დავით სირაბიძე: 2023 წელს ქედაში სოციალური სახლის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, თუმცა სოციალური სახლის მშენებლობა მუნიციპალიტეტში დღემდე არ არის დაწყებული
ვერდიქტი: დავით სირაბიძის განცხადება არის სიმართლე.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის აპრილის დასაწყისში გამოაცხადა 7 მლნ 080 ათასი ლარის სავარაუდო ღირებულების ელექტრონული ტენდერი, რომელიც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე, სოციალური სახლის მშენებლობას ითვალისწინებდა. იმავე თვის ბოლოს ტენდერი შეწყდა, რადგან გადაწყდა, რომ უპრიანი იქნებოდა დოკუმენტაციის ცალკე ტენდერით შესყიდვა. ივნისში მართლაც გამოცხადდა კონკურსი, რომლის გამარჯვებულსაც დოკუმენტაცია 283 000 ლარად უნდა მოემზადებინა. ერთ თვეში საკონკურსო კომისია შეიკრიბა. სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ დავალება გულისხმობდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას 50-ბინიანი სახლის მშენებლობისთვის. გეოლოგიური კვლევებით კი დადგინდა, რომ დამეწყრილი და რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების დასაკმაყოფილებლად, აღნიშნული ფართი საკმარისი არ იქნებოდა. კომისიამ, იმ მიზეზით, რომ დოკუმენტაცია შესაცვლელი იყო, კონკურსი შეწყვიტა. ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ოქტომბერში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ქვეპროგრამა საერთოდ ამოიღეს. 2024 წლის ბიუჯეტში ის კვლავ აისახა და 500 000 ლარი გამოიყო. ბიუჯეტის დანართში განმარტებულია, რომ ქვეპროგრამაზე, ჯამში, 6 მლნ ლარი დაიხარჯება და 2024-2025 წლებში განხორციელდება.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით სირაბიძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით სირაბიძემ განაცხადა: „2023 წელს ქედაში სოციალური სახლის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, თუმცა სოციალური სახლის მშენებლობა მუნიციპალიტეტში დღემდე არ არის დაწყებული.“
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქედაში 30-ბინიანი სოციალური სახლი აშენდებოდა, ქედის მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდზე ჯერ კიდევ 2022 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნდა. მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით (პროგრამული კოდი: 02 03 01 03), 500 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტში განმარტებულია: „სოფლებში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა საფრთხე შეუქმნა 30-ზე მეტ ოჯახს, რომელთა რისკის ზონიდან გამოყვანისთვის, საჭიროა ახალი საცხოვრებელი ფართების შექმნა. დაბა ქედაში მათი საცხოვრებლად გადმოყვანისთვის, საჭიროა 30-ბინიანი არანაკლებ 2 500 კვ. მ ფართის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც უნდა დასრულდეს 2023-2024 წლებში.“ 2023 წლის ოქტომბერში, როცა ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა, აღნიშნული ქვეპროგრამა საერთოდ ამოიღეს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2023 წლის აპრილში გამოცხადებული იყო ტენდერი, დაბა ქედაში, თამარ მეფის ქუჩა №9-ში (საკადასტრო კოდი: 21.03.35.360), მინიმუმ 3 000 კვ.მ სამშენებლო ფართზე, მრავალბინიანი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე, მშენებლობის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 მლნ 080 ათას ლარს შეადგენდა. მშენებლობა მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა. თვის ბოლოს კომისიამ ტენდერი შეწყვიტა. ოქმში განმარტებულია, რომ ვინაიდან კომპანიების უმრავლესობას არ გააჩნია Design-Build მეთოდით (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე მშენებლობა) სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, მერია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე ცალკე ტენდერს გამოაცხადებდა.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსი, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 283 000 ლარი იყო, შემსყიდველმა 2023 წლის ივნისში გამოცხადა. მასში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა - შპს „მეგავატ. ჯი“. 19 ივლისს საკონკურსო კომისია შეიკრიბა და დაასკვნა, რომ დოკუმენტაციის 50-ბინიანი სახლისთვის მომზადება პრობლემას ვერ მოაგვარებდა, რადგან გეოლოგიური კვლევების თანახმად, დამეწყრილი და რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების დასაკმაყოფილებლად აღნიშნული ფართი საკმარისი არ იქნებოდა. შესაბამისად, კონკურსი შეწყდა.
ამის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, 2023 წლის ბიუჯეტიდან ქვეპროგრამა საერთოდ ამოიღეს. სოციალური სახლის მშენებლობის (მათ შორის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა) მიზნით, 500 000 ლარი მერიამ მხოლოდ 2024 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა. ამავე ბიუჯეტის დანართის მიხედვით, ქვეპროგრამის ღირებულების საპროგნოზო მაჩვენებელი, ჯამში, 6 მლნ ლარს შეადგენს. აქედან, არსებული მდგომარეობით, 2024 წელს მხოლოდ 500 000 ლარის გახარჯვაა დაგეგმილი, რაც, ძირითადად, დოკუმენტაციის შესყიდვას მოხმარდება. პროექტი 2024-2025 წლებს მოიცავს. იქვე აღნიშნულია, რომ საუბარია საფრთხეში მყოფ 40 ოჯახზე, რომელთა უსაფრთხო საცხოვრებელში გადაყვანაც იგეგმება.
ამდენად, ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაციის გათვალისწინებით, დავით სირაბიძის განცხადება არის სიმართლე.
არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ახალი ტენდერი ჯერ არ იძებნება. ფაქტ-მეტრი დააკვირდება აღნიშნულ ქვეპროგრამასთან დაკავშირებულ პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში, საკითხს კვლავ დავუბრუნდებით.