სტრატეგიული განვითარების გეგმას ბოლომდე მივიყვანთ

თორნიკე რიჟვაძე: თქვენი წიაღიდან [არასამთავრობო სექტორი] მოგტაცეთ ერთი ადამიანი [ტიტე აროშიძე] და ახლა პირადად დაევალება ამ სტრატეგიული დოკუმენტის [აჭარის სტრატეგიული განვითარების გეგმა] ბოლომდე მიყვანა

ვერდიქტი: დაპირება არ შესრულდა.

რეზიუმე: აჭარის ა/რ 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი 2016 წელს მომზადდა, თუმცა ამ დრომდე არ დამტკიცებულა. მესამე სექტორი პროექტს გაეცნო და ნაწილმა ის უკვე დაიწუნა. მათი განცხადებით, დოკუმენტის პროექტი რეგიონის საჭიროებებს ვერ ასახავს.

მესამე სექტორის გარდა, პროექტთან შენიშვნები აჭარის მთავრობასაც ჰქონდა. ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე აცხადებდა, რომ სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობა რეგიონისთვის პრობლემატურია, თუმცა ძველი პროექტი გადახედვასა და ხანგრძლივი მომზადების ფაზას საჭიროებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე კი საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ მთავრობა მზად იყო სტრატეგიული განვითარების გეგმაზე სამუშაოდ, ხოლო 2016 წელს მომზადებულ პროექტს სჭირდება „ქირურგიული ჩარევა, რომ თანამედროვეობას მოერგოს“.

მიუხედავად ამ დაპირებებისა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სტრატეგიული განვითარების გეგმა ჯერაც არ აქვს. უკვე 2020 წლის ოქტომბრის ბოლოა. ტიტე აროშიძე, რომელიც აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო და ახლა კენჭს აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში იყრის, როგორც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმიდან, დღეს ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დოკუმენტის პროექტის დამტკიცებას ხელი ახალი კორონავირუსის გავრცელებამ შეუშალა.

ანალიზი:

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე 2018 წლის ივლისში დაინიშნა, ხოლო 2018 წლის 9 აგვისტოს ის რეგიონში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.

ამ შეხვედრაზე რეგიონის მთავრობის თავმჯდომარეს ა/ო „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ხახუტაიშვილმა ჰკითხა: „აჭარის ა/რ მთავრობა თავის საქმიანობას ახორციელებს აჭარის დამტკიცებული სტრატეგიულ განვითარების გეგმის მიხედვით. ასეთი გეგმა ბუნებაში არსებობს მხოლოდ პროექტის სახით. რეალობაში ეს სტრატეგია არ არსებობს და მაინტერესებს, როგორ ახორციელებს მთავრობა ამ საქმიანობას, თუ ეს სტრატეგია არ არსებობს?“

ამ კითხვაზე თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა: „თქვენი წიაღიდან მოგტაცეთ ერთი ადამიანი, რომელიც უშუალოდ მუშაობდა ამაზე და ახლა პირადად დაევალება ამ სტრატეგიული დოკუმენტის ბოლომდე მიყვანა“. მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძეს გულისხმობდა, რომელიც მინისტრობამდე, 2017-2018 წლებში, „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ ექსპერტი იყო და სწორედ აჭარის ა/რ სტრატეგიული დოკუმენტების შეფასებით კვლევებს ახორციელებდა.

როგორც აღმოჩნდა, დოკუმენტზე მუშაობა აღარ გაგრძელდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შეხვედრას, რომლებზეც, როგორც „ფაქტ-მეტრს“ თვითონ ტიტე აროშიძემ უთხრა, სამომავლო აქტივობების შესახებ იყო საუბარი.

