ბოლო 4 წელიწადში ბიუჯეტი 10 მლრდ ლარით გაიზარდა

ირაკლი კობახიძე: ბოლო 4 წელიწადში ბიუჯეტი 10 მლრდ ლარით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2019 წლის დეკემბერში, როდესაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდა, შემოსულობები (ყველა შემოსავალი ერთად) 14.5 მლრდ ლარით, ხოლო გადასახდელები (ხარჯვითი ნაწილი) 14.4 მლრდ ლარით განისაზღვრა. პანდემიის პერიოდში ბიუჯეტი რამდენჯერმე დაკორექტირდა, საბოლოოდ, შესრულების მაჩვენებელმა შემოსულობების ნაწილში 18 და გადასახდელების ნაწილში 16.2 მლრდ ლარი შეადგინა.

2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 24.6 მლრდ ლარით და გადასახდელები 25 მლრდ ლარით განისაზღვრა. 6-თვიანი გეგმის შესრულების შემდეგ, მთავრობამ ბიუჯეტის 517 მლნ ლარით ზრდა დააანონსა, რომელიც 13 სექტემბრის მდგომარეობით, ჯერ არ დამტკიცებულა.

ოთხ წელიწადში ნომინალურად შემოსულობები დასახელებული 10 მლრდ-ის ნაცვლად 6.6 მლრდ ლარით, ხოლო გადასახდელები 8.8 მლრდ ლარით გაიზარდა. პარალელურად, საანგარიშო პერიოდში, სამომხმარებლო ფასები 27.2%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, შემოსულობებში რეალურმა ზრდამ მხოლოდ 1.7 მლრდ შეადგინა, გადასახდელების ნაწილში 4.4 მლრდ.

პრემიერის მიერ დასახელებული რიცხვი, თუ თავდაპირველ გეგმას არ ჩავთვლით, ნომინალშიც არ შეესაბამება სინამდვილეს და გაზვიადებულია. დასახელებულ რიცხვთან - 10 მლრდ-სთან შედარებით, კიდევ უფრო შორსაა რეალური ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ოცეულის წარდგენისას, განაცხადა: (7:35-დან): [ბოლო ოთხ წელიწადში] „10 მლრდ ლარით გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი.“

პრემიერი მეათე მოწვევის პარლამენტზე საუბრობდა, რომელიც საქმიანობას 2020 წლის დეკემბრიდან შეუდგა, შესაბამისად მის მიერ ნათქვამი „გასულ ოთხ წელიწადში“, 2021-2024 წლები იგულისხმება.

2019 წლის დეკემბერში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 14.5 მლრდ ლარით, ხოლო გადასახდელები 14.4 მლრდ ლარით განისაზღვრა. რამდენიმე თვეში დაწყებულმა პანდემიამ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების საჭიროება გააჩინა, ერთი მხრივ, გადასახადების აკრეფით მისაღები შემოსავალი შემცირდა და მეორე მხრივ, პანდემიის სამართავი ხარჯები გაიზარდა.

კორექტირების შემდეგ შემოსულობების გეგმა, 18.4 მლრდ-მდე, ხოლო გადასახდელების გეგმა 15.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა. რეალურმა შესრულებამ კი შესაბამისად - 18 და 16.2 მლრდ ლარი შეადგინა.

2024 წლის გეგმით შემოსულობები 24.6 მლრდ ლარით და გადასახდელები 25 მლრდ ლარითაა განსაზღვრული. წელი დასრულებული არაა, თუმცა 6-თვიანი გეგმა შესრულებულია.

გრაფიკი 1: სახელმწიფო ბიუჯეტი (მლრდ. ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

პრემიერს არ დაუკონკრეტებია, ბიუჯეტის რომელ ნაწილს გულისხმობდა შემოსულობებს თუ გადასახდელებს. ორივე შემთხვევაში, 10 მლრდ ლარიანი ზრდა მხოლოდ 2020-ის თავდაპირველ გეგმასთან ფიქსირდება, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა. კორექტირების შემდეგ, რეალურ შესრულებასთან შედარებით, ნომინალური ზრდა შესაბამისად - 6.6 და 8.8 მლრდ ლარია.

ივლისში მთავრობამ ბიუჯეტის 519 მლნ ლარით ზრდა დააანონსა, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის. მისი დამტკიცებისა და შესრულების შემთხვევაში, გადასახდელების ნაწილში 2020-ის შესრულების მაჩვენებელთან შედარებით 9.3 მლრდ-იან ზრდას მივიღებთ, რაც უკვე ახლოსაა ნახსენებ 10 მლრდ-იან ზრდასთან, თუმცა მსჯელობისას, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი - ინფლაცია.

სამომხმარებლო ფასები, როგორც წესი, წლიდან წლამდე იზრდება და ეს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. დროის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის ეფექტი იზრდება. რაც უფრო მაღალია ინფლაცია, ნომინალური და რეალური მაჩვენებლები მით მეტადაა აცდენილი ერთმანეთთან. სამომხმარებლო ფასების ზრდამ 2021 წელს 9.6%-ს მიაღწია, 2022 წელს კი - 11.9%-ს. 2023 წელს ინფლაციის საშუალოწლიური განაკვეთი 2.5%-მდე შემცირდა, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში - 1.2%-მდე. 2021-2024 წლებში ჯამში სამომხმარებლო ფასები 27.2%-ით გაიზარდა (2024-ის შემთხვევაში, გაანგარიშება ეფუძნება დაშვებას, რომ წლის ბოლომდე 1.2%-იანი ინფლაცია შენარჩუნდება).

გრაფიკი 2: სახელმწიფო ბიუჯეტი (მლრდ. ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ზრდა შემოსულობების ნაწილში მხოლოდ 1.7 მლრდ-ია, გადასახდელების ნაწილში - 4.4 მლრდ. თუ ბიუჯეტი მართლაც 517 მლნ-ით გაიზარდა, სხვაობა 2.2 და 4.9 მლრდ-მდე გაიზრდება. ერთიც და მეორეც დასახელებულ 10 მლრდ-იან მაჩვენებელთან შორსაა. ტექნიკურად 10 მლრდ-იანი სხვაობა მხოლოდ 2020 წლის გეგმასთან შედარებით მიიღება, ისიც მხოლოდ ნომინალში ინფლაციის გაუთვალისწინებლად.

2020 წელთან შედარებით, ბიუჯეტი ნამდვილად გაზრდილია, მაგრამ არა 10 მლრდ ლარით. კიდევ უფრო მცირეა რეალური ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით. პრემიერის მიერ დასახელებული რიცხვი ნომინალშიც კი არ შეესაბამება სინამდვილეს და გაზვიადებულია, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.