ლევან მახაშვილი: ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს პროგრესია ასახული
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან მახაშვილის განცხადება არის მცდარი.
ანალიზი:
2024 წლის 22 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში, საქართველოს თემაზე გამართულ დებატებს გამოეხმაურა. მან ევროპარლამენტარებს მეტი ინფორმირებულობისკენ მოუწოდა. „თუ ვინმეს რეალურად აქვს სურვილი, რომ საქმეში გაერკვეს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სწორი წარმოდგენა ჰქონდეს, შეუძლია, ... ჩახედოს ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა და ნახოს, სად არის საქართველო თითოეული მიმართულებით, რაც ეხება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას“ - განაცხადა მახაშვილმა.
„ფაქტ-მეტრმა“ ლევან მახაშვილის განცხადება გადაამოწმა.
2024 წლის 30 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების პაკეტი, რომელიც ევროპული საბჭოს მიმართ კომუნიკაციისა და კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, შეფასების ანგარიშებისგან შედგება.
გაფართოების ანგარიში მოიცავს საკითხებს, რომელთა მიხედვითაც, უნდა შეფასდეს სახელმწიფოს მზაობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ანგარიში ზემოაღნიშნულ საკითხებს კლასტერებად ყოფს. I კლასტერი არის გაწევრიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ საკითხებს წარმოადგენს. იგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ფუნქციონირებადი დემოკრატია და საჯარო მმართველობის რეფორმა, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები, ეკონომიკური კრიტერიუმები, საჯარო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი. კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების საკითხი თავის თავში ორ საკითხს მოიაზრებს: 1) სასამართლო და ფუნდამენტური უფლებები; 2) სამართლიანობა, თავისუფლება და უსაფრთხოება. სასამართლო და ფუნდამენტური უფლებები კი მოიცავს სასამართლოს გამართულად ფუნქციონირების, კორუფციასთან ბრძოლისა და ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების საკითხებს. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბოლო საანგარიშო წლის განმავლობაში სასამართლოსა და ფუნდამენტური უფლებების კუთხით უკუსვლა დაფიქსირდა.
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ასევე მოცემულია შეფასებები ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო სხვა კრიტერიუმების (თავების) და მათი დაჯგუფების შედეგად მიღებული თემატური კლასტერების მიხედვით. ამ მხრივ საქართველოს მზაობის დონე ზოგ ნაწილში აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მზაობის დონეს, თუმცა არა ყველა ნაწილში, ისევე როგორც განსხვავებულია პროგრესის დონე სხვადასხვა ნაწილის მიხედვით (სულ ასეთი 35 თავია). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის შეფასების სკალა შემდეგ კრიტერიუმებს მოიცავს: ძალიან კარგი პროგრესი (very good progress), კარგი პროგრესი (good progress), გარკვეული პროგრესი (some progress), შეზღუდული პროგრესი (limited progress), პროგრესის არარსებობა (no progress) და უკუსვლა (backsliding). საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის თანახმად, კარგი პროგრესი არც ერთ თავში დაფიქსირებული არ არის. შეფასებები, რომლებსაც ევროკომისია საქართველოს მიმართ იყენებს, არის მხოლოდ „შეზღუდული პროგრესი“ და „გარკვეული პროგრესი“.
გაფართოების ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულ კომუნიკაციაში პირდაპირ ხაზგასმულია, რომ „სანამ საქართველო არ შეატრიალებს ამჟამინდელი მოქმედებების კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროინტეგრაციის პროცესს, და არ აჩვენებს რეალურ ძალისხმევას საკვანძო რეფორმების განხორციელებისა და არსებული წუხილების აღმოფხვრის მიმართულებით, კომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების განხსნის თაობაზე რეკომენდაციის გაცემას ვერ შეძლებს”.
ევროკომისიის კომუნიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესი განიცადა. მეტიც, დოკუმენტის თანახმად, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, უპირველესად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამ, ასევე ოფიციალური პირების მხრიდან ანტი-ევროპული რიტორიკის გაძლიერებამ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკომისიამ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაცია არ გაუწია.
ლევან მახაშვილი განცხადებას იმგვარად აკეთებს, თითქოს ევროპარლამენტარებმა არ იციან, თუ რა პროგრესი განიცადა საქართველომ ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მოუწოდებს, გაეცნონ ევროკომისიის 2024 წლის გაფართოების ანგარიშს. მსგავსი მოწოდებით მახაშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თითქოს ევროკავშირის 2024 წლის გაფართოების ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც სინამდვილეში, ანგარიშით არათუ დასტურდება, არამედ პირიქით, ანგარიში და თანმდევი კომუნიკაცია საქართველოს პროგრესს მთელ რიგ საკითხებში უარყოფითად აფასებს.
(საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დამატებით იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.)
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ლევან მახაშვილის განცხადებას, სადაც ის ცდილობს, ევროკავშირის 2024 წლის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შეფასება დადებითად წარმოაჩინოს, აფასებს ვერდიქტით მცდარი.