ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა კენჭისყრის დღის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ხმის ფარულობის დარღვევა დაასახელეს (იხ. ბმული 1, ბმული 2). ორგანიზაციებმა ხმის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო უბნების არასწორ განლაგებას, უბნებზე მმართველი პარტიის მიერ დამონტაჟებული ვიდეოკამერების არსებობას, კენჭისყრის კაბინების სიახლოვეს გარეშე პირთა დგომას, უბნებზე მოქალაქეთა სიჭარბეს და საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული მონიშვნის უკანა მხრიდან დანახვის შესაძლებლობას მიაწერეს.
ხმის მიცემის პროცესში საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული მონიშვნის უკანა მხრიდან დანახვის შესაძლებლობის გამო, მისი მასშტაბისა და სისტემურობის გათვალისწინებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამ საფუძვლით, 4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატმა მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ, ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და წალკის და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგები (კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შესაბამისი შემაჯამებელი ოქმები) ბათილად ცნო (გადაწყვეტილება სრულად იხილეთ ბმულზე).
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სხდომის დარბაზში მხარეების და სასამართლოს მონაწილეობით ჩატარებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში დაადგინა, როდესაც რამდენიმე ფარულად მონიშნული საარჩევნო ბიულეტენის სხვადასხვა პირთა მიერ ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში მოთავსებისას, აპარატთან მდგომი მხარეებისთვის ცნობილი გახდა, თუ რა ნაწილი იყო გაფერადებული.
ფოტომასალა N2 - აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრის განმარტების შაბლონი.
ფოტომასალა N3 - ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსების წესი
წყარო: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისთვის
ფოტოებზე წარმოდგენილია მასალა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციიდან. როგორც ვხედავთ, განმარტებაში, რომელიც საარჩევნო ყუთისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ზედამხედველს ამომრჩევლისთვის უნდა გაეკეთებინა, არ წერია, რომ ამომრჩეველმა ჩარჩო კონვერტი ხმის მთვლელ აპარატს უნდა მიაბჯინოს.
აღნიშნულს პროცედურის ამსახველი ფოტოც ადასტურებს, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ჩარჩო კონვერტი იმგვარად არის დაშორებული ხმის მთვლელ აპარატს, რომ ბიულეტენის ზედა ნაწილის დანახვა სრულიად შესაძლებელია. წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები, რომლებსაც კენჭისყრაზე განსახორციელებელ თითოეულ პროცედურასთან დაკავშირებით ამომრჩევლის ინფორმირება ევალებოდათ, ხელმძღვანელობდნენ ინსტრუქციით, რომელიც არ იმეორებს 5 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სადემონსტრაციო ვიდეოში ასახულ „ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების“ ტექნიკას.
„ფაქტ-მეტრი“ ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსების ტექნიკებს არჩევნებამდე, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით გადაღებულ არაერთ საინფორმაციო ვიდეომასალაშიც დააკვირდა
ფოტომასალა N3 - ცესკოს მიერ არჩევნებამდე გამოქვეყნებული საინფორმაციო ვიდეო (გამოქვეყნების თარიღი - 2023 წლის 22 სექტემბერი)
ფოტომასალა N4 - „ფაქტ-მეტრის“ მიერ ცესკოში გადაღებული საინფორმაციო ვიდეო(გამოქვეყნების თარიღი - 2024 წლის 22 ოქტომბერი)
ფოტომასალა N5 – „ბათუმელების“ საინფორმაციო ვიდეო (გამოქვეყნების თარიღი - 2024 წლის 12 სექტემბერი)
ფოტომასალა N6 - 64 Project-ის საინფორმაციო ვიდეო (გამოქვეყნების თარიღი - 2024 წლის პირველი ივლისი)
როგორც ხედავთ, არცერთ ამ საინფორმაციო ვიდეოში არ გამოყენებულა ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსების იმგვარი ტექნიკა, რომელსაც ცესკომ 5 ნოემბრის სადემონსტრაციო ვიდეოში „სწორი ტექნიკა“ დაარქვა. არცერთ შემთხვევაში გაცემულა ინსტრუქცია იმის შესახებ, რომ ხმის ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩარჩო კონვერტის ხმის მთვლელ აპარატზე მიბჯენაა აუცილებელი. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან არჩევნებამდე, ცესკოს მიერ გაცემული დაპირების თანახმად, არჩევნების დღეს ბიულეტენის ხარისხს უნდა უზრუნველეყო, რომ მეორე მხარეს მონიშვნის კვალი არ გამოჩენილიყო. შესაბამისად, ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის ამობრუნებულ მდგომარეობაში მოთავსებას ხმის ფარულობის დარღვევა ავტომატურად უნდა გამოერიცხა.