თებერვალში გაფორმდა ხელშეკრულება [ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობის], აპრილში ფული ჩაურიცხეს, 9 მლნ 600 ათასი ლარი... ქვეკონტრაქტორი ამ შემთხვევაშიც „ანაგი“ იყო

ლევან ანთაძე: თებერვალში გაფორმდა ხელშეკრულება [ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობის], აპრილში ფული ჩაურიცხეს, 9 მლნ 600 ათასი ლარი... [კომპანიას] კანადურს კი ვუწოდებთ, მაგრამ რუსი დირექტორი ჰყავდა, რომელიც არ იგუგლებოდა. ქვეკონტრაქტორი ამ შემთხვევაშიც „ანაგი“ იყო. „ანაგი“ „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი კომპანიაა.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ყინულის არენისა და საცურაო აუზის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობის მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2018 წლის თებერვალში, გამარტივებული წესით, შპს „სტადიონმა“ ხელშეკრულება გააფორმა კანადური Westincor Limited-ის ქართულ ფილიალ „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოსთან“. აღნიშნული კომპანია საქართველოში რამდენიმე დღით ადრე დაფუძნდა. ხელშეკრულების ღირებულება იყო 19 990 002 მლნ დოლარი, დამატებითი ღირებულების ჩათვლით. როგორც „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, კომპანიას ქვეკონტრაქტორად შპს „ანაგი“ ჰყავდა. შპს „ანაგი“ ერთადერთი მონაწილე იყო 2024 წელს შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ამ ობიექტების მშენებლობისთვის, შემსყიდველმა მიმწოდებელს უკვე 53 943 281 ლარი უნდა აუნაზღაუროს. ეს ღირებულება მოცემულია დღგ-ის გარეშე. „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“, მშენებლობის დაწყებამდე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოემზადებინა. სამუშაოების ეს და კიდევ რამდენიმე ნაწილი შემსყიდველმა ჩაიბარა და 9 659 968.76 ლარი აანაზღაურა, რაც იმდროინდელი კურსით 3 998 000 $-ის ეკვივალენტი იყო. ამის შემდეგ მხარეებს შორის კონტრაქტი შეწყდა. 2022 წელს პროექტების მართვის კომპანიამ, ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის, თანხა კიდევ ერთხელ გადაიხადა, ამჯერად - 633 136 ლარი. შპს „ანაგი“ აჭარაში არაერთ მსხვილ პროექტს ახორციელებს. კომპანიის დირექტორმა 60 000 ლარი „ქართულ ოცნებას“ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს შესწირა, ხოლო 100%-იანი წილის მმართველმა ღიად დააფიქსირა „რუსული კანონის“ მხარდაჭერა. რაც შეეხება კანადურ კომპანია Westincor Limited-ს, მისი დირექტორების შესახებ დეტალურად სტატიაში წაიკითხავთ.

შესწავლილ წყაროებზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრი“ ლევან ანთაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

ანალიზი:

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძემ განაცხადა:

„თებერვალში გაფორმდა ხელშეკრულება [ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობის], აპრილში ფული ჩაურიცხეს, 9 მლნ 600 ათასი ლარი... [კომპანიას] კანადურს კი ვუწოდებთ, მაგრამ რუსი დირექტორი ჰყავდა, რომელიც არ იგუგლებოდა. ქვეკონტრაქტორი ამ შემთხვევაშიც „ანაგი“ იყო. „ანაგი“ „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი კომპანიაა“.

2018 წლის თებერვალში შპს „სტადიონსა“ (რომელიც ახლა შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ სახელით ოპერირებს) და კანადური Westincor Limited-ის ქართულ ფილიალ „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“ შორის 19 990 002 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებული წესით გაფორმდა. აღნიშნული კომპანია საქართველოში რამდენიმე დღით ადრე დაფუძნდა. კომპანიას ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ყინულის არენისა და საცურაო აუზის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ევალებოდა. „ვესტინკორ ლიმიტედ საქართველოს“ რამდენიმე ქვეკონტრაქტორი ჰყავდა. მათ შორის იყო „ანაგი“, რაც 2018 წელს „ბათუმელებს“ შპს „სტადიონის“ ყოფილმა დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ დაუდასტურა.

