ანა ბიბილაშვილი: ბოლო ოთხ წელში 5-ჯერ შემცირდა ინვესტიციები თბილისში.
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანა ბიბილაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე
2020 წელს, ინვესტიციები ბოლო 15 წლიან მინიმუმამდე შემცირდა. მთელ საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) მოცულობა 572 მლნ აშშ დოლარი იყო, აქიდან თბილისზე 326 მლნ პუი მოდიოდა, რაც 2016 წელთან შედარებით 4.3-ჯერ კლებას წარმოადგენს და არა ხუთჯერ. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ 2020 წელს, ინვესტიციების მკვეთრი კლება, წინა წლებში დაფიქსირებულ ტენდენციასთან ერთად, ნაწილობრივ პანდემიურ კრიზისთან იყო დაკავშირებული, რაც მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 2019 წლისთვის, 2016 წელთან შედარებით, პუი თბილისში დაახლოებით 1.5-ჯერ იყო შემცირებული.
ანა ბიბილაშვილის განცხადებაში, არ იკითხება ინვესტიციების შემცირებაში, პანდემიასთან დაკავშირებული ფაქტორის გავლენა, რაც როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში არსებითი იყო. პანდემიური დინამიკის პანდემიამდელ მონაცემებთან შედარება, ნაკლებად რელევანტურია. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანა ბიბილაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლეა.
ანალიზი
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა ინტერნეტ გამოცემა „ტაბულასთან“ ინტერვიუში განაცხადა:
„ბოლო ოთხ წელში 5-ჯერ შემცირდა უცხოური ინვესტიციები თბილისში”. ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა აღნიშნული განცხადება გადაემოწმებინა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში არანაკლებ 10%-ის ან მისი ეკვივალენტის წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს.
2016 წელს, საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1.65 მლრდ აშშ დოლარი იყო, საიდანაც თბილისზე 1.41 მლრდ დოლარი მოდიოდა. 2016-2017 წლებში, პუი იზრდებოდა და 2017 წლისთვის, თბილისში 1.53 მლრდ აშშ დოლარი ინვესტიციები დაფიქსირდა. თუმცა, 2018 წელს, წინა პერიოდებთან შედარებით პუი მკვეთრად, დაახლოებით 30%-ით შემცირდა. ინვესტიციების კლება გაგრძელდა 2019 წლისთვისაც.
გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2016-2020 წლებში, მლნ აშშ დოლარი
წყარო: საქსტატი
2020 წელს, ინვესტიციები ბოლო 15 წლიან მინიმუმამდე შემცირდა და თუ მთელ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 572 მლნ აშშ დოლარი იყო, აქიდან თბილისზე 326 მლნ პუი მოდიოდა, რაც 2016 წელთან შედარებით 4.3-ჯერ კლებას წარმოადგენს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ 2020 წელს, ინვესტიციების კლება, წინა წლებში დაფიქსირებულ ტენდენციასთან ერთად, ნაწილობრივ პანდემიურ კრიზისთან იყო დაკავშირებული, რაც მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.