2020 წელს 5 სოფელში გზის რეაბილიტირება მოხდება

ზაურ დარგალი: 2020 წელს 5 სოფელში გზის რეაბილიტირება მოხდება

ვერდიქტი: შესრულდა

რეზიუმე: 2019 წელს, მარნეულის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ზაურ დარგალის ერთ-ერთი დაპირება სოფლების შიდა გზების რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის დაგება იყო. კერძოდ, ის იაღლუჯის დასახლების (ეკომიგრანტები), ასევე სოფლების: ხულდარის, იმირის, აღმამედლოს, ხუტორ ლეჟბადინისა და დოლისყანის მოსახლეობას გზების რეაბილიტაციას დაჰპირდა.

ანალიზი:

ჯერ კიდევ მერობის კანდიდატის რანგში ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, კერძოდ, ხუთი სოფლის მცხოვრებლებს, გზების რეაბილიტაციასა და მოასფალტებას დაჰპირდა. მის საარჩევნო ბროშურაზე წერია, რომ 2020-2024 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში, იაღლუჯის ეკომიგრანტების დასახლებაში, ხულდარაში, იმირში, აღმამედლოში, ხუტორ ლეჟბადდინში, დოლის ნაკვეთში, ამ ეტაპისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტები დაგეგმილია და მიმდინარეობს.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ზაურ დარგალის დაპირება არასრულად არის შესრულებული. შიდა გზების რეაბილიტაციისა და ასფალტირებისთვის საჭირო თანხა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო.

მარნეულის თვითმმართველობამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 6 თებერვალს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,295,525 ლარი იყო. ტენდერში შპს „იბერმა“ ( ს/კ 204576422) გაიმარჯვა. ინფრასტრუქტურული პროექტი 2020 წლის მეორე კვარტალში დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, სოფელ ხულდარას შიდა გზები, სოფელ მოლაოღლის შიდა გზები, სოფელ დამიას მისასვლელი გზა (I ეტაპი) და სოფელ სადახლოში საბავშვო ბაღთან და სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მოაასფალტეს. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2,147,791 ლარს შეადგენს.

სოფელ აღმამედლოს შიდა გზისა და ქალაქ მარნეულში, იაღლუჯის დასახლებაში (ეკომიგრანტები) გზების მოასფალტების სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი 2020 წლის 19 ივლისს გამოცხადდა. მისი სავარაუდო ღირებულება 1,409,434 ლარი იყო.

ტენდერში გამარჯვებულ შპს „ენკოსთან“ (ს/კ 402004718) 1,127,548-ლარიანი ხელშეკრულება დაიდო. აქედან 747,507 ლარი იაღლუჯის დასახლების გზების რეაბილიტაციას მოხმარდა. მთლიანი თანხის 95% (710 132 ლარი) - სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 5% (37 375 ლარი) ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა. ხელშეკრულება 2020 წლის 11 აგვისტოს გაფორმდა და სამუშაოები 45 დღეში (ოქტომბრის ბოლოს მაინც) უნდა დასრულებულიყო. ცვლილების შედეგად, ხელშეკრულების ვადა ჯერ 2020 წლის 15 ნოემბრამდე, შემდეგ კი 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა. მიზეზად დასახელდა, რომ სხვა კომპანია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა, რამაც შპს „ენკოს“ პროექტის განხორციელებაში ხელი შეუშალა. ამიტომ პროექტი ჯერაც არ დასრულებულა. ამ ეტაპზე კომპანიისთვის - მთლიანი სახელშეკრულებო თანხის 33% - 362,716 ლარია, გადახდილი.

სოფელი აღმამედლოს შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მოასფალტებისთვის ჯამში 362,716 ლარი დაიხარჯა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან (95%) - 344,580 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი (5%) - 18,136 ლარი არის დახარჯული. სოფელ აღმამედლოში დაწყებული სამუშაოები დასრულებულია.

მარნეულის მუნიციპალიტეტმა სოფელ იმირის შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების ჩასატარებლად 2020 წლის 25 აგვისტოს ტენდერი (NAT200012995) გამოაცხადა, რომლის საბოლოო ღირებულება 364,061 ლარი იყო. პროექტი შპს ,,გზები და კეთილმოწყობა“-მ განახორციელა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუტორ-ლეჟბადინის მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი 2020 წლის 25 აგვისტოს გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 869,257 ლარი იყო. 2020 წლის 30 სექტემბერს ხელშეკრულება შპს „ქციასთან“ (ს/კ 234161135) დაიდო. სოფელ ხუტორ-ლეჟბადინის გზების მოასფალტების საერთო ღირებულება 250,286 ლარს შეადგენს. აქედან ცენტრალური ბიუჯეტიდან - 234,073 ლარი (93,5%), ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16,213 ლარი (6,5%) დაიხარჯა. ხუტორ-ლეჟბადინის მისასვლელი გზა დაგებულია. გზის მოცულობა 1,027 გრძივ მეტრს შეადგენს.

სოფელი ხულდარის შიდა გზების მოასფალტების სამუშაოებისთვის ტენდერი 2020 წლის 17 იანვარს გამოცხადდა. ტენდერისთვის 605,920 ლარი იყო განსაზღვრული. აქედან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 93,857 (15.49%) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი 512,063 ლარი (84.51%) გამოიყო. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შესრულდა.

არიზ დაშდამირლი, სოფელ ხულდარის სათემო ცენტრის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ 2020 წლისთვის სოფელ ხულდარის მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები მთლიანად შესრულდა.

რაც შეეხება სოფელ დოლისყანის შიდა გზების რეაბილიტაცია-ასფალტირებას, ჯერჯერობით, არცერთი პროექტი განხორციელებული არ არის. „ფაქტ-მეტრმა“ სოფლის გზების მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა. ამ დროისთვის, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა და არც ტენდერი გამოუცხადებიათ. აღნიშნული პრობლემის შესახებ არის საუბარი რადიო მარნეულის მასალაშიც.

„ფაქტ-მეტრი“ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზაურ დარგალი მერის პოსტზე არასრული ვადით იმყოფებოდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. ამასთან, 2020 წლის პანდემიამ, შესაძლოა, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხება განაპირობა. შესაძლოა, მარნეულში პანდემიის დასაწყისში ლოკალურ ეპიდაფეთქებასაც ჰქონოდა თავის გავლენა. ვინაიდან დაპირების უდიდესი ნაწილი შესრულებულია ან/პროცესშია, პანდემიისა და არასრული ვადის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაურ დარგალის მიერ გაცემული დაპირება შესრულდა.