არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა და კატასტროფული შეცდომა იყო, თუმცა ყველა მოძალადე იქნა დასჯილი

ირაკლი ღარიბაშვილი: არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა და კატასტროფული შეცდომა იყო, თუმცა ყველა მოძალადე იქნა დასჯილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებისას, 55 ადამიანის ცემისა და 2 ოფისის დარბევასთან დაკავშირებით, 30-ზე მეტი პირია დაკავებული. თუმცა, მიუხედავად „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორთა აშკარა ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალის არსებობისა, მასშტაბური ძალადობის ორგანიზებისათვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ძალადობრივი ქმედებების წინასწარ დაანონსების მიუხედავად, მათ აღსაკვეთად სახელმწიფომ ქმედითი ზომები არ მიიღო, კერძოდ, მშვიდობიანი მოქალაქეების მოძალადეებისგან დასაცავად, ადგილზე შესაბამისი რაოდენობის საპოლიციო ძალა არ წარმოადგინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უნდა შეფასდეს, როგორც ტყუილი.

ანალიზი

3 სექტემბერს, ტყიბულის მერობის კანდიდატის წარდგენისას, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 5 ივლისს მედიაზე განხორციელებულ ძალადობას შეცდომა უწოდა და აღნიშნა, რომ ყველა მოძალადე დასჯილია. „რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა. ჩვენ დავგმეთ ყველამ, არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა და კატასტროფული შეცდომა იყო, რაც მთავარია, თუმცა ყველა მოძალადე იქნა დასჯილი და დაპატიმრებული“, - აღნიშნა მან.

„ფაქტ-მეტრმა“ პრემიერმინისტრის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

5 ივლისს, „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური, ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ დაანონსებული და ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისა და ხელისუფლების პრაქტიკული უმოქმედობის გამო, ორგანიზატორებმა ღონისძიება ვეღარ ჩაატარეს.

ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს (სცემეს 50-ზე მეტი ადამიანი), რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა, დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას“ ოფისები.

შსს-ს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 31 პირა დაკავებულია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში არსებობს ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოძალადე ჯგუფებს, 5 ივლისს, ძალადობისკენ ღიად, მიკროფონში მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზი მხოლოდ გამოიკითხა.

აღსანიშნავნია, რომ სპირიდონ ცქიფურიშვილის გარდა ძალადობრივ აქციაზე სხვა სასულიერო პირებიც აქტიურობდნენ. 27 ივლისს გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა „აი, ფაქტმა“ გამოაქვეყნა კვლევა „მღვდლები ძალადობრივ აქციაზე”და იმ სასულიერო პირების სია, რომლებმაც 5 ივლისის მოვლენებს ხელი შეუწყვეს მრევლის წინასწარი მობილიზებით, ორგანიზატორების იდეოლოგიური მხარდაჭერით, თუ პირდაპირი გაგებით, მათ გვერდში დგომით.

ჯერ კიდევ 24 ივნისს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ რუსთაველის გამზირის „აღება“, გაკონტროლება და „ღირსების მარშის“ ჩაშლა დააანონსა. მახარაძე 5 ივლისსაც აკეთებდა ძალადობრივ მოწოდებებს და აორგანიზებდა ასეთივე მოვლენებს. მეტიც, მან და „ალტ-ინფოს“ სხვა წარმომადგენლებმა 5 ივლისის შემდეგაც განაგრძეს მოწოდებები ჟურნალისტთა მიმართ ძალადობისკენ რომ მომავალშიც მოხდებოდა მათზე ანგარიშსწორება. მიუხედავად ამისა, გამოძიება მხოლოდ გამოკითხვითა და მის სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით შემოიფარგლა. 16 ივლისს გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ „ალტ-ინფოს“ სხვა წარმომადგენლებიც და ძალადობრივი აქციის ლიდერები: რამაზ გაგნიძე, გურამ ფალავანდიშვილი და კონსტანტინე მორგოშია, თუმცა პოლიციამ ისინიც მალევე გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა ზურა მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. სახალხო დამცველმა შეისწავლა მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. გარდა ამისა, ომბუდსმენი თვლის, რომ ძალადობას ორზე მეტი ორგანიზატორი ჰყავდა, რაც თუნდაც ღია წყაროებში მისაწვდომი მასალებით ჩანს, მაგრამ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად გამოძიებას სხვა მტკიცებულებების მოპოვებაც სჭირდება.

5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა. ასევე, განხილულია 5 – 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა.

კოალიციის შეფასებით, სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ დაიცვა მოქალაქეთა უსაფრთხოება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი პირადი განცხადებით წაახალისა მოძალადე ჯგუფების აგრესია. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება თავად ჟურნალისტებმა შეძლეს, ასევე, არსებობს ორგანიზატორთა ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა და მათ თავადაც არაერთხელ დაადასტურეს 5 და 6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეობა, ამ დრომდე სამართალდამცავებს მასშტაბური ძალადობის ორგანიზებისათვის არავინ დაუკავებიათ.

დასკვნა

5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებისას, 55 ადამიანის ცემისა და 2 ოფისის დარბევასთან დაკავშირებით, 30-ზე მეტი პირია დაკავებული. თუმცა, მიუხედავად „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორთა აშკარა ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალის არსებობისა, მასშტაბური ძალადობის ორგანიზებისათვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ძალადობრივი ქმედებების წინასწარ დაანონსების მიუხედავად, მათ აღსაკვეთად სახელმწიფომ ქმედითი ზომები არ მიიღო (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია მსგავს თემაზე), კერძოდ, ადგილზე შესაბამისი რაოდენობის საპოლიციო ძალა არ წარმოადგინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არის ტყუილი.