მიმდინარე წლის იანვარში იტალიიდან უფრო მეტი ფული გადმოირიცხა, ვიდრე რუსეთიდან

რომან გოცირიძე: მიმდინარე წლის იანვარში იტალიიდან უფრო მეტი ფული გადმოირიცხა, ვიდრე რუსეთიდან. 

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე:

2021 წლის იანვრის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში, მთლიანად 150 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. პირველ ადგილს, გადმორიცხვების მოცულობით, იტალია (27 მლნ აშშ დოლარი) იკავებს, ხოლო მეორე ადგილს (23 მლნ აშშ დოლარი) რუსეთი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1 თვის მაჩვენებლის განხილვა არ არის საკმარისი გადმორიცხვების მხრივ „ლიდერი“ ქვეყნის გამოსავლენად. წარსულში, რიგ შემთხვევაში, იტალიიდან გადმორიცხული თანხა რუსეთიდან გადმორიცხულ თანხას აღემატებოდა 1 თვის მონაცემებით, მაგალითად 2020 წლის აპრილში და მაისში. თუმცა, საბოლოო ჯამში, 2020 წელს რუსეთიდან იტალიასთან შედარებით 66 მლნ აშშ დოლარით მეტი გადმოირიცხა. 

პოლიტიკოსის განცხადების შესაბამისად, 2018 წლიდან,ფულადი გზავნილები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რუსეთიდან გადმორიცხულ თანხას აღემატება. აღსანიშნავია რომ რუსეთიდან გზავნილების აბსოლუტური და შესაბამისად, ფარდობითი მაჩვენებლებიც კლების ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ევროკავშირის შემთხვევაში როგორც აბსოლუტური, ასევე - ფარდობითი მაჩვენებლები, თითქმის ყოველწლიურად იზრდებოდა.

ანალიზი:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ, უცხოური გზავნილების სტატისტიკასთან დაკავშირებით, ფეისბუქ პოსტში განაცხადა: „იყო დრო, როდესაც მთელი ფულადი გზავნილების უდიდესი ნაწილი რუსეთზე მოდიოდა, მერე რუსეთს გადაასწრო ევროკავშირმა. მიმდინარე წლის იანვარში იტალიიდან უფრო მეტი ფული გადმოირიცხა (27 მილიონი დოლარი), ვიდრე რუსეთიდან( 23 მილიონი). იზრდება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები, იცვლება ქვეყანა“.

უცხოეთიდან ფულადი გზავნილები არის თანხა, რომელსაც ძირითადად ემიგრანტები საქართველოში აგზავნიან. ეროვნული ბანკის მონაცემი საქართველოს საბანკო სისტემაში მოქმედი ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებებით (Western Union, Money Gram, Anelik, Unistream და სხვა), საზღვარგარეთიდან საქართველოში და პირიქით ფულადი გზავნილების მოცულობას ასახავს.

2012-2020 წლებში, უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის სტატისტიკა და ქვეყნები, საიდანაც  დიდი მოცულობის გადმორიცხვები ხორციელდებოდა, გამოსახულია ცხრილ 1-ში. 2021 წლის იანვრის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში, მთლიანად 150 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. პირველ ადგილს, გადმორიცხვების მოცულობით, იტალია იკავებს, ხოლო მეორე ადგილს რუსეთი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1 თვის მაჩვენებლის განხილვა არ არის საკმარისი გადმორიცხვების მხრივ „ლიდერი“ ქვეყნის გამოსავლენად. წარსულში, რიგ შემთხვევებში იტალიიდან გადმორიცხული თანხა რუსეთიდან გადმორიცხულ თანხას აღემატებოდა 1 თვის მონაცემებით, მაგალითად 2020 წლის აპრილში და მაისში. თუმცა, საბოლოო ჯამში, 2020 წელს რუსეთიდან, იტალიასთან შედარებით, 66 მლნ აშშ დოლარით მეტი გადმოირიცხა. 

ცხრილი 1: ქვეყნები, საიდანაც მსხვილი მოცულობის თანხები გადმოირიცხა საქართველოში 2012-2021 (იანვარი) წლებში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პოლიტიკოსის განცხადების შესაბამისად, 2018 წლიდან,ფულადი გზავნილები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რუსეთიდან გადმორიცხულ თანხას აღემატება. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გზავნილების აბსოლუტური და შესაბამისად, ფარდობითი მაჩვენებლებიც კლების ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ევროკავშირის შემთხვევაში - პირიქით. 2012 წელს თუ რუსეთიდან 748 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, 2020 წელს მაჩვენებელი 364 მლნ აშშ დოლარამდე, 51%-ით შემცირდა. მთლიან გადმორიცხვებთან მიმართებით, რუსეთიდან გადმორიცხვების ფარდობითი მაჩვენებელი, 2012 წელთან შედარებით 37 პროცენტული პუნქტით შემცირდა. საპირისპირო სურათია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გადმორიცხვების მხრივ. 2012 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 359 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, 2020 წელს მაჩვენებელი 782 მლნ აშშ დოლარამდე, 118%-ით გაიზარდა. მთლიან გადმორიცხვებთან მიმართებით, ევროკავშირიდან გადმორიცხვების ფარდობითი მაჩვენებელი, 2012 წელთან შედარებით 14 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

გრაფიკი 1: წლიური გადმორიცხვები რუსეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან 2012-2020 წლებში, მლნ აშშ დოლარი, % წილი მთლიან გადმორიცხვებში

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი