გიორგი კანდელაკი: ამ განცხადებებზე ხელმომწერთა შორის არის მაგნიტსკის კანონმდებლობის ავტორი სენატორი კარდინი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე:
„სერგეი მაგნიტსკის აქტი“, რომლის ავტორიც სენატორი ბენ კარდინია, 2012 წელს აშშ-მა დაამტკიცა, რითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქცირების ახალი რეჟიმი დაწესდა.
2016 წელს აშშ-ში „მაგნიტსკის გლობალური აქტი“ მიიღეს, რომელიც 2012 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული მაგნიტსკის აქტის „გაფართოებაა“. ამ შემთხვევაშიც, აქტის მიღების მთავარი ინიციატორი სენატორი ბენ კარდინი იყო.
„მაგნიტსკის გლობალური აქტით“, მთელს მსოფლიოში, ინდივიდების თუ კომპანიებისთვის, რომლებიც უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს ან ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში, შესაძლებელი გახდა სავიზო და სხვადასხვა ფინანსური სანქციების დაწესება.
მაგნიტსკის კანონმდებლობით, არაერთი რუსი ბიზნესმენია სანქცირებული. საჯარო წყაროებით, არ დასტურდება, რომ რომელიმე მათგანის ქონება მილიარდი ან უფრო მეტია. თუმცა, სანქცირების ამ მექანიზმით აშშ-ს ნამდვილად შეუძლია იმ ადამიანების, მათ შორის, ოლიგარქების სანქცირება, რომელთაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულში მიუძღვით ბრალი, შესაბამისად, გიორგი კანდელაკის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
2 მარტს „ტვ პირველ“-ზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის გააქტიურებასა და ევროპიდან და აშშ-დან გაკეთებულ მწვავე განცხადებებზე ისაუბრა. ის, ასევე, შეეხო ზოგიერთი პირის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესების საკითხსაც და აღნიშნა, რომ ამ თემაზე დისკუსიები მიმდინარეობს.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ [რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ერთ-ერთ განცხადებაზე] განცხადებებზე ხელმომწერთა შორის არის სენატორი კარდინი. სენატორი კარდინი არის ე.წ. მაგნიტსკის კანონმდებლობის ავტორი. ეს არის სანქცირების უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელიც აქვს აშშ-ს სწორედ მსგავს შემთხვევებში გამოსაყენებლად. სანქცირების ეს ინსტრუმენტი აშშ-ს გამოუყენებია ბიძინა ივანიშვილზე ბევრად მეტი ფულის [1] მქონე რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ“, - აღნიშნა მან.
„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, გიორგი კანდელაკის ეს განცხადება სიმართლეს რამდენად შეესაბამება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას როგორც აშშ-დან, ისე ევროპის არაერთი ქვეყნიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა. დაიწყო დისკუსია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზეც. როგორც აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსმა კრის სოჩამ აღნიშნა, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში სანქციების დაწესებაზე მსჯელობა დაიწყო, რომელიც შეიძლება შეეხოს იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში არიან ჩართული.
მელიას დაკავების შემდეგ გავრცელდა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის [2]განცხადებაც, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერიც, როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, სენატორი ბენ კარდინია.
განცხადების ავტორებმა საქართველოს ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ, კრიზისის განმუხტვისა და, აგრესიის ნაცვლად, დიალოგში ხელახლა ჩართვისკენ მოუწოდეს. „როგორც „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის ერთგულება აქვს გაცხადებული. მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მაგნიტსკის კანონმდებლობა
აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად სხვადასხვა სამართლებრივი ინსტრუმენტი გააჩნია, რომელთა შორისაა მაგნიტსკის კანონმდებლობაც.
ზოგადად, მაგნიტსკის კანონმდებლობაში მოიაზრება კანონები, რომლებიც, ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დამრღვევი, ან კორუფციაში ჩართული უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წინააღმდეგ სახელმწიფო სანქციების დაწესების შესაძლებლობას იძლევა. ასეთი კანონმდებლობა დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა პირველად, „სერგეი მაგნიტსკის აქტი“, რომლის ავტორიც სენატორი ბენ კარდინია, 2012 წელს აშშ-მ დაამტკიცა, რითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქცირების ახალი რეჟიმი დაწესდა.
„სერგეი მაგნიტსკის აქტის“ მიღების მიზანი იმ რუსი პირების დასჯა იყო, რომლებსაც, როგორც აშშ-ში მიიჩნევდნენ, სერგეი მაგნიტსკის დევნასა და მკვლელობაში მიუძღოდათ ბრალი. ასევე, აქტი იმ პირებისთვის ითვალისწინებდა სანქციების დაწესებას, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების არალეგალური საქმიანობის მამხილებლებისა და უფლებათა დამცველების ძირითად უფლებებს უხეშად არღვევდნენ. ასეთი პირების წინააღმდეგ მაგნიტსკის აქტის საფუძველზე სავიზო და გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესდა.
სერგეი მაგნიტსკი რუსი იურისტი და აუდიტორი იყო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლებასთან ასოცირებული პირები კორუფციაში ამხილა. რუსეთის ხელისუფლებამ მაგნიტსკი პატიმრობაში - ჯამში 358 დღე ამყოფა, სადაც მას სცემდნენ და, სავარაუდოდ, აწამებდნენ, ხოლო 2009 წელს - ციხეში მოკლეს.
2016 წელს აშშ-ში „მაგნიტსკის გლობალური აქტი“ მიიღეს, რომელიც 2012 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული მაგნიტსკის აქტის „გაფართოებაა“. ამ შემთხვევაშიც, აქტის მიღების მთავარი ინიციატორი სენატორი ბენ კარდინი იყო.
„მაგნიტსკის გლობალური აქტით“ მთელს მსოფლიოში, ინდივიდებისა თუ კომპანიებისთვის, რომლებიც უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს ან ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში, შესაძლებელი გახდა სავიზო და სხვადასხვა ფინანსური სანქციების დაწესება.
მაგნიტსკის სიებში (აშშ) მოხვედრილი პირები
„სერგეი მაგნიტსკის აქტის“ თანახმად, სხვადასხვა პერიოდში სანქცირებული 55 პირიდან, უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, რომელთაც სერგეი მაგნიტსკის დაკავებასა და მკვლელობასთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი აქვთ. მათ შორის არიან საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები, მოსამართლეები.
ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევისთვის, აქტის საფუძველზე სანქცირებულთა სიაში 2017 წელს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აღმოჩნდა. ზუსტად რა ქონებას ფლობს კადიროვი, უცნობია, თუმცა, სხვადასხვა არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, მის სახელს მოსკოვში არსებული მრავალმილიონიანი ბიზნესები უკავშირდება.
2017 წელს სანქცირებულთა სიაში რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ანდრეი ლუგოვოიც მოხვდა, როგორც პასუხისმგებელი - ყოფილი რუსი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობისთვის.
„მაგნიტსკის გლობალური აქტის“ მიღების შემდეგ, 2017 წლიდან, მის საფუძველზე, სიაში დღემდე 120-ზე მეტი პირი მოხვდა. მათ შორის არიან სხვადსხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, ბიზნესმენები, სამხედრო პირები და ა.შ. რომლებსაც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და კორუფციულ საქმიანობაში მიუძღვით ბრალი.
რუსეთის მოქალაქეებიდან აქტის საფუძველზე სანქცირებულთა შორის ყველაზე ცნობილი ბიზნესმენი არტიომ ჩაიკაა. ის რუსეთის ყოფილი გენერალური პროკურორისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, იური ჩაიკას შვილია, რომლის გავლენებსაც ბიზნეს-ინტერესებისთვის იყენებს. თუ რა ოდენობის ქონებას ფლობს ჩაიკა, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მილიონობით შემოსავლიან ბიზნესებს ფლობს.
სანქცირებულთა შორის 2017 წელს მოხვდა მილიარდერი ისრაელიდან - დენ გერტლერი. მისი ქონება, გასული წლების მონაცემებით, $1.2 მილიარდია.
აღსანიშნავია, რომ „მაგნიტსკის გლობალური აქტის“ სანქცირებულთა სიაში 2018 წელს მოხვდა თურქეთის იუსტიციის მინისტრი, აბდულაჰმით გიული, როგორც ადამიანის უფლებათა დამრღვევი, რომელმაც პასტორი ენდრიუ ბრუნსონის უკანონო დაკავებაში დიდი როლი ითამაშა.
ზოგადად, აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციები, ძირითადად 2014 წელს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ აქვს დაწესებული. ასეთი სანქციები დაუწესდა როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირებს, ისე სხვადასხვა მსხვილ რუსულ კომპანიებს, ოლიგარქებს, მათ შორის, 10-მდე მილიარდერს. აშშ-ს რუსი მილიარდერი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქცირების სხვადასხვა რეჟიმებით სანქციები (იხ. დაწვრილებით ბმულზე) არაერთხელ დაუწესებია.
აღსანიშნავია, რომ „მაგნიტსკის სანქციების რეჟიმი“ გასულ წელს ევროკავშირმაც დაამტკიცა. რეჟიმის სამიზნე იქნება ინდივიდები, უწყებები და ორგანიზაციები - როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორები - რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, მონაწილეობენ ან ასოცირებული არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან და შელახვასთან მსოფლიოს გარშემო, სადაც უნდა მოხდეს ეს.
აშშ-ს მაგნიტსკის კანონმდებლობის საფუძველზე ნამდვილად შეუძლია იმ ადამიანების, მათ შორის, ოლიგარქების სანქცირება, რომელთაც ადამიანის უფლებათა დარღვევაში, კორუფციასა თუ სხვა მსგავს დანაშაულში მიუძღვით ბრალი.
„სერგეი მაგნიტსკის აქტი“ ერთგვარი დასაწყისი იყო სანქცირების ახალი რეჟიმის, რომელსაც სხვა მსგავსი საკანონმდებლო აქტების მიღება მოჰყვა, როგორც აშშ-ში, ისე მის საზღვრებს მიღმაც, მათ შორის - ევროკავშირში. შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გიორგი კანდელაკის მიერ გაკეთებული განცხადება არის მეტწილად სიმართლე. სენატორი კარდინი წერილის ხელმომწერი და მაგნიტსკის კანონმდებლობის ავტორი და მხარდამჭერი ნამდვილად არის. თუმცა „ფაქტ-მეტრი“ ვერ იმსჯელებს იმაზე, თუ რამდენად რეალურია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, აღნიშნული სანქციების გამოყენება.
[1] სხვადასხვა შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულება 3 მილიარდ დოლარზე მეტია.
[2] აშშ-ის სამთავრობო კომისია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიის და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში.