გიორგი ვაშაძე: 10-ჯერ გაიზარდა 2003-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის ტყუილი
რეზიუმე:
ხშირად, პოლიტიკოსები მთლიან შიდა პროდუქტს დოლარში ანგარიშობენ (მაგ: იხილეთ „ფაქტ მეტრის“ სტატია). თუმცა, ნომინალური, დოლარში გამოსახული მშპ-ს შემთხვევაშიც კი, ეკონომიკა 2003-2012 წლებში დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა და არა 10-ჯერ. ნომინალური, ანუ ინფლაციის შემცველი მშპ-ს მაჩვენებელი 2003-2012 წლებში 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო რეალური მშპ, რომელიც ეკონომიკის ზრდის ობიექტური საზომია, 1.7-ჯერ გაიზარდა. არცერთი აგრეგატის შემთხვევაში, მშპ 10-ჯერ არ გაზრდილა. შესაბამისად, აღნიშნული განცხადება ფასდება ვერდიქტით ტყუილი.
ანალიზი:
2022 წლის 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ის პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციონერი დეპუტატების ჯგუფმა დაიბარა. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ვაშაძემ განაცხადა: "10-ჯერ გაიზარდა 2003-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა."
"ფაქტ-მეტრი" აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრა არაერთი მაჩვენებლით არის შესაძლებელი (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, სხვა ვალუტაში გადაყვანილი მშპ და ა.შ), თუმცა მათი უნარი, ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის.
ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს. ანალიზისთვის არარელევანტური ერთეულის შერჩევას მცდარ დასკვნამდე მივყავართ. მაგალითად - ნომინალური მშპ ინფლაციური პროცესების გავლენისაგან თავისუფალი არ არის და მისი გამოყენება დროში ანალიზისთვის (სხვადასხვა წლის მონაცემის ერთმანეთთან შედარება) არასწორია. კიდევ უფრო არასწორია ნომინალური მშპ-ს დოლარში კონვერტირებული მაჩვენებლით ხელმძღვანელობა, რომელიც გარდა ინფლაციისა, დამატებით სავალუტო რყევების გავლენას მოიცავს და რეალურ ტენდენციას ამახინჯებს.
ხშირად, პოლიტიკოსები მთლიან შიდა პროდუქტს დოლარში ანგარიშობენ (მაგ: იხილეთ „ფაქტ მეტრის“ სტატია). თუმცა, ნომინალური, დოლარში გამოსახული მშპ-ს შემთხვევაშიც კი, ეკონომიკა 2003-2012 წლებში [1] დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა და არა 10-ჯერ. ნომინალური, ანუ ინფლაციის შემცველი მშპ-ს მაჩვენებელი 2003-2012 წლებში 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო რეალური მშპ, რომელიც ეკონომიკის ზრდის ობიექტური საზომია, 1.7-ჯერ გაიზარდა. არცერთი აგრეგატის შემთხვევაში, მშპ 10-ჯერ არ გაზრდილა. შესაბამისად, აღნიშნული განცხადება ფასდება ვერდიქტით ტყუილი.
ცხრილი 1: მშპ-ს მონაცემები 2003-2012 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
[1]დამატებით განმარტებას საჭიროებს ფაქტი, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრების შედეგად მიღებული მთლიანი შიდა პროდუქტის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რამაც საქართველოს მშპ-ს მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია. სხვადასხვა წელს ზრდა განსხვავებულია. შესწორებებს მშპ-ს მონაცემები 2010 წლის შემდგომ დაექვემდებარა, შესაბამისად, 2003-2012 წლების შედარებისთვის გამოყენებული ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემებია, რაც მშპ-ს დინამიკის გამოთვლის ვალიდურ წყაროს წარმოადგენს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).