ირაკლი კობახიძე - პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს, თუ - არა, პარლამენტის წევრს პარლამენტს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, შესაძლებელია, პარლამენტის წევრს საკუთარი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს. ამისთვის პარლამენტის თანხმობაა საჭირო. პარლამენტის წევრისთვის პირადი განცხადების საფუძველზე, პარლამენტის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტისთვის კი, კენჭისყრა მხოლოდ პროცედურის ფორმალური ნაწილია და თუ საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის წევრის განცხადებას არ დააკმაყოფილებს, რეგლამენტს დაარღვევს.
ანალიზი:
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილმა დარღვევებმა საზოგადოების ნაწილში კენჭისყრის შედეგების მიმართ უნდობლობა გააჩინა. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად მიიჩნიეს, საპროტესტო აქციები მოაწყვეს და ხელისუფლებისგან ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მმართველმა გუნდმა ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა. 2020 წლის 3 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმის შესახებ შეთანხმება გააფორმა. შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის მონაწილეობით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, თუმცა მხარეებს შეთანხმებისთვის ამ დრომდე არ მიუღწევიათ. ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას, „პოლიტპატიმართა გათავისუფლებასა“ და ხელახალი/რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
20 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ გაცხადებულ ბოიკოტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე, გამოეხმაურა. მისი თქმით, „ეს შანტაჟის ერთგვარი ფორმაა. ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიციამ შეიძლება არჩევნები წააგოს და თქვას, რომ არ შევდივარ, მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს კონსტიტუციაც შეიცავს. კონსტიტუცია ჭკვიანი ხალხის მიერ არის დაწერილი და ამაში იგულისხმება, რომ პარლამენტის და მისი უმრავლესობის ხელშია, ერთპარტიულს დატოვებს თუ არა პარლამენტს. შესაბამისად, შეიძლება, მარტივად პარლამენტმა გააკეთოს ის, რომ მოლაპარაკების სივრცე გახსნას შემდგომი 4 წლითაც კი. ეს არის კონსტიტუციაში ჩადებული მექანიზმი შანტაჟის წინააღმდეგ. პროცედურები ისეა გაწერილი, რომ პარლამენტის ნების გარეშე, ამ შანტაჟს ვერავინ ვერ განახორციელებს“.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, ერთ-ერთი საფუძველი პარლამენტის წევრის პირადი განცხადებაა. [1] უფლებამოსილების შეწყვეტისთვის, პარლამენტის წევრმა პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით უნდა მიმართოს. თავმჯდომარე განცხადებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნის. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა, შესაბამის დასკვნას ამზადებს. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, გამოითხოვოს და თავისი უფლებამოსილების განხორციელება გააგრძელოს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს, რომელსაც აღნიშნული საკითხი უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს განსახილველად. პარლამენტი ვალდებულია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, დაუყოვნებლივ განიხილოს. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დადგენილებით წყვეტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება, გასაჩივრდეს. ირაკლი კობახიძე განცხადებაში, სწორედ ამ პროცედურაზე საუბრობდა. როგორც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, ასევე საქართველოს კონსტიტუციაში [2] პირდაპირ არის გაწერილი, რომ პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე, მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება. შესაბამისად, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის პარლამენტის თანხმობა ფორმალურ ხასიათს ატარებს. არ შეიძლება დეპუტატი, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აიძულო, პარლამენტის წევრისთვის დაკისრებული უფლებამოსილება განახორციელოს.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრმა“ კითხვით თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორს, კონსტიტუციონალისტს დავით ზედელაშვილს, მიმართა. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „კონსტიტუცია ამომწურავად ჩამოთვლის პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს. პარლამენტს არ აქვს დისკრეცია, უარი თქვას შესაბამისი დადგენილებით უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუ კონსტიტუციით მითითებული საფუძველი არსებობს. ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად სამეწარმეო ან სხვა შეუთავსებელი საქმიანობის საფუძვლით შეწყვეტისას, შესაბამისი მატერიალური ფაქტი უნდა დაადგინოს თავად პარლამენტმა. თუ ეს ფაქტი დადგინდა, პარლამენტს არ აქვს დისკრეცია, უარი თქვას უფლებამოსილების შეწყვეტაზე. ასევეა სხვა საფუძვლების დროსაც, როდესაც უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, პარლამენტის გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად დგება. არჩევითი თანამდებობის დაკავება მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და მისი განხორციელების სამართლებრივი იძულება შეუთავსებელია კონსტიტუციის ფუნდამენტურ ლოგიკასთან“. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება კონსტიტუციის ინტერპრეტაციის ბოროტად გამოყენების მაგალითია. „გარდა იმისა, რომ ის არჩევითი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლების ლოგიკას ძირეულად ეწინააღმდეგება, ის ასევე ფუნდამენტურად მცდარად იყენებს პარლამენტის მიერ ინსტიტუციური თავდაცვის არგუმენტს. შედარებისთვის, როდესაც საქმე ეხება პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნას, პარლამენტს აქვს დისკრეცია, არ მოუხსნას თავის წევრს იმუნიტეტი, ასეთ დროს თავად პარლამენტის წევრის აზრს და ნებას პარლამენტისთვის სავალდებულოობა არ აქვს. ეს ემსახურება იმას, რომ პარლამენტმა ინსტიტუციურად თავი დაიცვას აღმასრულებელი ან სასამართლო ხელისუფლების მიერ მისი წევრების პოლიტიკურად მოტივირებული დევნისგან. ასეთ დროს საფრთხე, რომლისგანაც პარლამენტი თავს იცავს, სხვა სახელისუფლებო შტოებიდან მოდის. ბატონი კობახიძე ინსტიტუციური თაცდაცვის ლოგიკას მცდარად ავრცელებს იმ შემთხვევაზე, როდესაც სხვა შტოებიდან არავითარი საფრთხე არ მოდის. მისი აბსურდული არგუმენტი პრაქტიკულად ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია პარლამენტს საკუთარი თავისგან და თვითგანადგურებისგან იცავს. „ამაში შეუძლებელია არათუ საღი კონსტიტუციური ლოგიკის, არამედ პოლიტიკური შინაარსისა თუ ზოგადად საღი აზრის ნასახის დანახვაც კი“. წარმოუდგენელია, პარლამენტის წევრის თავისუფალი განსჯის შეზღუდვა, როდესაც მისი ნათლად გამოხატული ნებაა რომ უფლებამოსილება აღარ უნდა განახორციელოს.
