2013-2020 წლებში აშენდა 198 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი

მაია ცქიტიშვილი: 2013-2020 წლებში აშენდა 198 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

ანალიზი: 

პარტია „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის 8-წლიანი მუშაობა შეაფასა და განაცხადა: „2013-2020 წლებში აშენდა 198 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 2012 წლის ჩათვლით კი, აშენდა მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალი“. ვიდეო (23:50)

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე, მოძრაობა 266.15 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე გაიხსნა, 2013 წლიდან დღემდე კი - 198 კილომეტრზე. შესაბამისად,  მინისტრის განცხადება სიმართლეა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე თითქმის 3-ჯერ მეტი გზა დააგო, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა (42.3 კმ) 2012 წლის ოქტომბრამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი.

ასევე, ბოლო წლების განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა და გარკვეული დროით გადაიწია. ავტომაგისტრალის მთლიანად დასრულების ვადაც შეიცვალა და 2020 წლის ნაცვლად 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. აღსანიშნავია, ავტობანის ყველაზე რთული მონაკვეთის, სამტრედია-გრიგოლეთის, მშენებლობა, რომელიც 2016 წელს უნდა დასრულებულიყო და მისმა მშენებლობის ვადამ რამდენჯერმე გადაიწია და ბოლო მონაცემით, დასახელებული გზის მონაკვეთი სავარაუდოდ, 2024 წელს, დაგეგმილზე 8 წლის დაგვიანებით დასრულდება.

დაწვრილებით იხილეთ: სტატია:1, სტატია2