ირაკლი კობახიძე: წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების
ძალიან კარგი მაჩვენებელი გვქონდა, ეკონომიკა 10 თვეში 10%-ით გაიზარდა, ვარდნის შემდეგ
ლარმა გამყარება დაიწყო
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება
არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: 2024 წლის
იანვარ-ივნისში საქართველოში 768 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა,
რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით ნაკლებია. მეორე კვარტალში დაფიქსირებულმა
10%-იანმა ზრდამ პირველი კვარტლის 70%-იანი ვარდნა ვერ გადაფარა. ირაკლი კობახიძის
ნათქვამიდან იკითხებოდა, რომ თითქოს ინვესტიციები მხოლოდ მესამე კვარტალში შემცირდა,
რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ინვესტიციები პირველ კვარტალშიც შემცირდა, მესამეშიც,
ორი კვარტლის ჯამშიც და სამი კვარტლის ჯამშიც. გამონაკლისს მესამე კი არა მეორე კვარტალი
წარმოადგენდა.
საქსტატის ცნობით,
იანვარ-ოქტომბერში მშპ მართლაც 10%-ით გაიზარდა. შესაბამისად, განცხადების ეს ნაწილი
სიმართლეს შეესაბამება.
რაც შეეხება ლარის
კურსს, განცხადების გაკეთების მომენტში გაუფასურების პიკთან (2.87) შედარებით 5 თეთრით
იყო გამყარებული (2.82), მაგრამ ჯერ კიდე შორს იყო გაუფასურებამდე მაჩვენებელთან.
28 ნოემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.74-ს შეადგენდა.
საერთო ჯამში, „ქართული
ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი სამ პარამეტრს შეეხო, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ეკონომიკური
ზრდის ტემპსა და ლარის კურსს. 10 თვეში მშპ მართლაც გაიზარდა 10%-ით, მაგრამ წლის პირველ
ნახევარში, ისევე როგორც სამი კვარტლის ჯამში, ინვესტიციები შემცირებულია. რაც შეეხება
ლარის კურსს, გაუფასურების შემდეგ ის მცირედით გამყარდა, თუმცა გაუფასურებამდე მაჩვენებელს
არ დაბრუნებია. შესაბამისად „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც
ნახევრად სიმართლე.
ანალიზი: ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ
ეკონომიკურ ზრდის ტემპზე, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ლარის კურსზე განაცხადა
(16:07-დან): „წლის პირველ ნახევარში გვქონდა
ძალიან კარგი მაჩვენებელი, [პირდაპირი უცხოური, ინვესტიციების] მესამე კვარტალი ეს
იყო სექტემბრის ჩათვლით და ჩვენს გადაწყვეტილებასთან [განცხადებასთან, რომ საქართველო
2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს არ დააყენებდა] ამას არანაირი
კავშირი არ ჰქონია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა როდესაც წლის განმავლობაში ერთი კვარტალი
შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე სხვა კვარტალი. მთლიანობაში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი
ეკონომიკური ტენდენციები. პირველი ათი თვის ჭრილში წელს გვაქვს ზუსტად 10%-იანი ეკონომიკური
ზრდა…“ „ლარის კურსიც გაუარესდა, გვქონდა მცირე დევალვაცია, თუმცა როგორც კი დასტაბილურდა
ვითარება, მაშინვე დაიწყო ლარის კურსმაც დასტაბილურება”… „რეალურად ამ დღეების განმავლობაში
უმნიშვნელო ინტერვენციის განხორციელება გახდა საჭირო...“ „ეროვნული ბანკი ახერხებს
რაიმე არსებითი ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას“.
2024
წლის პირველ ნახევარში საქართველოში 768
მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2023 წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 398 მლნ დოლარით - 34%-ით ნაკლებია. მართალია, მეორე
კვარტალში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ მან იანვარ-მარტის 70%-იანი ვარდნა ვერ
გადაფარა. მესამე კვარტალში ინვესტიციები დამატებით 55%-ით შემცირდა. საერთო ჯამში,
პირველი სამი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით 40%-ით და 2022 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 50%-ითაა შემცირებული.
გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ინვესტიციების კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი საზომი მისი მშპ-სთან ფარდობაა. 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 5.8%
შეადგინა,
რაც თუ არ ჩავთვლით 2020 წელს, ბოლო 11 წლის მინიმალური მაჩვენებელია. 2024 წლის პირველი
9 თვის მდგომარეობით, ვითარება ამ მხრივაც გაუარესებულია.
კიდევ ერთ პრობლემას
ახალი ინვესტიციის სიმცირე წარმოადგენს. 9 თვეში შემოსული ინვესტიციებიდან რეინვესტიციის
მაჩვენებელმა 91%-ს
მიაღწია. თავისთავად ის ფაქტი, რომ ინვესტორი მოგებას ბიზნესში
აბრუნებს, კარგია, თუმცა პრობლემა ახალი ინვესტიციების ნაკლებობაა.
