სახელმწიფოსა და დარგის სპეციალისტების ძალისხმევით, C ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში 67%-ით არის შემცირებული

ზურაბ აზარაშვილი: სახელმწიფოსა და დარგის სპეციალისტების ძალისხმევით, C ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში 67%-ით არის შემცირებული

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზურაბ აზარაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 CDC-ის დახმარებით და ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ ხელშეწყობით ამოქმედდა. ელიმინაციის პროგრამა 2020 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში C ჰეპატიტის აქტიური დაავადების გავრცელების 0.5%-მდე შემცირებას ისახავდა მიზნად. საქართველოში ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ზრდასრულ მოსახლეობაში ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი 67%-ით, 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ქვეყანაში C ჰეპატიტის გავრცელება სამიზნე მაჩვენებელს 3.6-ჯერ აღემატება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უწყვეტად გრძელდება, თუმცა 2020 წლისთვის განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა. პროგრამის მთავარი გამოწვევა მოსახლეობის დაბალი ჩართულობაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ინფიცირებული პაციენტია დიაგნოზირებული, რომელიც საჭიროებს მკურნალობას და ამ დრომდე არ არის პროგრამაში ჩართული. აღნიშნული მენეჯმენტის ხარვეზებითა და მოსახლეობასთან შესაბამისი კომუნიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული.

ჯანდაცვის მინისტრი, მხოლოდ მიღწეულ პროგრესზე აპელირებს და უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია (რომლისთვისაც ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მიეღწია) დღემდე ვერ მოხერხდა. პროგრამაში დაბალი ჩართულობა სწორედ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან მოსახლეობასთან არაჯეროვანი კომუნიკაციაზე მიუთითებს. ამრიგად, ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადება შეფასდა, როგორც მანიპულირება.

ანალიზი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით: „სახელმწიფოსა და დარგის სპეციალისტების ძალისხმევით, C ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში 67%-ით არის შემცირებული“.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის 28 აპრილს, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დახმარებით და ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ ხელშეწყობით ამოქმედდა. პროგრამა მოიცავს სკრინინგს, დაავადების დიაგნოსტიკას და ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პირთა მკურნალობას. პროგრამის ფარგლებში „გილეადი“ საქართველოს უახლესი თაობის ძვირადღირებულ ანტივირუსულ პრეპარატებს უფასოდ აწვდის. ქვეყნის მცირე მასშტაბი და C ჰეპატიტის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ის ძირითადი კრიტერიუმებია, რის გამოც საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის შეირჩა. თუ ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაცია მოხდება, ეს გლობალური ჯანდაცვის სფეროში უდიდესი მიღწევა იქნება. 2020 წელს ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევა ვერ მოხერხდა, თუმცა ელიმინაციის პროგრამა უწყვეტად გრძელდება.

საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნებს შორისაა. 2015 წელს ჩატარებული C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, დაახლოებით 150 000 ადამიანს, C ჰეპატიტის აქტიური ფორმა ჰქონდა, რომელიც მკურნალობას საჭიროებდა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავდა: აქტიური C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის დიაგნოზირებას/გამოვლენას, რაც დაახლოებით 135 000 ადამიანს შეესაბამება; ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 95%-ის (დაახლოებით 128 250 ადამიანის) მკურნალობას და 95%-ის (დაახლოებით 122 000 ადამიანის) განკურნებას. საბოლოო მიზანი ქვეყანაში C ჰეპატიტის აქტიური დაავადების გავრცელების 0.5%-მდე შემცირება იყო (რაც დაავადების გავრცელების 90%-იან შემცირებას წარმოადგენს).