გამარტივებული შესყიდვით გაფორმებული ხელშეკრულების (CMR180064915) ფარგლებში, მიმწოდებელმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაწილი და სხვა სამუშაოები შეასრულა, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით. შემსყიდველმა კომპანიას აპრილში 9 659 968.76 ლარი აუნაზღაურა, რაც იმდროინდელი კურსით 3 998 000 $-ის ეკვივალენტი იყო. ეს დასტურდება საგადასახადო დავალების დოკუმენტით. 2020 წლის აპრილში კი შემსყიდველმა კომპანიის დირექტორს წერილობით აცნობა, რომ კონტრაქტს წყვეტდა. წერილში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა შედგენილია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით, არ არის შედგენილი ლოკალურ რესურსული მეთოდით, მიმდინარე საბაზრო ფასების გათვალისწინებით და არ იძლევა სრულ ინფორმაციას მასში მოყვანილ შესასრულებელ სამუშაოებზე. ამასთანავე, საუბარია კომპანიის მიერ ვადების დარღვევასა და სხვა გარემოებებზე. საბოლოოდ, შემსყიდველმა მიმწოდებელს კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ცენტრალური ოფისისთვის შეტყობინების გაგზავნა სთხოვა და საარბიტრაჟო დავაც არ გამორიცხა. თუმცა საარბიტრაჟო დავამდე საქმე არ მისულა. მხარეები შეთანხმდნენ და „ვესტინკორ ლიმითედმა“ შპს „სტადიონს“თანხა იქით გადაახდევინა. ამის შესახებ 2022 წლის ივნისში ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია, რომელიც ეხება „ვესტინკორ ლიმითედისთვის“ 10 მლნ დოლარის გადარიცხვის თემას. მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე „ფაქტ-მეტრმა“ ასევე დეტალურად გააანალიზა ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესები. ამიტომ აღნიშნულ გარემოებებზე ამ სტატიაში დაწვრილებით აღარ მოვყვებით. საინტერესოა, რომ მხარეებს შორის უთანხმოება თავდაპირველად სწორედ ხარჯთაღრიცხვასთან მიმართებით წარმოიშვა. კერძოდ, „Westincor Limited-მა“ შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო ხარჯთაღრიცხვა 24 892 408 აშშ დოლარზე შეადგინა და „სტადიონს“ ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გაუგზავნა. შემსყიდველმა კონტრაქტორს აცნობა, რომ სახელშეკრულებო ღირებულებაზე მეტს ვერ გადაიხდიდა და ფასის დაკორექტირება და ახალი ფასების ადეკვატურობაზე ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა მოითხოვა. „Westincor Limited-მა“ ფასი ამჯერად - 21 048 382 აშშ დოლარამდე დასწია, თუმცა შპს „სტადიონისთვის“ ესეც მიუღებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, კონტრაქტორმა ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარამდე დაიყვანა.

კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, 2022 წელს, „პროექტების მართვის კომპანიამ“ ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება შპს „BWC-სგან“ 633 136 ლარად შეისყიდა. გამოდის, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, ფაქტობრივად, თანხა ორჯერ გადავიხადეთ. თითქმის ორი წლის შემდეგ კი, 2024 წლის მარტში, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, იმავე მისამართზე ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობის შესყიდვის მიზნით, ახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი იყო შპს „ანაგი“, რომელიც წინა ჯერზე „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“ ქვეკონტრაქტორი იყო, ანუ იმ კომპანიის, რომელთანაც 2018 წლის თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა. ამჯერად სახელშეკრულებო ღირებულება 53 943 281 ლარია, დამატებითი ღირებულების გარეშე. შეგახსენებთ, რომ კანადური კომპანიის ქართულ ფილიალთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება იყო 19 990 002 $, დღგ-ის ჩათვლით. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს 1 აშშ დოლარის კურსი 2.416 ლარი იყო, გამოვა, რომ სახელშეკრულებო ღირებულება იმ დროს დაახლოებით 48 295 800 ლარს შეადგენდა. შედარებისთვის, ხელშეკრულების გაფორმების დროს 1 $ გაცვლითი კურსი იყო 2.6797 ლარი. ეს ნიშნავს, რომ ახალი ხელშეკრულების ღირებულება 20 მლნ $-ს აღემატება და ეს - დღგ-ის გარეშე.

რაც შეეხება Westincor Limited-ს, მას ორი დირექტორი ჰყავს. ერთ-ერთი, ოლეგ ზატულოვსკი, არის სწორედ „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“ დამფუძნებელი და დირექტორი, ანუ პირი, რომელმაც შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასთან“ ხელშეკრულება გააფორმა. ის კანადის მოქალაქეა, თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინიდანაა, რადგან უმაღლესი განათლება მიღებული აქვს პრიდნიპროვსკის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიაში. მეორე დირექტორად მითითებულია დიმიტრი როგოჟანსკი (Dmirti Rogojanski). როგოჟანსკის მიერ linkedin-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ის უკრაინიდანაა, დამთავრებული აქვს დნიპროპეტროვსკის სარკინიგზო ტრანსპორტის უნივერსიტეტი. მისი ფოტოთი ჩვენ ინტერნეტში სხვა ინფორმაციაც მოვიძიეთ. ჯერ კიდევ 2007 წელს როგოჟანსკი უკრაინაში პრესკონფერენციას ესწრება. 2012 წელს კი ის უკვე ინტერვიუს აძლევს რუსულ „კომერსანტს“, როგორც „West International-ის“ გენერალური დირექტორი.

„Westincor Limited“-ის ვებსაიტზე გადასვლისას, პირველი, რაც თვალშისაცემია, არის უკრაინის მხარდამჭერი ტექსტი, რომელსაც კომპანია მთავარ გვერდზე აქვეყნებს. მის პროექტებს შორის კი იძებნება ბათუმის ყინულის არენისა და საცურაო აუზის ესკიზები.

წყარო: https://westincor.com/projects

როგორც ამავე ვებსაიტზეა მითითებული, კომპანიას ფილიალები აქვს ირლანდიაში, ახალ ზელანდიაში, უკრაინასა და საქართველოში. მხარდამჭერ კომპანიებს შორის კი გვხვდება Behlen Steel Buildings, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელ Instagram-ზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია დიმიტრი როგოჟანსკის ფოტოთი. ინფორმაცია აუდიტორიას აუწყებს, რომ Behlen-ი, ყველა სირთულის მიუხედავად, თავის პროექტებს რუსეთში განახორციელებს. „ჩვენ გვჯერა ჩვენი პროდუქტების წარმატების, ჩვენ გვწამს რუსეთის (Мы верим в успех наших продуктов, мы верим в Россию!)“, ვკითხულობთ ტექსტში. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებულია 2015 წელს. გარდა ამისა, ჩვენ მოვიძიეთ დოკუმენტი, რომლითაც კანადური კომპანია Behlen-ის წარმომადგენლობა რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში აძლევს რწმუნებას ერთ-ერთ ბელარუსულ კომპანიას, იყოს კანადური კომპანიის ინტერესების წარმომადგენელი ბელარუსის ტერიტორიაზე. დოკუმენტს ხელს აწერს დიმიტრი როგოჟანსკი.

ამდენად, „Westincor Limited-ის“ დირექტორი მართალია, უკრაინელია, მაგრამ მისი ბიზნესინტერესები მჭიდროდ უკავშირდებოდა რუსეთს (ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, 2015-2018 წლებს მოიცავს. ამდენად ვერ ვადასტურებთ, რომ ეს ურთიერთობა რუსეთის მიერ უკრაინაში 2020 წელს დაწყებული ომის შემდეგაც გრძელდება).

ინფორმაცია შპს „ანაგის“ შესახებ: კომპანიის დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი მართლაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, 2023 წლის ბოლოს მმართველ პარტიას 60 000 ლარი შესწირა. 2012 წელს კი 9 000 ლარი გადაურიცხავს პარტიისთვის „საქართველო არ იყიდება“. „ანაგის“ მესაკუთრე ნანა აროშიძეა, რომელსაც, ასევე, 2012 წელს პარტიისთვის „საქართველო არ იყიდება“ 60 000 ლარი შეუწირავს. რაც შეეხება 100%-იანი წილის მმართველ ზაზა გოგოტიშვილს, ის „რუსული კანონის“ (კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) მხარდამჭერია, რაც 2024 წლის აპრილის მოვლენების ფონზე, ღიად დააფიქსირა.

„ფაქტ-მეტრის“ მიერ მოძიებულ წყაროებზე დაყრდნობით, ლევან ანთაძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით: სიმართლე.