ქალაქში პარკირების პრობლემა არ არის

კახა კალაძე: ქალაქში პარკირების პრობლემა არ არის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: 2024 წლის მონაცემებით, თბილისში 27 614 საპარკინგე ადგილია, რაც წინა წელთან შედარებით 163 ერთეულით - 0.6%-ით არის გაზრდილი. 2019 წელთან შედარებით, როდესაც დედაქალაქში პარკინგის ოპერირება „სითი პარკიდან“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" გადაეცა, საპარკინგე ადგილების რაოდენობა 10.3%-ით არის შემცირებული.

ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა მზარდია. მიმდინარე წელს თბილისში 655 919 ავტომობილი არის რეგისტრირებული. შესაბამისად, ერთ საპარკინგე ადგილზე 24 ავტომობილი მოდის. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, ცხადია, ვერ ჩაითვლება, რომ თბილისში პარკირების პრობლემა არ არის. ასევე მზარდია არასწორი პარკირების გამო ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალიც.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ დედაქალაქში საპარკინგე ადგილების რაოდენობა მანქანების რიცხვის ზრდას ვერ დაეწევა, თუმცა კერძო ავტომობილების რაოდენობის შემცირების ყველაზე ეფექტური გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარებაა, რაც რეფორმების ფარგლებში დაწყებულია, მაგრამ ჯერ არსებობს ხარვეზები, რის გამოსწორების გარეშეც, მხოლოდ პარკინგის გადასახადის ზრდა და საპარკინგე ადგილების შემცირება სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საპარკინგე ადგილების შესახებ დასმულ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა: „ქალაქში არის საპარკინგე სივრცეები და პარკირების პრობლემა არ არის“.

დედაქალაქის პარკირების სისტემის ოპერირების უფლება 2018 წლის 10 აპრილიდან „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გადაეცა. მანამდე, თბილისის პარკირების სისტემის კონტროლი კომპანია „სითი პარკს“ ჰქონდა, რომლის ოპერირებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა და პრეტენზია არსებობდა. ავტომობილის მფლობელების განსაკუთრებით უკმაყოფილებას საპარკინგე ადგილების სიმცირე, ჯარიმების სიხშირე და ჯარიმების ჩაბარება-ამოღების წესი იწვევდა.

პარკირების სისტემაში „ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მოსვლის შემდეგ გარკვეული ცვლილებები შევიდა, კერძოდ, 2019 წლიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. ზონალური პარკირების მოდელი თბილისის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია და მიზნად საცობებისგან ქუჩების განტვირთვას ისახავს, რომლის საბოლოო მიზანი, პარკირების საფასურის გაზრდის გამო, ავტომობილის მოხმარების შემცირებაა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების ერთდღიანი საშვის ღირებულება 20 ლარს შეადგენს, ერთთვიანის - 300 ლარს, წლიურის ღირებულება კი 800 ლარია. გაცილებით უფრო იაფია ერთწლიანი პარკირების საშვი, რომლის ღირებულება 50 ლარს შეადგენს.

გარდა ზონალური პარკირების შემოღებისა, 2022 წლიდან პარკირების წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმებიც გაიზარდა - სხვადასხვა დარღვევისთვის დაწესებული 10-ლარიანი ჯარიმა 50 ლარამდე, ხოლო ავტომობილის სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანის საფასური 60 ლარიდან 160 ლარამდე. ასევე, ტროტუარზე გაჩერებული მანქანა, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას.

„ფაქტ-მეტრი“ დედაქალაქში არსებული საპარკინგე ადგილების რაოდენობით დაინტერესდა.

ჩვენ დედაქალაქის მერიისგან თბილისში საპარკინგე ადგილების (ზონალური და ჩვეულებრივი) რაოდენობის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს გამოვითხოვეთ. დედაქალაქის მერიამ ჩვენი წერილი მეორე დღესვე თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან გადაამისამართა, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დედაქალაქის საპარკინგე პოლიტიკის შესახებ (2018-2024 წლები) კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ჩვენთვის საინტერესო სტატისტიკაც არის მოცემული, ამიტომ განცხადების გადასამოწმებლად ამ მონაცემით ვისარგებლებთ.

გრაფიკი 1: თბილისში საპარკინგე ადგილების და ავტომობილების რაოდენობა 2019-2024 წლებში

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, 2019 წლიდან მოყოლებული, საპარკინგე ადგილების რაოდენობა მცირდებოდა, მიმდინარე წლის 6 თვეში ზრდა ფიქსირდება, 2023 წლის წლიურ მონაცემთან შედარებით საპარკინგე ადგილების რაოდენობა 163 ერთეულით არის გაზრდილი.

მზარდია დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობაც. თუ ავტომობილების რაოდენობას საპარკინგე ადგილებთან შევაფარდებთ, ვნახავთ, რომ მიმდინარე წელს ერთ საპარკინგე ადგილზე 24 ერთეული ავტომობილი მოდის. შესაბამისად, იმის თქმა, რომ თბილისში საპარკინგე ადგილების პრობლემა არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენ აქვე პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმების რაოდენობას და ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავალსაც განვიხილავთ.

ცხრილი 1: პარკირების ჯარიმების რაოდენობა და მიღებული შემოსავალი (ათასი)

წყარო: თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები

როგორც ვხედავთ, 2019 წლიდან დღემდე ჯარიმების რაოდენობა 381-773 ათასს შორის მერყეობს, ჯარიმების რაოდენობის მკვეთრი ზრდა 2022 წელს ფიქსირდება, რაც მეტწილად შეიძლება კოვიდშეზღუდვების მოხსნით იყოს განპირობებული. რაც შეეხება ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებს, ნახტომისებური ზრდა 2023 წელს გვაქვს, რაც პარკინგის ჯარიმის გადასახადის ზრდამ გამოიწვია.

დედაქალაქის მერია მიწისქვეშა პარკინგის გახსნას წლების განმავლობაში აანონსებდა. რამდენიმე დღის წინ ამ თემას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანიც შეეხო, რომელმაც აღნიშნა: „შეთავაზება თბილისის მერიის მხრიდან კვლავ ძალაშია, თუმცა იმის გამო, რომ ქალაქში პარკირების საფასური დაბალია, ბიზნესისთვის ამ ინფრასტრუქტურის მოწყობა საინტერესო არ არის“.

თავის დროზე, დედაქალაქის მერია კომპანია „სითი პარკს“ აქტიურად სწორედ საპარკინგე ადგილების სიმცირის გამო აკრიტიკებდა, დღეისთვის 2019 წელთან შედარებით, საპარკინგე ადგილები შემცირებულია. ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლებისთვის კომფორტის შექმნა არ არის.

თბილისის მერი კახა კალაძე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე აცხადებდა, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაში უპირატესობა ქვეითებს მიენიჭებოდათ და ყველა რეფორმა ქვეითთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების გაუმჯობესებისკენ იქნებოდა მიმართული.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ დედაქალაქში საპარკინგე ადგილების რაოდენობა მანქანების რიცხვის ზრდას ვერ დაეწევა, თუმცა კერძო ავტომობილების რაოდენობის შემცირების ყველაზე ეფექტური გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარებაა, რაც რეფორმების ფარგლებში დაწყებულია, მაგრამ ჯერ არსებობს ხარვეზები, რის გამოსწორების გარეშეც, მხოლოდ პარკინგის გადასახადის ზრდა და საპარკინგე ადგილების შემცირება სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.