კონკრეტული ადამიანი არ არსებობს ბუნებაში, ვინც ეჭვმიტანილია, ან შესაძლო ეჭვმიტანილია სამომავლოდ „მაიდანის“ მოწყობაში

იაგო ხვიჩია: კონკრეტული ადამიანი არ არსებობს ბუნებაში, ვინც ეჭვმიტანილია, ან შესაძლო ეჭვმიტანილია სამომავლოდ „მაიდანის“ მოწყობაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, იაგო ხვიჩიას განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

2024 წლის 17 ივნისს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „მგონია, რომ ხელისუფლება თვითონ აპირებს საკუთარ თავს „მაიდანი“ მოუწყოს იმდენს გაიძახის „მაიდანი“, „მაიდანიო“, მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანები არ არსებობს ბუნებაში, ვინც ეჭვმიტანილია, ან შესაძლო ეჭვმიტანილია სამომავლოდ „მაიდანის“ მოწყობაში.

„ფაქტ-მეტრმა“ იაგო ხვიჩიას განცხადება გადაამოწმა.

რუსული კანონის ფართომასშტაბიანი პროტესტის კვალდაკვალ, კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსები მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარების გეგმაზე სისტემატურად აპელირებენ. უფრო კონკრეტულად, ისინი იუწყებიან, რომ საქართველოში ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების, ასევე, საერთაშორისო ატქორებისან შემდგარი დესტრუქციული ძალები „ევრომაიდნის“ მოწყობას ცდილობენ.

რამდენიმე განცხადება იხ. ქვემოთ:

ირაკლი კობახიძე: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ“.

დიმიტრი ხუნდაძე: „ჩვენ ვართ ქვეყანა, სახელმწიფო და არ ვაპირებთ, რომ ასეთი აურზაური შევქმნათ და ქვეყანა მივიდეს მაიდანიზაციამდე“.

ირაკლი ქადაგიშვილი: „ძალადობა ეს არ არის საზოგადოების მოთხოვნა. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური ჯგუფების და ე.წ. NGO-ების მოთხოვნა, ვინც მაიდანი ვერ მოაწყო“.

შალვა პაპუაშვილი: „ორი თვის განმავლობაში ვნახეთ მუქარა, შანტაჟი, კანონის სტიგმატიზება, ვიხილეთ უცხო ქვეყნების მინისტრები ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში „ევრომაიდნის“ მოწყობის შესახებ ოპოზიციურ გეგმებზე, მმართველი გუნდი ჯერ კიდევ 2014 წლიდან ლაპარაკობდა. იმ დროისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იუწყებოდა, რომ დესტაბილიზაციის გეგმაში ჩართული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები პროვოკაციულ, ფორსმაჟორულ სიტუაციებს შექმნიდნენ.

ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით - „შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“ წარიმართა. იმჟამინდელმა შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ, განაცხადა, რომ გამოძიების შედეგები საზოგადოებას „აუცილებლად საჯაროდ ეცნობებოდა“, თუმცა ამ საქმის მსვლელობის დეტალები, კერძოდ, რა ეტაპზეა დღეისათვის გამოძიება, ან საერთოდ გრძელდება, თუ - არა ის, დღემდე უცნობია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, დასჯადია, როგორც საქართველოს ხელისუფლებაში პოლიტიკური პარტიების, მოძრაობებისა და სხვა პოლიტიკური ძალების არაკონსტიტუციური გზით მოსვლის მცდელობა (შეთქმულება), რაც დამთავრებულ დანაშაულად პირთა ჯგუფის საიდუმლო შეთანხმების მომენტიდან მიიჩნევა, ასევე, ამ შეთქმულების რეალიზაციის დაწყება (ამბოხება). აქედან გამომდინარე, თუ სახელმწიფო მოიპოვებს ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ თუნდაც, მხოლოდ საფუძვლების მომზადებაზე (მაგალითად,საიდუმლო შეთანხმებაზე) შეიტყობდა მას გამოძიება უნდა დაეწყო. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება და მათზე სათანადო რეაგირება ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების დასაცავად უმნიშვნელოვანესია. აღნიშნულის მიუხედავად, ევრომაიდნის სცენარები პოლიტიკოსთა რიტორიკას არ გასცდენია. სახელმწიფო უწყებებს საზოგადოებისთვის დღემდე არ უცნობებიათ გამოძიების დაწყების შესახებ. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ იაგო ხვიჩიას განცხადებას ვერდიქტით „სიმართლე“ აფასებს.

„ევრომაიდნის“ სცენარების გარდა, მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ გეგმებზე საზოგადოებას ინფორმაცია არაერთხელ მიეწოდა. ბრალდებებს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები თუ მმართველ გუნდთან დაკავშირებული პოლიტიკოსები ოპოზიციისა და ზოგჯერ, საერთაშორისო აქტორების მისამართით ავრცელებდნენ, თუმცა ამ კატეგორიის საქმეთა გამოძიების ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, მათი სამართლებრივი მსვლელობა, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის უცნობია, ზოგჯერ პოლიტიკოსთა რიტორიკას არ სცდება, ზოგჯერ კი გამოძიების დაწყების მიუხედავად, ამ პროცესუალურ ეტაპზევე ჩერდება.

„სახელმწიფოს გადატრიალების“ საქმეების ნაწილი და მათი საპროცესო ისტორია იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში