ალექსანდრე მიქაუტაძე: ქუთაისის აეროპორტის ახალი ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოების ვადა გაჭიანურდა, ხოლო ღირებულება გაიზარდა
ვერდიქტი: ალექსანდრე მიქაუტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
განცხადება: ნაცვლად სამი თვისა, რვა თვე მიმდინარეობს [ქუთაისის აეროპორტის ახალი ავტოსადგომის მოწყობის] სამუშაოები, რომლებიც დასრულებული არ გახლავთ. ნაცვლად დაანონსებული 3.5 მლნ ლარისა, ავტოპარკინგის მოწყობა 3. 998 მლნ ლარი, დაახლოებით, 4 მლნ ლარი ჯდება
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები 2023 წლის მაისში შეისყიდა. კერძოდ, შპს „ჯიარჯისთან“ 3 843 563-ლარიანი ხელშეკრულება 30 მაისს გაფორმდა, პროექტის დასრულების საბოლოო ვადად კი ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არა უმეტეს ოთხმოცდაათი დღე განისაზღვრა. სექტემბერში მხარეებმა ხელშეკრულების ვადა გააგრძელეს. მიზეზად ნალექიანი დღეების რაოდენობა დასახელდა. იმავე გარემოების საფუძველზე, სამუშაო დღეების რაოდენობა ოქტომბერშიც გაიზარდა. მთლიანობაში, პროექტი მართლაც რვა თვეა, რაც მიმდინარეობს და ჯერაც ჩაბარებული არ არის. შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ფაქტ-მეტრთან“ განმარტა, რომ ამ ეტაპზე მიღება-ჩაბარების პროცედურები მიმდინარეობს, ხოლო მიმწოდებელს პირგასამტეხლო ეკისრება.
ნოემბერში მხარეებმა კიდევ ერთი შეთანხმება გააფორმეს და პროექტის ღირებულება 153 329 ლარით გაზარდეს. ეს ნიშნავს, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელს 3 996 892 ლარი უნდა გადაუხადოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფასის ზრდა გამოწვეულია ობიექტური გარემოებით. კერძოდ, დასაწყისში გათვალისწინებული იყო საფუძვლის მოწყობა პარკინგისთვის 14 000 მ2-ზე, ხოლო საფარის მოწყობა პარკინგისა და საავტომობილო გზებისთვის 15 000 მ2-ზე, რისთვისაც, ჯამში, 1 395 308 ლარი იყო გათვლილი. ნოემბერში ტერიტორიის ფართობი დაკორექტირდა და შესაბამისად, 21 100 მ2 და 19 500 მ2 შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა ღირებულებაც და 1 817 123 ლარი გახდა. ამ გარემოებამ სხვა სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების ზრდაც გამოიწვია. არსებული მდგომარეობით, კომპანიისთვის უკვე ანაზღაურებულია მთლიანი ღირებულების 85%, რაც 3 408 941 ლარია.
ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პოლიტიკოსის განცხადება არის მეტწილად სიმართლე, რადგან ის სწორად ასახელებს პროექტის გაჭიანურებისა და ღირებულების გაზრდის ფაქტს, თუმცა განცხადებაში არ ახსენებს მიზეზს, რის გამოც შემსყიდველს პროექტი უფრო ძვირი დაუჯდება. ამასთანავე, სამუშაოების ვადის გახანგრძლივება არ არის გამოწვეული მხოლოდ არახელსაყრელი კლიმატური პირობებით და ხარჯთაღრიცხვაც იმ დროს დაკორექტირდა, როცა პროექტი ჩაბარებული უნდა ყოფილიყო. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ 18 იანვარს თავის ფეისბუქგვერდზე უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ჯამში, 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი აქვს და აქედან ახალი 500 ავტომობილზეა გათვლილი.