პოლიტიკური ამინდი
გავლენას ინვესტიციებზეც ახდენს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ეს გავლენა
მყისიერი ნაკლებადაა. პირველ კვარტალში, მაშინ როცა ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის
სტატუსი ახალი მიღებული ჰქონდა, ინვესტიციები 70%-ით შემცირდა, მეორე კვარტალში რუსული
კანონის მიღებისა და 1.5-თვიანი თითქმის უწყვეტი პროტესტის ფონზე 10%-ით გაიზარდა,
ხოლო მესამეში ისევ 55%-ით შემცირდა.
რა ინვესტიციაც
არ უნდა შემოვიდეს მეოთხე კვარტალში, ფაქტია, რომ როგორც სამი კვარტლის ჯამში, ასევე
პირველი ორი კვარტლის ჯამშიც ინვესტიციები შემცირებულია. იანვარ-ივნისშიც კი, ანუ იმ
პერიოდში, რომელიც თავის სასარგებლოდ ირაკლი კობახიძემ დაასახელა, პირდაპირი უცხოური
ინვესტიციები 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით შემცირდა, რაც „ძალიან
კარგ მაჩვენებლად“ ნამდვილად ვერ ჩაითვლება. მესამე კვარტალი გამონაკლისი არ ყოფილა,
მესამე კვარტალში ტენდენცია გაგრძელდა. გამონაკლისს უფრო მეორე კვარტალი წარმოადგენდა.
ირაკლი კობახიძის
განცხადების მეორე ნაწილი ეკონომიკურ ზრდას ეხებოდა. საქსტატის ცნობით, 10 თვეში ეკონომიკა
ნამდვილად 10%-ით
გაიზარდა. ასევე გაზრდილია ახლადდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა
და დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა. ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით, წლის პირველ
ნახევარში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობის,
განათლების, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის მიმართულებით ზრდა ფიქსირდება, სოფლის მეურნეობასა
და ენერგეტიკაში კი მცირე კლება.
2023 წლის დეკემბერში,
როდესაც პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა, ეკონომიკურ ზრდის ტემპად
5.2% განისაზღვრა.
მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის
გათვალისწინებით, საპროგნოზო მშპ-ის ზრდის ტემპი სექტემბერში
8.2%-მდე, ხოლო ნოემბერში 9%-მდე
დაკორექტირდა.
გრაფიკი 2: ეკონომიკური ზრდის ტემპი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
„ქართული ოცნების“
მაღალჩინოსანი ლარის კურსსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გაუფასურების შემდეგ მან დასტაბილურება
დაიწყო. მართალია, პიკის შემდეგ დოლარი რამდენიმე თეთრით გაიაფდა, მაგრამ გაუფასურებამდე
მაჩვენებელს არ დაბრუნებია, კურსის კლების/ზრდის ტენდენციის შემთხვევაში
პიკური მაჩვენებლიდან გარკვეული გაუმჯობესება/გაუარესება პროცესისთვის დამახასიათებელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია
არა ის, პიკურ მაჩვენებელთან შედარებით რა ვითარებაა, არამედ ის, რა ვითარებაა პროცესის
დაწყებამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით.
28 ნოემბერს, ირაკლი
კობახიძის გამოსვლამდე, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე მოლაპარაკების გახსნის საკითხს არ დააყენებდა და ასევე 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირის გრანტებზეც უარს აცხადებდა, ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2.74-ს შეადგენდა.
რადგან განცხადება საღამოს 17:00 სთ-ის შემდეგ გაკეთდა, 29 ნოემბრის ოფიციალური კურსი
აღარ შეცვლილა, თუმცა 29 ნოემბრის გაუფასურების გამო, 30 ნოემბრის ოფიციალურ კურსად
2.78 გამოცხადდა. 4 დეკემბერს დოლარის ღირებულებამ უკვე 2.87-ს მიაღწია. კურსი კიდევ
უფრო მაღალ ნიშნულს სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში აღწევდა. 17 დეკემბრის
მდგომარეობით კი დოლარის ღირებულება 2.82-ს შეადგენდა, რაც პიკთან შედარებით 5 თეთრით
ნაკლებია, თუმცა თუ საწყის პერიოდად 28 ნოემბერს მივიჩნევთ, ის მაინც 8 თეთრითაა გაზრდილი.
გრაფიკი 3: ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ირაკლი კობახიძემ
„მცირე ინტერვენციებიც“ ახსენა. 25 ოქტომბრის შემდეგ სავალუტო აუქციონი აღარ გამართულა.
რამდენი დოლარი გაყიდა ან იყიდა ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში Bmatch პლატფორმაზე 25
დეკემბერს გახდება ცნობილი, ხოლო დეკემბრის სტატისტიკა 2025 წლის 25 იანვარს.
საერთო ჯამში, „ქართული
ოცნების“ ერთ-ერთო ლიდერი სამ პარამეტრს შეეხეო, ინვესტიციებს, ეკონომიკური ზრდის ტემპსა
და ლარის კურსს. 10 თვეში მშპ მართლაც გაიზარდა 10%-ით, მაგრამ წლის პირველ ნახევარში,
ისევე როგორც სამი კვარტლის ჯამში, ინვესტიციები შემცირებულია. რაც შეეხება ლარის კურსს,
გაუფასურების შემდეგ ის მცირედით გამყარდა, თუმცა გაუფასურებამდე მაჩვენებელს არ დაბრუნებია.
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.