CDC-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგებს აფასებს და 2021 წლის მონაცემებს ასახავს, ზრდასრულ მოსახლეობაში ქრონიკული C ჰეპატიტის პრევალენტობა 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა. აღნიშნული 67%-იან შემცირებას წარმოადგენს, რაც ერთი შეხედვით შთამბეჭდავია, თუმცა სამიზნე მაჩვენებელს (0.5%-მდე) კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან - 2022 წლის 30 ივნისამდე, გამოვლინდა 151,000 ანტი HCV დადებითი შემთხვევა. აქტიური HCV ინფექცია 98,292 პირს დაუდასტურდა. შესაბამისად, აქტიური C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 65.5%-ია გამოვლენილი, რაც სამიზნე მაჩვენებელს [90%-ის გამოვლენა] მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

მკურნალობა დაიწყო 78,683-მა ადამიანმა, რაც სამიზნე მაჩვენებლის (128,250) 61.3%-ია. დადასტურებულად ( SVR ტესტირებით) C ჰეპატიტისგან განიკურნა 55,123 პირი, რაც სამიზნე მაჩვენებლის (122 ათასი) 45.2%-ს შეადგენს. განკურნების მაჩვენებელი (იმ პირთა შორის, რომელთაც მკურნალობის დასრულების შემდგომ მიმართეს ტესტირებას) 99%-ია.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 20.1 ათასს აჭარბებს იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც C ჰეპატიტის ვირუსი დაუდასტურდა და შემდეგი კვლევებისთვის არ მიუმართავს. 14.6 ათასზე მეტია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც აქტიური C ჰეპატიტი დაუდგინდათ, საჭიროებს მკურნალობას და არ მიუმართავს მკურნალობისთვის.

ამრიგად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების მიუხედავად, 2020 წლისთვის განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების (ინფიცირებულთა 90%-ის დიაგნოზირება, 95%-ის მკურნალობა, 95%-ის განკურნება) მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა. პროგრამის მთავარი გამოწვევა მოსახლეობის დაბალი ჩართულობაა, რომელიც თავის მხრივ შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობით არის განპირობებული. ის ფაქტი, რომ ათასობით ინფიცირებული პაციენტია იდენტიფიცირებული, რომელიც საჭიროებს მკურნალობას და ამ დრომდე მათი პროგრამაში ჩართვა ვერ მოხერხდა, არასწორ მენეჯმენტზე და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობაზე მიუთითებს.

CDC-ის ანგარიშში საუბარია, რომ COVID-19-ის პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა HCV სკრინინგსა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე. თუმცა მანამდეც ცხადი იყო, რომ 2020 წლისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა ვერ მოხერხდებოდა (იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

C ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედების პირველ ეტაპზე მთელი რიგი ბარიერები არსებობდა, რაც პროგრამაში მოსახლეობის ჩართვას აფერხებდა. მაგალითად, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა (საწყის ეტაპზე, პროგრამის მომსახურების მიღება საქართველოს ყველა რეგიონში არ იყო შესაძლებელი). ჯანდაცვის სამინისტრომ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობის გაფართოება მხოლოდ 2018 წელს დაიწყო. აქვე აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ეს პრობლემა არ დგას. ასევე, პროგრამის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ფინანსური ბარიერი - პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, პირველ ეტაპზე, არ ფინანსდებოდა. ფინანსური ბარიერი პროგრამის ამოქმედებიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ მოიხსნა და 2019 წლის 1 აგვისტოდან პროგრამაში ჩასართავად საჭირო სამედიცინო კვლევები უფასო გახდა.

C ჰეპატიტის (მისი გავრცელებისა და დაავადების რისკების), ასევე ელიმინაციის პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა დღემდე მთავარ გამოწვევად რჩება. CDC-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის მიუხედავად, C ჰეპატიტის ვირუსზე ცნობიერების დონე შემცირდა (73%-2015 წელს და 66.1%-2021 წელს)“.

ჯანდაცვის მინისტრი C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგზე აპელირებს და კონკრეტულ მაჩვენებელსაც სწორად ასახელებს, თუმცა უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა ვერ მოხერხდა. აღნიშნული თავის მხრივ პროგრამის მართვის ხარვეზებითა და მოსახლეობასთან სტრატეგიული კომუნიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული.