გრანტები ბიუჯეტის 0.5%-იც არ არის

ირაკლი ქადაგიშვილი: გრანტები ბიუჯეტის 0.5%-იც არ არის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს

2013-2023 წლებში უცხოური გრანტების წილი ბიუჯეტის შემოსულობებში (შემოსავლები მთლიანად) საშუალოდ 2.4%-ს შეადგენდა, თუმცა 2020 წლიდან გრანტებზე დამოკიდებულებამ კლება დაიწყო და 2023 წელს 0.8%-მდე შემცირდა, 2024 წლის გეგმით კი გრანტების წილი 0.6%-ს შეადგენს.

2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 24.6 მლრდ ლარს აღწევს. ყველაზე დიდი მხარჯავი დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროა, რომლისთვისაც 7.8 მლრდ ლარია გამოყოფილი, საიდანაც უცხოური გრანტი მხოლოდ 2.5 მლნ ლარია, რაც თავის მხრივ სამინისტროს დაფინანსების 0.1%-ზე ნაკლებია.

დეპუტატის განცხადება რიცხობრივ ნაწილში სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ირაკლი ქადაგიშვილს არ უსაუბრია იმ შედეგებზე, რა შედეგებიც შეიძლება ქვეყანას დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობების გაფუჭებამ მოუტანოს. გრანტი მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობის ერთ-ერთი გამოხატულებაა და გრანტების შეჩერებაც ამ ურთიერთობების გაფუჭების ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანია.

დაბალპროცენტიანი სესხები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სასწავლო გაცვლითი პროგრამები, ევროკავშირის შემთხვევაში უვიზო მიმოსვლა (90 დღე 180 დღიან პერიოდში) და თავისუფალი ვაჭრობა... ეს იმ ბენეფიტების არასრული ჩამონათვალია, რასაც საქართველო დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობით იღებს და ამ ყველაფრის თუნდაც შემცირება შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგების მომტანი გახდეს.

რიცხობრივი სიზუსტის მიუხედავად, თანმდევი შედეგების უგულებელყოფა რეალური სურათის შელამაზების მცდელობაა. ამავე დროს უცნობია დაწყებული ურთიერთობების გადასინჯვის პროცესი რა ეტაპამდე მივა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის იმის პროგნოზს რამდენად დამაზიანებელი იქნება ის ქვეყნისთვის, აღნიშნულიდან გამომდინარე „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

ანალიზი: ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა უცხოური დახმარებების შეჩერების შესახებ გააკეთა კომენტარი: „ჩვენ გვაქვს 19-მილიარდიანი ბიუჯეტი, რომლის ნახევარი პროცენტიც არ არის გრანტები. საუბარი, თუნდაც ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც 8 მილიარდ ლარამდე აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ორ მილიონზე საუბარი [ლაბორატორიის დაფინანსებისთვის].“

2013-2023 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში საგარეო სესხებისა და გრანტების წილი საშუალოდ 16%-ს აღწევდა. 11 წელიწადში ქვეყნის ბიუჯეტმა საზღვარგარეთიდან კრედიტის სახით ჯამურად 23 მლრდ ლარი და გრანტის სახით 3.4 მლრდ ლარი მიიღო. 2024 წლის გეგმის მიხედვით, 2 მლრდ-ზე მეტის უცხოური დაფინანსების მიღებაა გათვალისწინებული.

დახმარება ყოველთვის თანაბარი არ ყოფილა. პანდემიის პერიოდში 2020-2021 წლებში გრანტებისა და სესხების ჯამური წილი ბიუჯეტის შემოსულობებში 30%-ს აღემატებოდა, უკვე 2022 წელს 13%-მდე, 2023 წელს 9%-მდე. ხოლო 2024 წლის გეგმის მიხედვით 8%-მდე შემცირდა. საშუალოდ 13%-ს შეადგენდა მისი წილი 2013-2019 წლებშიც.

გრაფიკი 1: უცხოური სესხებისა და გრანტების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში (მლნ ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გრანტებსა და სესხებში ბოლო წლებში 90% სესხია, საშუალოდ კი - 84%,  დარჩენილი შედარებით მცირე ნაწილი გრანტი.

უშუალოდ უცხოური გრანტის წილი შემოსულობებში 2013-2023 წლებში საშუალოდ 2.4%-ს აღწევდა. გრანტის წილმა მაქსიმუმს 3.2%-ს 2019 წელს მიაღწია და მას შემდეგ მუდმივად იკლებს. 2021 წელს ის 2%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდა, 2023 წელს 1%-იანს. 2024 წლის გეგმით კი უცხოური გრანტების წილი 0.6%-ითაა განსაზღვრული.

გრაფიკი 2: უცხოური გრანტების მოცულობა და წილი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2024 წლის ბიუჯეტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის 7.8 მლრდ ლარიანი დაფინანსებაა გათვალისწინებული, საიდანაც უდიდესი ნაწილი უშუალოდ საბიუჯეტო დაფინანსებაა, 40 მლნ სესხი და 2.5 მლნ გრანტი.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, იგივე ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა ამერიკული მხარის დაფინანსებით 2004 წელს დაიწყო და 2013 წელს გაიხსნა. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

მხოლოდ რიცხვებზე დაყრდნობით, დეპუტატის განცხადება მეტწილად სიმართლეს შეესაბამება, თუმცა არის მეორე მხარეც. უცხოური გრანტების შეწყვეტა პარტნიორულ ურთიერთობებზე უარის თქმის ერთ-ერთი ნიშანია. ეს ურთიერთობები კი ბევრად მეტია, ვიდრე წლიურად 150 მლნ ლარი.

იმავე ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა და შემდეგ კვლევები შეერთებულმა შტატებმა ჯამში 350 მლნ აშშ დოლარით დააფინანსა. მაშინაც კი თუ ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა, დამოუკიდებლად კვალიფიციური კადრების მოძიება და თავად ლაბორატორიის სათანადო სტანდარტებით აშენება დამატებით სირთულეებს წარმოშობდა.უფრო მეტიც, ლაბორატორიის მშენებლობას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა რუსეთი, ამ გარემოებას შესაძლოა საერთოდ სათუო გაეხადა მისი მშენებლობის დასრულება.

წლების განმავლობაში რუსეთი ამტკიცებდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებდნენ. ზოგჯერ ოფიციალური პირების, ზოგჯერ კი - კონტროლირებადი მედიის, ბლოგერებისა თუ ექსპერტების მხრიდან ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ისმოდა უსაფუძვლო ბრალდებები, რომ თითქოს ლუგარის ლაბორატორიიდან სხვადასხვა ვირუსივრცელდებოდა.

ქართული მხარე რუსი ექსპერტების დაშვებას არ შეწინააღმდეგებია, ოღონდ მრავალმხრივი მონიტორინგის ფორმატში, რუსეთმა კი ექსკლუზიური დაშვება მოითხოვა, რასაც თბილისი არ დასთანხმებია.

ლუგარის ლაბორატორია ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის მხოლოდ ერთი ნაწილია. 32 წლის განმავლობაში ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სამხედრო დახმარების სახით თბილისმა ვაშინგტონისგან 6 მლრდ დოლარი მიიღო. დახმარების მოცულობამ პიკს 2008 წლის შემდეგ მიაღწია.

მართალია გრანტების წილი 1%-ზე ნაკლებია, მაგრამ სესხების წილი ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს მხოლოდ 2023 წელს ჩამოსცდა, თუ ისიც შემცირდა (სრული განულების ალბათობა ამ ეტაპზე მინიმალურია) სახელმწიფოს მოუწევს ან რიგ პროექტებზე უარი თქვას, ან სხვა უფრო ძვირიანი რესურსი მოიძიოს.

2019 წელს ჯუჯა სახელმწიფო ნაურუს შეერთებულმა შტატებმა დაფინანსება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც საკანონმდებლო ცვლილება გახდა, რომლის თანახმადაც ქვეყანა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებდა აშშ-ისგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომაც აღიარა, რომ აპირებდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობას, თუმცა სანქცირების შიშით გადაიფიქრა. დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის გარდა კიდევ ოთხ სახელმწიფოს: ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიასა და ნაურუს აქვს აღიარებული. პრორუსული პოლიტიკის გამტარებელ სახელმწიფოთა რაოდენობა კი მსოფლიო რუკაზე უფრო მეტია. დასავლური მხარდაჭერის შესუსტებით, ოკუპირებული ტერიტორიები საერთაშორისო სამართლის სუბიექტები ვერ გახდებიან, თუმცა რისკი, რომ ნიკარაგუასა და ვენესუელას კიდევ შეუერთდება რამდენიმე სახელმწიფო იზრდება.

გარკვეული უთანხმოებების მიუხედავად, 2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა. რიგ საკითხებში პრობლემები რჩებოდა, თუმცა დაპირისპირება თვისობრივად ახალ სიმაღლეზე „რუსული კანონის“ ხელახალმა ინიციირებამ, სამი მოსმენით მიღებამ და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამ აიყვანა. კანონის განხილვას თან ერთვოდა ოპოზიციის ლიდერებზე და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე გამოუძიებელი თავდასხმები. „რუსული კანონი“ შეერთებული შტატების გარდა დაგმო ევროკავშირმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა ცალ-ცალკე, აგრეთვე ეუთო ოდირმა და ვენეციის კომისიამ.

დაანონსდა სანქციები. შეერთებულმა შტატებმა ქართველ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. აშშ-ის გარდა დახმარების ნაწილი შეაჩერა ევროკავშირმაც და დახმარების შეჩერებაზე განცხადება გააკეთა საფრანგეთმაც.

ჯერჯერობით მსგავს დაპირისპირებას ეკონომიკისთვის სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია. მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაის-ივნისში, ძირითადად პანიკის ჩასაცხრომად, მაგრამ მაინც, ეროვნულ ბანკს კურსის დასაჭერად სავალუტო აუქციონებზე 170 მლნ დოლარის გაყიდვა დასჭირდა.

დეპუტატის ნათქვამში რიცხობრივი სიზუსტის მიუხედავად, თანმდევი შედეგების უგულებელყოფა რეალური სურათის შელამაზების მცდელობაა. ამავე დროს უცნობია დაწყებული ურთიერთობების გადასინჯვის პროცესი რა ეტაპამდე მივა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის იმის პროგნოზს, თუ რამდენად დამაზიანებელი იქნება ეს პროცესი ქვეყნისთვის.აღნიშნულიდან გამომდინარე „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.