აჭარაში ჩვენ გვყავს 150 ათასზე მეტი ადამიანი რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ეს არის [აჭარის მთლიანი] მოსახლეობის 40%-მდე

ლევან ანთაძე: აჭარაში ჩვენ გვყავს 150 ათასზე მეტი ადამიანი რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ეს არის [აჭარის მთლიანი] მოსახლეობის 40%-მდე.

ვერდიქტი: ლევან ანთაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 146 792 ადამიანი, რაც აჭარის მთლიანი მოსახლეობის 43.6%-ს შეადგენს. ეს არის 37 532 ოჯახი ანუ რეგიონში მცხოვრები ოჯახების 41.2%. გასულ წელთან შედარებით, ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია. თუმცა მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით მცირე კლება ფიქსირდება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რეგისტრირებული მოსახლეობისა და მთლიან მოსახლეობაში რეგისტრირებულთა პროცენტულ წილს - თითქმის ზუსტად ასახელებს. მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ აღნიშნული რიცხვი არ ასახავს ფულადი შემწეობის მიმღებთა რაოდენობას, ანუ იმ მოქალაქეების რიცხვს, რომლებიც სახელმწიფომ ღარიბად მიიჩნია. სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში აჭარაში ფულად შემწეობას 66 832 პირი (ბაზაში რეგისტრირებულთა 45,5%) იღებდა. ამ გარემოებისა და განცხადების კონტექსტის გათვალისწინებით, რომ აჭარაში, შარშანდელთან შედარებით, საკმაოდ გაზრდილია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ, „ფაქტ-მეტრი“ ლევან ანთაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძემ განაცხადა: „აჭარაში ჩვენ გვყავს 150 ათასზე მეტი ადამიანი რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ეს არის [აჭარის მთლიანი] მოსახლეობის 40%-მდე“.

როგორც ცნობილია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო ფულადი სოციალური (საარსებო შემწეობის) და სხვა სახის დახმარების სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. ოჯახები, რომლებიც თვლიან, რომ დახმარებას საჭიროებენ, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირდებიან. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ოჯახს შესაბამისი სარეიტინგო ქულა ენიჭება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო გადაწყვეტს, რა სახის დახმარება ეკუთვნის ოჯახს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში, 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 146 792 ადამიანი, რაც აჭარის მთლიანი მოსახლეობის 43.6%-ს შეადგენს. ეს არის 37 532 ოჯახი ანუ რეგიონში მცხოვრები ოჯახების 41.2%.

თუ ოქტომბრის მონაცემს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ბაზაში რეგისტრირებული იყო 36 670 ოჯახი ანუ 144 727 პირი. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრირებული ოჯახების წილი - 40.2%-ს, ხოლო რეგისტრირებული მოსახლეობის წილი 43.0%-ს შეადგენდა. როგორც ვხედავთ, აჭარაში, გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებლებთან შედარებით, ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა გაზრდილია.

გრაფიკი 1. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა, 2022-2023 წლები

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

გრაფიკი აჩვენებს, რომ 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია, შესაბამისად, 862 ოჯახითა და 2 065 ადამიანით.

მიმდინარე წლის განმავლობაში ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა მცირედით მერყეობდა, გარკვეულ თვეებში უმნიშვნელო ზრდა ან შემცირება შეინიშნებოდა, თუმცა ყველა თვის მაჩვენებელი აღემატებოდა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს და, საბოლოო ჯამში, ფაქტია, რომ მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

ლევან ანთაძე რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობას თითქმის ზუსტად ასახელებს. ამასთან, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ აღნიშნული რიცხვი არ ასახავს ფულადი შემწეობის მიმღებთა რაოდენობას, ანუ იმ მოქალაქეების რიცხვს, რომლებიც სახელმწიფომ ღარიბად მიიჩნია. ამ გარემოებისა და განცხადების კონტექსტის გათვალისწინებით, რომ აჭარაში, შარშანდელთან შედარებით, საკმაოდ გაზრდილია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ, „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.