2024 წლის იანვარში 11 977 ოჯახი არის რეგისტრირებული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში, ჯამში - 41 908 მოქალაქე

რევაზ ხარაზი: „ქართული ოცნების“ 11-წლიანი მმართველობა განსაკუთრებით მძიმედ აისახა ჩვენს ქალაქზე. 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული სტატისტიკით, ჩვენს ქალაქში 11 977 ოჯახი არის რეგისტრირებული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში, ჯამში, აქედან 41 908 მოქალაქეა ამ ბაზაში მოხვედრილი.

ვერდიქტი: რევაზ ხარაზის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2024 წლის იანვრის მდგომარეობით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში, ბათუმის მასშტაბით, რეგისტრირებული იყო 11 977 ოჯახი/41 908 ადამიანი. აღნიშნული მონაცემები, 2023 წლის იანვართან შედარებით, გაზრდილია, კერძოდ, შარშან, წლის დასაწყისში, რეგისტრირებულთა რაოდენობა 11 510 ოჯახს/39 858 ადამიანს შეადგენდა. ამასთანავე, როგორც რეგისტრირებულთა, ისე ფულადი შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში იყო. მიუხედავად ამისა, სოციალური დახმარების პროგრამის ბაზაში რეგისტრირება არ გამოდგება ქალაქში არსებული ზოგადი სოციალური ფონის შეფასების ობიექტურ კრიტერიუმად. წლების განმავლობაში, სოციალური დახმარების პოლიტიკაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, კოვიდპანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ამ კრიზისის პარალელურად, სოციალური დახმარების ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმებაზე გამოცხადებულმა მორატორიუმმა თუ სხვა ობიექტურმა გარემოებებმა, რომლებიც პოლიტიკოსმა ყურადღების მიღმა დატოვა, მშრალად რიცხვების შედარება ნაკლებ რელევანტურად აქცია. ამდენად, პოლიტიკოსის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რევაზ ხარაზმა განაცხადა: „ქართული ოცნების“ 11-წლიანი მმართველობა განსაკუთრებით მძიმედ აისახა ჩვენს ქალაქზე. 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული სტატისტიკით, ჩვენს ქალაქში 11 977 ოჯახი არის რეგისტრირებული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში, ჯამში აქედან 41 908 მოქალაქეა ამ ბაზაში მოხვედრილი“.

რეზო ხარაზი, რეგისტრირებულთა რაოდენობის დასახელებისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეყრდნობა. ბაზაში რეგისტრირებულთა (და ფულადი შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა კი ცვალებადია. მასზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგალითად, ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილება, ოჯახის ქულების გამოთვლის მეთოდოლოგიის შეცვლა, პროგრამის გაფართოება და სხვა. იმისთვის, რომ წინა და მოქმედი ხელისუფლებების პირობებში არსებული მდგომარეობა შევადაროთ, საანგარიშო პერიოდად 2010-2024 წლების იანვრის თვის მონაცემებს გაგაცნობთ.

გრაფიკი 1. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისა და მოქალაქეების რაოდენობა ბათუმში, 2010-2024 წლების იანვრის თვის მიხედვით

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

გრაფიკი 1 აჩვენებს, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისა და მოქალაქეების რაოდენობა ცალსახად კლების ან მატების ტენდენციით არ ხასიათდება. თუმცა 2010-2012 წლებში, შესაბამისად, 10 000-ისა და 33 000-ისთვის არასდროს მიუღწევია. 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, მუდმივად იზრდებოდა, ხოლო 2017 წელს მკვეთრად შემცირდა. ამის მიზეზად სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭებისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია უნდა მივიჩნიოთ, რომელიც 2015 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. თუმცა 2018 წლიდან რაოდენობა თანდათან იზრდება. სტატისტიკის შეფასებისას ცალკე უნდა გამოვყოთ 2020-2021 წლების პანდემია, როცა, ეკონომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, სახელმწიფოსგან დახმარების მიღება მეტ მოქალაქეს დასჭირდა და სოციალური დახმარების პროგრამა გაფართოვდა. ამასთანავე, პანდემიის დროს დაწესდა მორატორიუმი ოჯახების შემოწმებაზე. ამდენად, გაიზარდა როგორც რეგისტრირებულთა, ისე მიმღებთა რიცხვი. ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა მომდევნო - 2022-2024 წლებშიც იზრდებოდა, რაც მიმართვიანობის ზრდით იყო განპირობებული.

ცნობისთვის, სახელმწიფო ფულადი სოციალური (საარსებო შემწეობის) და სხვა სახის დახმარების სახელმწიფო პროგრამას სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს. ოჯახები, რომლებიც თვლიან, რომ დახმარებას საჭიროებენ, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირდებიან. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ოჯახს შესაბამისი სარეიტინგო ქულა ენიჭება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო გადაწყვეტს, რა სახის დახმარება ეკუთვნის ოჯახს. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. რეგისტრირებულთა შორის, ფულად შემწეობას მხოლოდ იმ ოჯახების წევრები იღებენ, რომლებიც 120 001 ქულამდე სხვადასხვა კატეგორიაში შედიან. ამდენად, რეგისტრირებული პირი შესაძლოა ფულად შემწეობას არ იღებდეს, მაგრამ სხვა სახის მხარდაჭერა სჭირდებოდეს. მაგალითად, ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ100 001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სხვადასხვა საჭიროება უფინანსდებათ, როგორიცაა გეგმური ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება და სხვა.

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას უმრავლესობის მხრიდან მოჰყვა მოთხოვნა, რომ მიმღებთა რაოდენობაც დაესახელებინა. თუმცა რევაზ ხარაზმა თავისი სიტყვა ისე დაასრულა, რომ მიმღებთა რაოდენობა არ უთქვამს. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული სტატისტიკაც შეისწავლა. ირკვევა, რომ 2016 წლის იანვრის შემდეგ, 2024 წლის იანვრის მონაცემების თანახმად, მიმღებთა რაოდენობა 12 065 ადამიანით გაიზარდა.

გრაფიკი 2. მიზნობრივი შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2016-2024 წლების იანვრის თვის მიხედვით

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

შენიშვნა: 2023 წლის მაჩვენებელი მოიცავს იმ ოჯახების/პირთა რაოდენობასაც, რომლებიც ჩართული არიან საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში და ხელფასთან ერთად, ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი უნარჩუნდებათ.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო, მკვეთრად გაიზარდა შემწეობის მიმღები ოჯახების და პირთა რაოდენობა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეკონომიკური აღმავლობის პირობებშიც, მათი რიცხვი პანდემიამდელ ნიშნულზე გაცილებით მაღალია. ვინაიდან სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის ბოლოს ამოქმედდა, აქვე გეტყვით, იმ წლის დეკემბერში, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების გათვალისწინებით, საარსებო შემწეობას 21 154 პირი იღებდა. 2023 წლის დეკემბერში - 19 241 ადამიანი, ხოლო წელს იანვარში - 19 223 ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ მიმღებ პირთა რიცხვი, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 1,931-ით შემცირდა, ხოლო შარშან დეკემბერთან შედარებით, შემწეობას 18 ადამიანით ნაკლები იღებს.

პოლიტიკოსი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობის ზრდას სოციალური მდგომარეობის შესაფასებლად იყენებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ბაზაში რეგისტრაციის სურვილი, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ პირმა/ოჯახმა თავი სოციალურად დაუცველად მიიჩნია და ეს მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე გარკვეულ წარმოდგენას ნამდვილად გვიქმნის. მიუხედავად ამისა, ცალკე აღებული ეს მონაცემი ორი მიზეზის გამო არ არის სოციალური მდგომარეობის შეფასების რელევანტური გზა: 1. მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, სააგენტოსადმი განცხადების მიმართვის შემდეგ, რა ქულით შეაფასა სააგენტომ ამ ოჯახების მდგომარეობა; 2. დროთა განმავლობაში, შეიცვალა მეთოდოლოგია, სოციალური შემწეობის მიღების კრიტერიუმი 100-დან 120 ათას ქულამდე გაიზარდა, კოვიდპანდემიის პირობებში კი სააგენტოს განსაკუთრებით ბევრმა ოჯახმა მიმართა, გამოცხადდა მორატორიუმი დახმარების მიმღებთა ხელახლა გადამოწმებაზე, ამოქმედდა დასაქმების პროგრამა და ა.შ. ამგვარად, ცალსახად, კონტექსტის გარეშე, ერთმანეთთან ძველი და ახალი მონაცემების შედარება მიზანშეწონილი აღარაა, როგორც ბაზაში რეგისტრირებულების, ასევე სოციალური დახმარების მიმღებთა ნაწილში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი რიცხვები ზუსტია, თუმცა სრული კონტექსტი განცხადებიდან არ იკვეთება. შესაბამისად, რევაზ ხარაზის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.