51 845 დევნილი ოჯახი კვლავ საცხოვრებლის მოლოდინშია, ასეულობით დევნილი ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს

ლანა გალდავა: 51 845 დევნილი ოჯახი კვლავ საცხოვრებლის მოლოდინშია, ასეულობით დევნილი ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლანა გალდავას განცხადება არის სიმართლე.

დევნილებს საცხოვრებელი ფართი ახლად აშენებულ კორპუსებში ან „სოფლად სახლის პროგრამის“ ფარგლებში - სოფლად გადაეცემათ, ასევე, სურვილის შემთხვევაში, იმ საცხოვრებელი ფართის დაკანონება ხდება, რომლითაც ისინი დროებით სარგებლობდნენ.
სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში 95 308 დევნილი ოჯახი იყო, რაც რაოდენობრივად 295 872 იძულებით გადაადგილებულ პირს შეადგენდა. საცხოვრებელი ფართით დევნილთა 54 862 ოჯახი იყო დაკმაყოფილებული, საცხოვრებლის მოლოდინში კიდევ 51 845 ოჯახი იმყოფებოდა (შესაძლებელია ერთსა და იმავე ოჯახს განსახლების სხვადასხვა პროგრამაზე ჰქონდეს შეტანილი განაცხადი. აღნიშნული რიცხვი არის საცხოვრებლის მოთხოვნაზე არსებული განცხადებების ჯამი, ამით არის განპირობებული ცდომილება დევნილთა ოჯახების ჯამურ რაოდენობასა და საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ და დაუკმაყოფილებელ ოჯახების ჯამურ რაოდენობას შორის).
სახალხო დამცველის ანგარიში სხვა პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორისაა „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტილების პროცესის გაჭიანურება, გრძელვადიანი განსახლების პროცესში გამოვლენილი დარღვევები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ჯერ კიდევ მცხოვრები დევნილები და სხვა.
განხილული მასალიდან გამომდინარე, ლანა გალდავას მიერ დასახელებული სტატისტიკური მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, ასევე სიმართლეა კონტექსტი, რომ ბინების გადანაწილების პროცესში გარკვეული ხარვეზები ფიქსირდება, რაც სახალხო დამცველის ანგარიშითაც დასტურდება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ლანა გალდავას განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

ანალიზი

„ძლიერი საქართველოს“ წევრი ლანა გალდავა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან რამდენიმე ხნის წინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა, რა დროსაც აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა თავი დაიწვა. მისი განცხადებით, „კიდევ ერთხელ უთხრა „ქართულმა ოცნებამ“ უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე და თვითმკვლელობამდე მიიყვანა“.

ლანა გალდავამ დევნილთა საბინაო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ ფაქტები არის შემზარავი, მაშინ, როდესაც ქვეყანა იძირება კორუფციის ჭაობში, 51 845 ოჯახი კვლავ საცხოვრებლის მოლოდინშია და ასეულობით დევნილი კვლავ ცხოვრობს დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში“.

27 იანვარს, ოჩამჩირიდან დევნილმა, 44 წლის ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოსთან პროტესტის ნიშნად ცეცხლი წაიკიდა. აღნიშნულის გამო, მან სხეულის 65%-ის დამწვრობა მიიღო, 5 დღე იცოცხლა და პირველ თებერვალს კლინიკაში გარდაიცვალა.

ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კვეკვესკირების ოთხსულიანი ოჯახი 12 წლის განმავლობაში თემქის გამგეობის ყოფილ შენობაში 18 კვ2-იან ოთახში ცხოვრობდა. ოთახის მცირე ფართის გამო ოჯახმა მიცვალებული ნათესავების ბინიდან გაასვენა.

ზამირ კვეკვესკირს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე სააგენტოში განაცხადი შეტანილი ჰქონდა, თუმცა ბინით დაკმაყოფილებული არ იყო.

სამწუხაროდ, ზამირ კვეკვესკირი პირველი დევნილი არ არის, რომელმაც პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართა: 2010 წელს, დევნილთა სამინისტროს წინ აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ თავი დაიწვა და გარდაიცვალა, 2012 წელს დევნილმა ვახტანგ ჭანტურიამ სამინისტროს წინ ბენზინი გადაისხა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, 2014 წელს ფოთში, დევნილმა დალი აბურჯანიამ სცადა თავის დაწვა, 2022 წელს დევნილი ზურაბ ქირია, იმ შენობის სახურავიდან გადმოხტა, სადაც ცხოვრობდა და გარდაიცვალა.

დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტო განსაზღვრავს. მათივე ვებგვერდის მიხედვით, სააგენტოს საქმიანობის მთავარ პრიორიტეტს დევნილთა განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებულ განაცხადს შესაბამისი ქულა ენიჭება. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს.

2024 წლის მონაცემით, დევნილთა ბაზაში სულ 96 130 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული, რაც რაოდენობრივად 299 172 იძულებით გადაადგილებული პირია.

2023 წელს, დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და ბორჯომში დაიწყო.

2023 წლის სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 95 308 დევნილი ოჯახი იყო, რაც რაოდენობრივად 295 872 იძულებით გადაადგილებულ პირს შეადგენდა. საცხოვრებელი ფართით დევნილთა 54 862 ოჯახი იყო დაკმაყოფილებული. საცხოვრებლის მოლოდინში კი კიდევ 51 845 ოჯახი იმყოფებოდა (შესაძლებელია ერთსა და იმავე ოჯახს განსახლების სხვადასხვა პროგრამაზე ჰქონდეს შეტანილი განაცხადი. აღნიშნული რიცხვი არის საცხოვრებლის მოთხოვნაზე არსებული განცხადებების ჯამი, ამით არის განპირობებული ცდომილება დევნილთა ოჯახების ჯამურ რაოდენობასა და საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ და დაუკმაყოფილებელ ოჯახების ჯამურ რაოდენობას შორის). ლანა გალდავა განცხადებაში, სავარაუდოდ, ამ მონაცემებს ეყრდნობა (2024 წლის განახლებული მონაცემები ჯერ გასაჯაროებული არ არის).

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ბოლო მონაცემით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ 29 ობიექტში, 506 ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობდა. განცხადების ეს ნაწილიც სიმართლეს შეესაბამება.

2023 წელს სახალხო დამცველმა დევნილთა 60 განცხადება შეისწავლა, რომელიც მათ გრძელვადიანი განსახლების პროცესში შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტებს შეეხებოდა. 9 შემთხვევაში სახალხო დამცველმა მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა და გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი გარემოებების გაუთვალისწინებლობა გამოავლინა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გამოწვევად რჩება „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რაც პროცესებს წლობით აჭიანურებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის ბოლომდე სახელმწიფო, პრემიერის დაპირებით, 13 000 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას გეგმავს. 6 000-მა ოჯახმა საცხოვრებელი „სოფლად სახლის“ ფარგლებში უნდა მიიღოს, ხოლო 7 000-მა - ახლად აშენებულ კორპუსში. ჩვენ პრემიერის დაპირება გავაანალიზეთ და არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, ვერ შესრულდება (დაწვრილებით იხ. სტატია).

განხილული მასალიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლანა გალდავას განცხადება არის სიმართლე.