საინტერესოა, რომ 2019 წლის დეკემბერში, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას [3] კონსტიტუცია და რეგლამენტი პირდაპირ არეგულირებდა და პარლამენტის მხრიდან უფლებამოსილების შეწყვეტისთვის კენჭისყრა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმალობა იყო. 2019 წლის 12 დეკემბერს მან განაცხადა, რომ „მას (ნიკა მელიასთვის მანდატის ჩამორთმევას) ალტერნატივა არ აქვს. ეს საკითხი ძალიან მარტივია. არის განაჩენი დამდგარი და საბოლოოდ ამოქმედებული. შესაბამისად, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციით და რეგლამენტით. ბუნებრივია, მას სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ამისთვის მხარის არდაჭერა იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება“. აღნიშნული განცხადებით, ირაკლი კობახიძემ თავად დაადასტურა, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის, კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში, პარლამენტის თანხმობა ფორმალური ხასიათისაა. ირაკლი კობახიძის 2019 წლის 12 დეკემბრის და 2020 წლის 20 ნოემბრის განცხადებების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი საქართველოს კონსტიტუციის არასწორი განმარტებებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. როდესაც პარლამენტს ჰქონდა დისკრეცია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მუხედავად, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილება არ შეეწყვიტა, ირაკლი კობახიძეს მიაჩნდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ფორმალობა იყო. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა პარლამენტის წევრი, საკუთარი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითხოვს, ირაკლი კობახიძეს მიიჩნევს, რომ მსგავსი საკითხი პარლამენტის გადასაწყვეტია. მისი განმარტებით, პარლამენტის წევრისთვის, მისივე განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა, ფორმალობა არ არის და პარლამენტს შეუძლია, პარალმენტის წევრები, მათი ნების საწინააღდმეგოდ, 4 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრებად დატოვოს. ზემოხსენებულის საფუზველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი. პარლამენტის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, პარლამენტის რეგლამენტთან და კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ 9 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ პოზიცია შეიცვალა და განაცხადა, რომ „საპარლამენტო უმრავლესობა, მათივე განცხადების საფუძველზე, შეუწყვეტს საპარლამენტო მანდატებს ყველა იმ დეპუტატს, ვინც ვერ შეეწინააღმდეგება რადიკალური ოპოზიციის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას“.
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის გარდა, საინტერესოა, ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის მანდატებზე უარის თქმისთვის რა სამართლებრივი ეტაპების გავლა მოუწევთ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომას ნიშნავს. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 დეპუტატი) ესწრება. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ სხდომაზე შეკრებილმა მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა ცნოს მინიმუმ 100 დეპუტატის უფლებამოსილება. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების საბოლოოდ ცნობისთვის, პარლამენტის პირველ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, დროებითი სამანდატო კომისია აირჩევა. ამავე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს არჩევნების შედეგებს აცნობებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას გადასცემს. კომისია გადაცემულ დოკუმენტაციას შეისწავლის და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რომელიც პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას დადგენილებით ცნობს. ამ მომენტიდან წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება.
მას შემდეგ, რაც ახალი მოწვევის პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, თავისი გადაწყვეტილება გააუქმოს. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის პარტიული სიიდან მოხსნის გადაწყვეტილებას, პარტიის ხელმძღვანელი პირის განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში, ცესკოს თავმჯდომარე იღებს. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება.
პარტიული სიების ანულირების შემდეგ, ოპოზიციის იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ცესკო-ს შედეგების მიხედვით პარლამენტის მანდატი მოიპოვეს, საკუთარი განცხადებით უნდა მიმართონ პარლამენტს და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მოითხოვონ. გამომდინარე იქიდან, რომ პარტიული სიები უკვე გაუქმებულია, პარლამენტის გამოკლებული წევრის ჩანაცვლება ვეღარ მოხდება და პარლამენტის წევრის აღნიშნული მანდატი, გაუქმებულად ჩაითვლება.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტში შესვლა/არ შესვლის საკითხი, მთლიანად კონკრეტული პარტიის და იმ პიროვნებების გადასაწყვეტია, რომლებმაც საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს და ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა ფორმალურ ხასიათს ატარებს.
[1] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
[2] საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი
[3] თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე, 2019 წლის 12 დეკემბერს ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტას, პარლამენტმა მხარი დაუჭირა.