კახა კალაძე: ყველაზე მთავარი, ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში მისულიყვნენ და გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. ეს დასკვნის სახით დადო ეუთო/ოდირმა
ვერდიქტი: ტყუილი
ანალიზი
2024 წლის 24 დეკემბერს კახა კალაძემ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხალხს „ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში მისულიყვნენ და გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი“. მისივე თქმით, აღნიშნული „დასკვნის სახით დადო ეუთო/ოდირმა“.
„ფაქტ-მეტრმა“ კახა კალაძის განცხადება გადაამოწმა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირმა) სადამკვირვებლო მისიამ საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია, ზოგადად, დადებითად აფასებს არჩევნების კონკურენტულ გარემოს და ტექნიკურ ადმინისტრირებას, მაგრამ ის ვრცლად საუბრობს ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა, მათ შორის, ხმის ფარულობის ხშირი კომპრომეტირება და რამდენიმე პროცედურული ხარვეზი, ასევე, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა და დაშინება, რაც საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად აისახა.
ანგარიშის შეჯამებაში ხაზგასმულია, რომ „კანდიდატებს ზოგადად შესაძლებლობა ჰქონდათ, წინასაარჩევნო კამპანიები თავისუფლად ეწარმოებინათ... თუმცა მრავალმა ცნობამ ამომრჩეველთა, განსაკუთრებით კი საჯარო სექტორში დასაქმებულთა და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ განხორციელებული ზეწოლის, დაშინებისა და იძულების შესახებ გაზარდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთ ამომრჩეველს შესაძლოა არჩევანი თავისუფლად ვერ გაეკეთებინა და ხმა შიშის გარეშე მიეცა, რაც ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება“.
საბოლოო ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას არჩევნების დღეს ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევაზე ამახვილებს. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების 24%-ში - საარჩევნო ბიულეტენების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსების, 12%-ში - მონიშვნის წესის და 7%-ში საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო მოწყობის გამო. ამასთან, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად „ქართული ოცნებიდან“, ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ. დამკვირვებლების შეფასებით, ამ ფაქტს დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა, რადგან კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებისა ან კენჭისყრის კაბინების მიმართულებით იყო დამონტაჟებული, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას.
გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, დაკვირვების 10%-ში „საარჩევნო უბნების გარეთ, ხშირად აკრძალულ 100 მეტრამდე რადიუსში, უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ, 7%-ში კი საარჩევნო უბნების შიგნით - პარტიის წარმომადგენლები. მისიის შეფასებით, ამომრჩეველთა დაშინების ამგვარი ფართოდ გავრცელებული აღქმა ეწინააღმდეგება ეუთო-ს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს.
ეუთო/ოდირის ანგარიშში ყურადღება ასევე გამახვილებულია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციაზე, რამაც შეზღუდა არჩევანის თავისუფალი, შურისძიების შიშის გარეშე გაკეთების უფლება და რაც ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთო/ოდირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე, საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ფინანსური სტატუსის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი ინიციატივა წამოიწყო, მათ შორის, შემუშავდა და მიღებულ იქნა კანონი სასჯელმისჯილთა ფართო სპექტრის ამნისტიის შესახებ. ანგარიშში ჩამოთვლილია მთავრობის ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც, ეუთო-ს შეფასებით, ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების ბერკეტს წარმოადგენს. მათ შორის არის კურსდამთავრებულთათვის ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება, პენსიონერთათვის საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების პენსიების გაზრდა, გადასახადების გადამხდელებისთვის 2021 წლამდე გადაუხდელი დავალიანებების ჩამოწერა და კოვიდ-19-ის პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება. საჯარო სექტორში დასაქმებული პირების გარდა, რომელთა რაოდენობა ეუთო/ოდირის 2024 წლის 27 ოქტომბრის წინასწარი ანგარიშის შესაბამისად, დაახლოებით 320,000-ს შეადგენს, საბოლოო ანგარიშში მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებებს პოტენციურად ჯამში 322,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „დაკვირვების 1924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, [ხმის მიცემის] პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის და დაშინების ნიშნების გამო“.
მეტიც, საბოლოო ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოუენ მერფი პირდაპირ აცხადებს, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“. ამავე პრეს-რელიზის თანახმად, „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკანასკნელ პერიოდში დამტკიცებული კანონმდებლობის ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავლენას, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ მიმართულ ნაბიჯებს და ამომრჩევლებზე ზეწოლას უკავშირდებოდა. ამან, არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან ერთად, მოახდინა ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობის კომპრომეტირება, ხმა შურისძიების შიშის გარეშე მიეცა“.
ეუთო/ოდირის აღნიშნული შეფასებები და დასკვნები არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეეძლოთ. პირიქით, ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ადასტურებს, რომ მთელმა რიგმა დარღვევებმა, მათ შორის დაშინებამ და მოსყიდვამ, ხმის ფარულობის ხშირმა კომპრომეტირებამ და საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა აღწერამ, შეზღუდა არჩევანის თავისუფალი, შურისძიების შიშის გარეშე გაკეთების უფლება.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ კახა კალაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.