17 ათასი გარდაცვლილიდან, მინიმუმ, ნახევარი გადარჩებოდა, ჩვენ რომ შეგვძლებოდა [კოვიდვაქცინაციის] რეალური სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა

მიმდინარე წლის 2 აპრილს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მხარდაჭერით, ასევე რეგიონებში მომუშავე ექიმების ჩართულობით, ახალი ინიციატივის განხორციელება დაიწყო. მისი მიზანი საქართველოში იმუნიზაციის გაზრდაა. ინიციატივის მხარდამჭერები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი. პროექტის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები ქვეყნის ცხრა რეგიონში.

რატომ ჩავარდა ვაქცინაციის პროცესი, როგორ იმართებოდა პანდემია, რას შეცვლის ახალი ინიციატივა და როგორია სახელმწიფოს როლი არსებული პრობლემების მოგვარებაში - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე „ფაქტ-მეტრს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი აკაკი ზოიძე პასუხობს. ის პროექტის ფარგლებში ბათუმში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.  

პირველ რიგში, ზოგადად შევაფასოთ ქვეყანაში კოვიდვაქცინაციის პროცესი და გამოვყოთ ის გარემოებები, რომელთა მიზეზითაც ამ პროექტის განხორციელების საჭიროება დადგა 

სამწუხაროდ, 2021 წელს სამიზნე მაჩვენებელს ვერ მივაღწიეთ. ნაკლებია იმის ალბათობა, რომ 2022 წლის ივნისისთვის მივაღწიოთ იმ სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც COVID 19-თან [ვაქცინაციასთან] დაკავშირებით გვაქვს. ეს არის მთლიანი მოსახლეობის 70%-ის მოცვა. დღეს, 2 აპრილს, არსებული [ვაქცინაციის] ტემპი მხოლოდ 42-43%-ზე გაგვიყვანს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ მაჩვენებელში არ იქნებიან ის პრიორიტეტული ჯგუფები, რომლებიც უკვე ომიკრონის პირობებში გამოიყო, როგორც უმთავრესი სამიზნე, რათა მაქსიმალურად დავიცვათ მოქალაქეები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. ეს არის უფროსი ასაკობრივი ჯგუფი [50 წლის ზემოთ], ყველა სამედიცინო მუშაკი და იმუნოკომპრომეტირებული ანუ ვისი იმუნური სისტემაც არის დარღვეული. თუ ასაკი და ქრონიკული დაავადებაა ერთად, ეს კონტინგენტი უნდა იყოს პრივილეგირებული. არსებული სტატისტიკა პირდაპირ მეტყველებს, რომ გარდაცვლილების 95% არის ამ ასაკობრივი ჯგუფის. 

როგორ მივედით ამ კატასტროფულ შედეგამდე, ამდენი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი რა გახდა?

ჩვენ კიდევ ბევრი ადამიანი დაგვაკლდება, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია დასრულებისკენ მიდის, თუ ვირუსის რამე სახეცვლილება არ მოხდა. თუმცა პანდემია დასრულდება მხოლოდ აცრილებისთვის. აუცრელებს მომატებული რისკი და საფრთხე კვლავაც ექნებათ. ამის მიზეზი გახლდათ, რა თქმა უნდა, ის, რომ სტრატეგიული კომუნიკაციის კამპანია არ იყო საყოველთაო ეროვნულ დონეზე,  ეროვნული უსაფრთხოების დონეზე აყვანილი. ეს ვერ მოხერხდა იმ მასშტაბით, როგორც იყო დაგეგმილი. წარმატებულ ქვეყნებში, სადაც ეს შეძლეს, 80%-ს ზემოთ ვაქცინაციის პირობებში, მილიონობით დაავადებულს შორის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მინიმალური მაჩვენებელია. ვაქცინაციის მაღალ შედეგს კი სტრატეგიული კომუნიკაციის ხარჯზე მიაღწიეს. 

სტრატეგიული კომუნიკაცია არ გულისხმობს მხოლოდ მასმედიაში ურთიერთობას. ეს გულისხმობს საზოგადოების თითოეულ წევრამდე, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობებამდე,  მათთვის გასაგებ ენაზე, მათთვის სანდო წყაროს მიერ ინფორმაციის მიტანას. 

და ეს ვის უნდა გაეკეთებინა? ვისი პასუხისმგებლობაა სტრატეგიული კომუნიკაცია?

რა თქმა უნდა, სახელმწიფოა პასუხისმგებელი. თუმცა საზოგადოების დანარჩენმა ინსტიტუტებმაც ვერ გამოიჩინეს თავი. ცალკეული მედიების, ორგანიზაციების, საერთაშორისო პარტნიორების მცდელობები იყო ძალიან მისასალმებელი, მაგრამ ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან ერთიან, სისტემურ მიდგომას საჭიროებდა. 

არაერთხელ აღინიშნა, რომ მთავრობა, საკოორდინაციო საბჭო არ იყვნენ თანმიმდევრულები გადაწყვეტილებების მიღებისას. მაგალითად, „მწვანე პასპორტი“, რომელიც, ფაქტობრივად, ყველას შეიძლება, ჰქონოდა, თუმცა მალევე გაუქმდა...

ძალიან ბევრი ალოგიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული. მაგალითად, სტუმარს მოეთხოვებოდა მწვანე პასპორტი და პერსონალს, რომელსაც იგივე რისკი ჰქონდა - არა. მოკლედ, „მწვანე პასპორტმა“ ჩვენთან არ იმუშავა ისე, როგორც იმუშავა სხვაგან, იმიტომ რომ მოკლე ვადით და არათანმიმდევრულად შემოიღეს. მატერიალური დაინტერესების კამპანიამ იმუშავა. იყო წინადადება მაშინვე, რომ მეტი ყოფილიყო და მერე განაწილებულიყო ისე, რომ ფულადი დაინტერესება, პირველი დოზის შემდეგ, მესამე, ბუსტერულ დოზაზე ყოფილიყო მიბმული. ეს ხანდაზმული მოქალაქეებისთვის, სადაც ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს, წამახალისებელი იქნებოდა და პირველი დოზა ვაქცინის შემდეგ, მეორე და მესამე დოზასაც გაიკეთებდნენ.

სამედიცინო საზოგადოება მაინც რჩება ინფორმაციის ერთ-ერთ სანდო წყაროდ. აქაც იყო არათანმიმდევრულობა. მათ შორის, საყვედური ეკუთვნით საზოგადოების იმ თვალსაჩინო წარმომადგენლებს, რომლებიც, თავის გამოჩენის მიზნით, გამოთქვამდნენ განსაკუთრებულ შეხედულებებს და ისინი აბსოლუტურად არ იყო გამყარებული არანაირი პრაქტიკით. ამან საზოგადოებას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, რადგან გავლენა იქონია ბევრი ადამიანის გადაწყვეტილებაზე, გაეკეთებინა, თუ - არა ვაქცინა.

ამ „თვალსაჩინო წარმომადგენლებში“ ხომ არ გულისხმობთ პრემიერ-მინისტრს და მის განცხადებასაც, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ვაქცინა  არ მუშაობს?

ნებისმიერი ხელმძღვანელი პირის განცხადება (და მე პრემიერის გარდა, სხვების განცხადებებიც მახსენდება) იმის თაობაზე, რომ ვაქცინაცია საკმარისად არ გვიცავს, ან ეს შეიძლება არ იყოს უმთავრესი ამოცანა, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ზიანს აყენებდა. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო, რომ აცრას ალტერნატივა არ გააჩნია. ვაქცინაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი მაინც სამედიცინო საზოგადოებას აქვს. ადამიანი სოფლის ექიმს ეკითხება რჩევას და თუ ის თვითონ არ არის აცრილი, ან ურჩევს, რომ არ გაიკეთოს, ვთქვათ, ქრონიკული დაავადების ან სხვა მიზეზის გამო, ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი [ვაქცინაზე უარის თქმის]. 

ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ ვერ გადავარწმუნეთ ადამიანები, რომლებიც ყოყმანობდნენ. სახელმწიფომ თავის დროზე კარგად იმუშავა და ვაქცინა შემოიტანა. ვისაც უნდოდა ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბერში, ისინი აიცრნენ. ჩვენ, სახელმწიფო ჩავვარდით იმაში, რომ გადაგვერწმუნებინა ის 20%, ვინც ყოყმანობდა და დაგვერწმუნებინა ის 30%, რომელიც უფრო უარს ამბობდა ვაქცინაციაზე, ვიდრე ეთანხმებოდა. ერთიანი საკომუნიკაციო კამპანიის არარსებობა, არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღება და მესამე - სოფლის და ოჯახის ექიმების არასაკმარისი ჩართულობა, როგორც ეს სხვა ქვეყნებში იყო -  ეს არის ამ პრობლემის სამი ძირითადი მიზეზი. თანამდებობის პირების განცხადებები  კი ძალიან ცუდია, მაგრამ მაგის გამო ჩავარდა ვაქცინაცია - ამას ვერ ვიტყვი.

რაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ სამედიცინო პერსონალის არც თუ მცირე ნაწილს კოვიდვაქცინისა და ვაქცინაციის შესახებ დღემდე ბევრი ეჭვი აქვს?

ასეთ კითხვებს განვითარებული ქვეყნების ექიმებიც სვამენ. აქ მთავარი სხვა რამეა: სამედიცინო საზოგადოებაში ერთიანი კონცენტრირებული გზავნილები უნდა მოდიოდეს. ვიწრო პროფესიულ წრეში უნდა განიხილებოდეს ნებისმიერი საკითხი. კომუნიკაცია არ იყო-მეთქი, ვერ ვიტყვი. უამრავი ტრენინგი ჩატარდა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. სხვა თემაა, ონლაინ ტრენინგები რამდენად ეფექტურია. [ონლაინ ტრენინგის მონაწილე] ჩართავდა ამ ტრენინგს და მერე ან ქათამს უვლიდა, ან ბავშვებს უვლიდა...

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ფაიზერის“ ვადის გასვლა ფინანსურად არ დაგვაზარალებს, რადგან ის ნაჩუქარი იყო. სწორედ ვაქცინაციის შედეგად უნდა შემცირებულიყო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რაც, თავის მხრივ, ჯანდაცვის ხარჯებს შეამცირებდა. 17 ათასი ადამიანის გარდაცვალება, ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში, იყო, თუ - არა აუთვისებელი ვაქცინების გამო, ანუ ჩავარდნილი ვაქცინაციის გავლენით მიღებული ზარალი?

ზოგადად, კოვიდის გამო რომ ვიზარალეთ, ვერ მოვახერხეთ ვაქცინაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა, ეს რომ საშინელება იყო, რის გამოც მივიღეთ არა მხოლოდ ფინანსური, პირველ რიგში, ადამიანური ზარალი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზარალი, ეს გასაგებია. რა თქმა უნდა [სახელმწიფომ] ზარალი ნახა. მინისტრმა თქვა, რომ კონკრეტულად ამ პარტიის [ვაქცინის] ვადის გასვლით, არ მიუღია ფინანსური ზარალი ბიუჯეტს, რაც, შესაძლოა, როგორც პირდაპირ ნათქვამი, მართალია. ვაქცინაციის ჩავარდნაზე გეტყვის ის, რომ მე არ მითქვამს, ვაქცინაციის სამიზნე მაჩვენებლის [მიუღწევლობის] გამო, ქვეყანას ზარალი არ მიუღიაო. რა თქმა უნდა, მიიღო. ეს არის უდიდესი ზარალი. 17 ათასი გარდაცვლილიდან, მინიმუმ, ნახევარი გადარჩებოდა, ჩვენ რომ შეგვძლებოდა რეალური სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა. ვაზუსტებ: ვაქცინის გახარჯვის მაჩვენებელი კი არ არის მთავარი ჩვენთვის, მთავარი სამიზნე მაჩვენებლის მიღწევაა, მოსახლეობის რა ნაწილი მოვიცავით და რომელი ასაკობრივი ჯგუფი.

ამ ახალი ინიციატივის მიზანი საქართველოში იმუნიზაციის მაჩვენებლების გაზრდაა. როგორ განხორციელდება ეს, ვინ იქნება ჩართული და რა როლი აქვს ამაში სახელმწიფოს?

ეს არის მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრას ხელი შევუწყოთ. კოვიდი არსად არ წავა. შეიძლება, პანდემია დასრულდეს, მაგრამ ენდემური დაავადება გახდეს. ეს ნიშნავს, რომ პერიოდულად, როგორც გრიპის სეზონური აფეთქებები გვაქვს, ასე მოხდეს შეცვლილი შტამების სახით ამ დაავადების აფეთქება. შესაბამისად, ვაქცინაცია არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა ანტივაქსერული მოძრაობა, რომელმაც მოახერხა და დეზინფორმაციით უზარმაზარი ზიანი მოუტანა ვაქცინაციის პროცესს. კარგია, რომ „ფაქტ-მეტრი“ დეზინფორმაციას ებრძვის, მაგრამ ყველას ვერ გასწვდები. დეზინფორმაციამ ვაქცინების მიმართ ნდობა შეასუსტა. ეს პროექტი არის „ექიმები ექიმებისთვის“. მათთვის პატივსაცემ კოლეგებთან ურთიერთობით განვამტკიცოთ ექიმების, სამედიცინო პერსონალის ცოდნა. ეს კითხვები, რომლებიც აქვთ, დასვან. თუ ადამიანს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, დარწმუნებით პაციენტს ვერ ელაპარაკება. ოჯახის ექიმები, სოფლის ექიმები ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლები არიან და მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენ ახლა ვქმნით ჯგუფს, ერთგვარ ქსელს ვაკეთებთ, კითხვებს გამოგზავნიან, ექსპერტების პასუხებს მიიღებენ და ეს იქნება დახურული, რომ არ მოერიდოთ კითხვის დასმა. ეს არის გრძელვადიანი პროექტი. იმედი გვაქვს, რომ ამით ხელს შევუწყობთ სამიზნე მაჩვენებელზე გასვლას. პირველ სამ თვეში ველოდებით გაუმჯობესებას. 

სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ სტრატეგიული კომუნიკაციის კამპანია წარმართულიყო ისე, როგორც უნდა წარმართულიყო. სამწუხაროდ, შედეგი სახეზეა და მე შედეგების მიხედვით ვმსჯელობ. დანარჩენად, დასკვნა გამოიტანოს საზოგადოებამ, მათ შორის, არჩევნების მეშვეობით. მეორეა, აწი სად ვხედავ სახელმწიფოს როლს. ძალიან დიდი როლი აქვს სახელმწიფოს ამ პროცესში. პირველ რიგში, ამ ექიმებს სჭირდებათ მხარდაჭერა სამინისტროს მხრიდან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან უჭერს მხარს პირველადი ჯანდაცვის სისტემას და ექიმებს, მაგრამ ეს მხარდაჭერა აუცილებლად ყველა დონეზე უნდა იყოს. ამ პროექტში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩართულია, მისი მხარდაჭერით ხორციელდება და იმედი მაქვს, რომ ერთჯერადი არ იქნება. ამის გარდა, ძალიან დიდ იმედი მაქვს და ეს საშვილიშვილო საქმე იქნება, თუ პირველადი ჯანდაცვის მასშტაბური რეფორმა დაიწყება.