ივლისში ექსპორტი და სავაჭრო ბრუნვა რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

საქართველოს მთავრობა: ივლისში ექსპორტი და სავაჭრო ბრუნვა რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საქართველოს მთავრობის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2024 წლის ივლისში საქონლის ექსპორტმა 685 მლნ დოლარს მიაღწია, რაც ერთვიან ჭრილში სარეკორდო მაჩვენებელია და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30%-ითაა გაზრდილი. იმავე ივლისში რეკორდულ ნიშნულამდე - 2.1 მლრდ დოლარამდე, გაიზარდა სავაჭრო ბრუნვაც.

ივლისისგან განსხვავებით, 7-თვიან ჭრილში, ექსპორტი 1.3%-ით - 3.5 მლრდ-მდეა შემცირებული, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) კი კიდევ უფრო მეტად 7.2%-ით - 1.6 მლრდ-მდე. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ექსპორტს ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე რეექსპორტს.

ადგილობრივი ექსპორტი ბოლო 1.5 წელია, რაც მცირდება და მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში,  არათუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი საზღვარგარეთ ნაკლები ადგილობრივი პროდუქცია გაიყიდა. რიცხობრივი სიზუსტისა და მის მიღმა, სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ საქართველოს მთავრობის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.  

ანალიზი: საქართველოს მთავრობამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ქარდი გამოაქვეყნა, რასაც თან ახლდა აღწერა: „2024 წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვა 2,102.5 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.6%-ით მეტია და ექსპორტის მსგავსად, ასევე რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს.

2024 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 1.6%-ით გაიზარდა და 12,564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა“.

1995 წლიდან მოყოლებული, სავაჭრო ბრუნვის ბალანსი მუდმივად დეფიციტურია - იმპორტი ექსპორტს აღემატება. მთლიან საანგარიშო პერიოდში, ცალკეული გამონაკლისების მიუხედავად, დინამიკაში როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი მზარდია, შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვაც.

ივლისში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად - 30%-ით, 685 მლნ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი 7%-ით - 1.4 მლრდ-მდე. სავაჭრო ბრუნვა კი 14%-ით - 2.1 მლრდ-მდე. როგორც ექსპორტი, ასევე მთლიანი სავაჭრო ბრუნვა რეკორდულ ნიშნულზეა, იმპორტი კი მცირედით მხოლოდ აპრილის მაჩვენებელს ჩამორჩება.

ივლისში დაფიქსირებული რეკორდების მიუხედავად, შვიდთვიან ჭრილში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მცირედით, მაგრამ მაინც 1.3%-ით შემცირდა. გასული 7 თვიდან 4 შემთხვევაში ექსპორტის კლება დაფიქსირდა.

7 თვეში მთლიან ექსპორტზე უფრო მეტად, 7.2%-ით - 1.6 მლრდ-მდე, ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა. უშუალოდ ივლისში 18%-ით - 293 მლნ-მდე, ადგილობრივი ექსპორტიც გაიზარდა, მაგრამ ეს რეკორდი არაა. 2022 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა ამ მაჩვენებელს 12-დან 8-ჯერ გადააჭარბა.

7 თვეში მთლიან ექსპორტში 587 მლნ-ით პირველი ადგილი ყირგიზეთმა დაიკავა. 587-დან 580 მლნ ანუ 99% რეექსპორტია. თავის მხრივ, რეექსპორტში 538 მლნ-ით პირველი ადგილი მსუბუქ ავტომობილებს უკავია.

მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ბიზნესი განვითარებას 2005 წლიდან იწყებს. თუ 2004 წელს მსუბუქი ავტომობილების წილი მთლიან ექსპორტში 0.6%-ს შეადგენდა, 2005 წელს 2.1%-ს მიაღწია, 2010 წელს 13%-ს გადააჭარბა, 2012 წელს კი 24%-ს. ეს ერთგვარი პიკი იყო. მნიშვნელოვანი წილი შემდგომ წლებშიც შენარჩუნდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 20%-იან ნიშნულს აღარ გადასცდენია. 2023 წელს კი 35%-ს მიაღწია. ახლაც, იანვარ-ივლისის მდგომარეობით, 34%-იანი წილი უკავია.