ანალიზი: პარტია „ლელოს“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მიქაუტაძემ განაცხადა: „ნაცვლად სამი თვისა, რვა თვე მიმდინარეობს [ქუთაისის აეროპორტის ახალი ავტოსადგომის მოწყობის] სამუშაოები, რომლებიც დასრულებული არ გახლავთ. ნაცვლად დაანონსებული 3.5 მლნ ლარისა, ავტოპარკინგის მოწყობა 3. 998 მლნ ლარი, დაახლოებით, 4 მლნ ლარი ჯდება“.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტომანქანების პარკინგის პრობლემა უკვე არაერთი წელია, რაც აქტუალურია. საბოლოოდ, 2023 წლის თებერვალში, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. იმავე წლის 30 მაისს კი 3 843 563-ლარიანი ხელშეკრულება შპს „ჯიარჯისთან“ გაფორმდა. პროექტის დასრულების ვადად ოთხმოცდაათი კალენდარული დღე განისაზღვრა. შემსყიდველი სამუშაოებს მთლიანად საკუთარი სახსრებით აფინანსებს.
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები სამ თვეში ანუ აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და მხარეები ვადის გახანგრძლივებაზე ორჯერ შეთანხმდნენ - სექტემბერსა და ოქტომბერში. ორივე ცვლილების მიზეზად დასახელებულია წვიმიანი დღეების რაოდენობა. პირველ შემთხვევაში, სამუშაოების დასრულებისთვის მიმწოდებელს 32 დღე დაემატა, ხოლო მეორე შემთხვევაში - 12 დღე. მიუხედავად ამისა, კომპანიამ პროექტი ვერც გაზრდილ ვადაში ჩააბარა. თუმცა უკვე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მას პირგასამტეხლო დაეკისრა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულების მესამე ცვლილება პროექტის ღირებულებას შეეხო. კერძოდ, ნოემბერში ხარჯთაღრიცხვა დაკორექტირდა და ღირებულება 153 329 ლარით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობაში შემსყიდველი 3 996 892 ლარს გადაიხდის. „ფაქტ-მეტრმა“ ყურადღებით შეისწავლა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და გაარკვია, რომ ფასმა საპროექტო ტერიტორიის ზრდის გამო მოიმატა. მაგალითად, დასაწყისში გათვალისწინებული იყო საფუძვლის მოწყობა პარკინგისთვის 14 000 მ2-ზე, ხოლო საფარის მოწყობა პარკინგისა და საავტომობილო გზებისთვის 15 000 მ2-ზე, რისთვისაც, ჯამში, 1 395 308 ლარი იყო გათვლილი. ნოემბრის ცვლილებით კი ფართობმა, შესაბამისად, 21 100 მ2 და 19 500 მ2 შეადგინა. ბუნებრივია, გაიზარდა ღირებულებაც და 1 817 123 ლარი გახდა. ამ ცვლილებამ სხვა სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების მატებაც გამოიწვია. არსებული მდგომარეობით, კომპანიისთვის უკვე ანაზღაურებულია მთლიანი ღირებულების 85%, რაც 3 408 941 ლარია.
დეტალების დაზუსტების მიზნით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენელს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ 450 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე მიღება-ჩაბარების პროცედურები მიმდინარეობს. ვასილ კუნჭულიამ ასევე დაგვიდასტურა, რომ ღირებულების ზრდა საპროექტო ტერიტორიის ფართობის გაზრდამ გამოიწვია, ხოლო პროექტის გაჭიანურების მიზეზად უხვნალექიანი დღეების რაოდენობა და კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობა დაასახელა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებაში ფაქტები ზუსტადაა დასახელებული, თუმცა ის არ ახსენებს ღირებულების გაზრდის მიზეზს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხარჯთაღრიცხვა ისეთ დროს შეიცვალა, როცა პროექტი დასრულებული უნდა ყოფილიყო და კომპანიის მიერ სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად ვერ ჩაითვლება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ალექსანდრე მიქაუტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ფოტო: 1tv.ge