 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 3%-ით იყო გაზრდილი, მათ შორის სახელმწიფო სექტორში 7%-ითა და არასახელმწიფო სექტორში მხოლოდ 1.8%-ით.

სწორად დასახელებული რიცხვებისა და მოქმედი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.