ათი წლის მანძილზე შობადობა არის მუდმივად კლებადი

ნიკა ობოლაძე: ათი წლის მანძილზე შობადობა არის მუდმივად კლებადი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა ობოლაძის განცხადება არის სიმართლე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2014 წლის შემდეგ შობადობა, ასევე შობადობის კოეფიციენტი (1000 მოსახლეზე გადაანგარიშებით), ყოველწლიურად მცირდება.

2023 წელს საქართველოში 40,214 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 2,105-ით, ხოლო 2014 წელთან შედარებით 20,421-ით ნაკლებია.

პოლიტიკოსი შობადობის შემცირების პრობლემაზე სწორად მიუთითებს და მის მიერ დასახელებული მონაცემებიც ზუსტია. ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ნიკა ობოლაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით: „ბოლო 10 წელიწადში ერთი გამონაკლისი წელი არ არსებობს საქართველოში - შობადობა მუდმივად იკლებს. თუ 2014 წელს 61 ათასამდე ბავშვი დაიბადა საქართველოში, ამის შემდეგ ათი წლის მანძილზე შობადობა არის მუდმივად კლებადი და 2023 წელს დაიბადა 40 ათასი ბავშვი, ანუ შემცირდა 20 ათასით“.

„ფაქტ-მეტრმა“ ნიკა ობოლაძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. ის სწორად მიუთითებს შობადობის შემცირების პრობლემაზე და კონკრეტულ მაჩვენებლებსაც სწორად ასახელებს.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში 60,635 ახალშობილი დაიბადა. 2015 წლიდან ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი (ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა, შობადობის კოეფიციენტი 1000 მოსახლეზე გადაანგარიშებით) ყოველწლიურად მცირდება (იხილეთ გრაფიკი 1).

2023 წელს საქართველოში 40,214 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 2,105-ით, ხოლო 2014 წელთან შედარებით 20,421-ით ნაკლებია.

2014 წელს შობადობის კოეფიციენტმა (1 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით) 16.3 პრომილე შეადგინა, 2023 წელს კი შობადობის კოეფიციენტი 10.8-მდე შემცირდა.

გრაფიკი 1: შობადობის მაჩვენებლები, 2014-2023 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო წლებში ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლიდან ბუნებრივი მატების დადებითი კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდებოდა, რაც თავის მხრივ შობადობის შემცირებით იყო გამოწვეული. 2020-2023 წლებში კი ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებლები დაფიქსირდა, ანუ შობადობას სიკვდილიანობამ გადააჭარბა. 2020-2021 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი განპირობებული იყო, როგორც შობადობის შემცირებით, ასევე სიკვდილიანობის ზრდით, რაც COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებით იყო გამოწვეული. 2022-2023 წლებში ქვეყანაში სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს კვლავ აღემატებოდა, რაც ცალსახად შობადობის შემცირებით აიხსნება.

რაც შეეხება შობადობის შემცირების მიზეზებს, ეს უკანასკნელი მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის შემცირებაა, რაც დიდწილად აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა ობოლაძის განცხადება, რომ ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება, სიმართლეს შეესაბამება, ამასთან, მის მიერ დასახელებული მონაცემები ზუსტია.