8 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პარიზში, ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში კოორდინირებულად გავრცელდა შეხვედრის შესახებ მცდარი, დაუდასტურებელი და რიგ შემთხვევებში, სატირული ხასიათის პოსტები (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11), მათ შორის ჯგუფშიც „ანტი-მაიდანი!“, რომელიც 28 ნოემბერს საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე შეიქმნა და რომლის მიზანსაც საპროტესტო აქციების დისკრედიტაცია და ანტიდასავლური განწყობების გავრცელება წარმოადგენს. პოსტების გარკვეული ნაწილი პრეზიდენტების მისალმების ვიდეოს სახით გავრცელდა, რომელსაც ზურაბიშვილისა და ტრამპის რედაქტირებული ხმები ადევს. იგივე ვიდეო გავრცელდა TikTok-ზეც, სადაც ხმების ნაცვლად ვიდეოს რედაქტირებული ტექსტი ადევს, თითქოს პრეზიდენტი ტრამპი სალომე ზურაბიშვილზე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი დიდხანს ვერ იქნება.
ზოგიერთი პოსტი კი ფოტო-პოსტია იმგვარი სათაურით, თითქოს არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა ზურაბიშვილს განუცხადა, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ამას უნდა შეეგუოს. სინამდვილეში, მისალმების ვიდეოს თავდაპირველი ვერსია Reuters-ის გადაღებული კადრებია, რომელიც Эхо Кавказа-ს მიერ სოციალურ ქსელში ხმის გარეშე გავრცელდა, პრეზიდენტებს შორის საუბრის ფოტო კი თავად სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა X-ანგარიშზე. ტექსტის მსგავსი ვერსია არ გავრცელებულა არც პრეზიდენტის ოფიციალურ პოსტში, არც უცხოენოვან თუ ქართულ სანდო მედიაში. ამრიგად, „ემანუელ მაკრონის უახლოესი გარემოცვისგან მიღებული“ ინფორმაციის ნამდვილობა საეჭვოა.
2024 წლის 7-8 დეკემბერს საფრანგეთში 2019 წლის ხანძრის შემდეგ რესტავრირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონია შედგა, რომელსაც მსოფლიოს ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. სწორედ აღნიშნულ ცერემონიაზე აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა და გაესაუბრა. სავარაუდო მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია ბრიტანულმა მედიასაშუალებამ Daily Mail გაავრცელა, შეხვედრის ვიდეომტკიცებულების პირველწყარო კი თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი იყო, რომელმაც საუბრის შესახებ საკუთარ ოფიციალურ X-ანგარიშზე დაწერა. შეხვედრას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთ შემთხვევაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელში გავრცელდა შეხვედრის ამსახველი ვიდეოს რედაქტირებული ვერსიები.
სინამდვილეში, პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას თან ახლდა ორი პოსტი: ერთ ვიდეოში პრეზიდენტები ერთმანეთს ესალმებიან, ხოლო მეორე ფოტოში (რომელიც შემდგომ უხმო ვიდეოების სახით გაავრცელეს მედიებმა) აშშ-ის, საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთში საუბრობენ.
ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ესალმება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ ტრამპს, სოციალურ ქსელში კოორდინირებულად გავრცელდა სატირული ხასიათით. კერძოდ, ვიდეოში ჩასვეს ხმა, თითქოს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ ტრამპს მიმართავს ფრაზით: „ერთად უნდა შევტყნათ“. აღნიშნული ფრაზა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო მიმართვიდან გავრცელდა (რეალურად გულისხმობდა „ერთად უნდა შევრწყათ“) და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ვირუსულად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში. ტრამპს და ზურაბიშვილს შორის მისალმების რედაქტირებულ ვერსიაში, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი პასუხობს: “Why are you here?” (რატომ ხართ აქ?). რეალურად, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ ტრამპს ცერემონიის დაწყების წინ ნამდვილად მიესალმა, თუმცა აღნიშნული კადრების ვიდეო მედიებში ხმის გარეშე გავრცელდა (მაგალითად, იხ. ბმული 1, 2, 3). გარდა ამისა, სატირულ ვიდეოში მათი ხმები აშკარად რედაქტირებულია, ისინი სხვადასხვა ტონალობასა და გარემო ხმების ფონზე ისმის, არ ემთხვევა არც პირის მოძრაობა და არც ჟესტიკულაცია თუ მიმიკები.
სატირული შინაარსის პოსტებს გარდა, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ მაკრონს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის გამო უსაყვედურა. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ღიად პრო-რუსულ ვებგვერდზე „საქინფორმზე“ გავრცელდა, რომელსაც წარსულში არაერთხელ გაუვრცელებია ყალბი ინფორმაცია (იხ. სტატია 1, 2, 3). „საქინფორმის“ რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის მტკიცებით, ეს ინფორმაცია მას ემანუელ მაკრონის უახლოეს გარემოცვასთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.
„საქინფორმის“ მტკიცებით, საფრანგეთის, აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის დიალოგი შემდეგნაირად წარიმართა:
პრეზიდენტი ტრამპი: „რისთვის მომიყვანე? რას ელით ჩემგან? თვითონ ვერ უთხარი, რომ უმრავლესობის ნებას უნდა დაემორჩილოს და წავიდეს?“
პრეზიდენტი ზურაბიშვილი: „რას მეუბნებით, როგორ უნდა წავიდე, როცა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა (მარჯვენა ხელით ჟესტიკულირებს ტრამპის ცხვირწინ), ევროკავშირზე უარი თქვა რუსეთის სასარგებლოდ, ეს მეორე, და მესამე - ახლა ოპოზიციის მიტინგებს სასტიკად არბევს! რა გავაკეთო, მითხარით!“
პრეზიდენტი ტრამპი: „არ ვიცი, არ ვიცი... ვიცი, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა და სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა, მორჩა და გათავდა, ამას უნდა შეეგუოთ. აბა როგორ გინდა, გეთაყვა, დემოკრატიაც ეს არის... უკაცრავად, მელოდებიან“.
სინამდვილეში, დიალოგის ამგვარი შინაარსი სანდო წყაროებში არ დასტურდება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ზუსტი, ოფიციალური ტექსტი არ გავრცელებულა არც ქართულ და არც საერთაშორისო სანდო მედიაში და მსგავსი დიალოგი არ იძებნება არც სხვა ოფიციალურ ღია წყაროებში.
გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავად გამოაქვეყნა ვიდეომასალა ოფიციალურ X-ანგარიშზე და განაცხადა: „სიღრმისეული დისკუსია მქონდა პრეზიდენტ ტრამპსა და მაკრონთან. საუბარი იყო მოპარულ არჩევნებზე და საგანგაშო რეპრესიებზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატების საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით ჰყავს მეგობარი. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“ (თარგმანი interpressnews.ge) / “In depth discussion with Presidents Trump&Macron. Exposed the stolen election and extremely alarming repression against the people of Georgia. Underscored the need for a strong US. The Georgian people have a friend in Donald Trump. God bless the United States of America”. დიალოგის ამგვარი ვერსია ვრცელდება სანდო მედიებშიც, მაგალითად, Reuters, U.S.News, JAMnews, რადიო თავისუფლება, batumelebi.ge და სხვა.