ავტოექსპორტში ყაზახეთისა და ყირგიზეთის ჯამური წილი 2017-2021 წლებში საშუალო 4.9%-ს შეადგენდა, რომელიც 2022 წელს 19%-მდე, 2023 წელს 57%-მდე, 2024 წლის პირველ 7 თვეში კი 77%-მდე გაიზარდა.

გრაფიკი 1: ავტოექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატი ადგილობრივ ექსპორტსა და რეექსპორტს ცალ-ცალკე 2014 წლიდან აღრიცხავს. 2014-2021 წლებში ადგილობრივი ექსპორტის წილი საშუალოდ 70%-ს აღწევდა, 2023 წელს კი 45%-მდე შემცირდა, სურათი შენარჩუნდა 2024 წლის იანვარ-ივლისშიც. საანგარიშო პერიოდში, 2023 წლამდე ადგილობრივი ექსპორტის წილი 61%-იან მაჩვენებელს არასდროს ჩამოსცდენია.

იმ შემთხვევაში, თუ რეექსპორტის პროცენტული წილი მხოლოდ მისი რაოდენობრივი მატების შედეგად გაიზრდებოდა, პრობლემა არ იქნებოდა. თუმცა რეექსპორტის ზრდასთან ერთად ადგილობრივი ექსპორტიც შემცირდა. 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად, 915 მლნ დოლარით შემცირდა, რაც 25%-იან კლებას ნიშნავს. ვარდნა 2024 წელსაც გაგრძელდა და პირველ 7 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 124 მლნ-ით ნაკლები პროდუქცია გაიყიდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც კი ვერ გაუთანაბრდა.პრობლემაც სწორედ ადგილობრივი ექსპორტის კლებაა და არა რეექსპორტის ზრდა.

გრაფიკი 2: ექსპორტის სტრუქტურა (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ადგილობრივ ექსპორტი ბოლო 1.5 წელია რაც მცირდება. ვარდნა ძირითადად სპილენძის მადნებსა და ფეროშენადნობებზე მოთხოვნის კლებამ გამოუწვია. 2023 წელს სპილენძის მადნების ექსპორტი 1 მლრდ-დან 474 მლნ დოლარამდე შემცირდა, ფეროშენადნობების 453 მლნ-დან 181 მლნ-მდე. 281 მლნ-დან 158 მლნ-მდე შემცირდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტიც.

მიმდინარე წლის 7 თვეში სპილენძის მადნების ექსპორტი კიდევ 345 მლნ-ით შემცირდა და ერთ დროს პირველ ადგილზე მყოფი პროდუქცია ათეულიდან ამოვარდა. კლება დაფიქსირდა აზოტოვანი სასუქებისა და ელექტროენერგიის მიმართულებითაც. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ვარდნის შემდეგ, ფეროშენადნობების ექსპორტი 80%-ით გაიზარდა და ღვინის ექსპორტიც რეკორდულ ნიშნულზე გავიდა, მათმა ზრდამ სპილენძის მადნების ექსპორტის კლება ვერ გადაფარა.

გრაფიკი 3: ადგილობრივი ექსპორტი იანვარ-ივლისი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სპილენძის მადნების ხარჯზე 2020-2022 წლებში ჩინეთი ადგილობრივ ექსპორტშიც პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა 2023 წლიდან მესამეზე გადაინაცვლა და პირველი ადგილი რუსეთს დაუთმო, რომლის წილმაც იანვარ-ივლისში 20%-ს გადააჭარბა.

ეკონომიკაში თავის წვლილი რეექსპორტსაც შეაქვს, თუმცა ადგილობრივი ექსპორტის კონტრიბუცია, იქნება ეს დასაქმებულთა რაოდენობისა თუ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების გათვალისწინებით, უფრო მაღალია, შესაბამისად, მისი კლება რა მიზეზებითაც არ უნდა იყოს განპირობებული, უმნიშვნელო ფაქტორად ვერ შეფასდება.

სიმართლეა, რომ ივლისში ექსპორტიც და სავაჭრო ბრუნვაც რეკორდულ ნიშნულზე გავიდა, თუმცა 7 თვეში ექსპორტი მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა. გარდა ამისა, ბოლო 1.5 წელია, რაც ადგილობრივი ექსპორტი მცირდება და მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საზღვარგარეთ არათუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი ნაკლები ადგილობრივი პროდუქცია გაიყიდა. რიცხობრივი სიზუსტისა და მის მიღმა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ საქართველოს მთავრობის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.