„როცა არასამთავრობო სექტორში ვიყავი, ჩვენ შევისწავლეთ, რა იყო ამ დოკუმენტის პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ჩავატარეთ კვლევა. ჩვენი რეკომენდაციებით, ცოტა გადასახალისებელი იყო. როცა ჩვენ დავიწყეთ ამ დოკუმენტის გადახალისება, სამუშაო ჯგუფი არ შექმნილა, რადგან დოკუმენტის პროექტი უკვე არსებობდა. მასში არსებული მნიშვნელოვანი ასპექტების მიხედვით ხდებოდა ბიუჯეტირების პროცესი, თუმცა ეს დოკუმენტი მთავრობის მიერ დამტკიცებული არ იყო. ჩვენ ვაპირებდით, რომ 2019 წელი დაგვეთმო შეხვედრებისთვის. პირადად მქონდა ურთიერთობა „დემოკრატიის ინსტიტუტთან“. დაიგეგმა შეხვედრების ციკლი, მათ შორის, უნივერსიტეტთანაც. რამდენიმე შეხვედრა განვახორციელეთ. კონფერენციაც ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2019 წელს, შევიმუშავეთ გეგმა. ვფიქრობდით, რომ 2020 წელი მთლიანად დაგვეთმო ამ დოკუმენტის მომზადება-გადახალისებისა და დამტკიცებისათვის. მოგეხსენებათ, წელს ვერაფერი ვერ გაკეთდა და ვერც კომუნიკაცია შედგა.პანდემია რომ დაიწყო, ფაქტობრივად, კომუნიკაცია გავაჩერეთ. არსებულმა დოკუმენტმა თუ არ მიიღო დამტკიცებული სახე, მას ნორმატიული აქტის ძალა არ აქვს“, - გვითხრა ტიტე აროშიძემ, რომელიც ახლა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კენჭს იყრის როგორც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

„ფაქტ-მეტრი“ არჩილ ხახუტაიშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო და სწორედ იმ პერიოდში, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრამდე, აჭარის ა/რ სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს იკვლევდა.

„აჭარა ერთადერთი რეგიონია, რომელსაც სტრატეგიული განვითარების გეგმა არ აქვს. დანარჩენი რეგიონებისთვის ასეთი დოკუმენტები არსებობს. სხვა საკითხია, რამდენად იყენებენ მას პრაქტიკაში და მტვერი ედება, თუ - არა. ჩვენ გავაკეთეთ დოკუმენტის პროექტის ანალიზი, მივუთითეთ ხარვეზები და რეკომენდაციები. ანალიზი ჩართულობის კომპონენტზეც გაკეთდა. გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტები აქტიურად ჩართული არ ყოფილან. ამ პროექტის ანალიზის პროცესში, როგორც ექსპერტი, ტიტე აროშიძეც მონაწილეობდა. მოკლედ, იყო კარგი დასაწყისი, დაპირებები, მაგრამ არ იყო პოლიტიკური ნებელობა. ცალ-ცალკე სამინისტროებს აქვსთ სტრატეგიული განვითარების გეგმები, მაგრამ ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ ერთი სახელმძღვანელო ხერხემალი უნდა ჰქონდეს რეგიონს და მერე გაკეთებულიყო სხვა გეგმები“, - განმარტა არჩილ ხახუტაიშვილმა.

ერთი სიტყვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2016 წელს შედგენილი სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი დღემდე ვერ დაამტკიცა. აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე დოკუმენტი დღემდე პროექტის სახითაა გამოქვეყნებული. ეს კი ნიშნავს, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია, დეპუტატობის შემთხვევეში, თანამდებობას ისე დატოვებს, რომ დაპირება შეუსრულებელი დარჩება. ამასთან, „ფაქტ-მეტრი“ ვერ გაიზიარებს იმ არგუმენტს, რომ დოკუმენტის დამტკიცებას ხელი კორონავირუსმა შეუშალა, ვინაიდან როგორც სტატიაშიცაა ნახსენები, მთავრობის შემადგენლობამ და არასამთავრობო სექტორიდან „მოტაცებულმა“ მინისტრმა დოკუმენტის ხარვეზები და საკითხები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებდა, ზედმიწევნით კარგად იცოდნენ და, შესაბამისად, 2018 წლის ივლისიდან (როდესაც ტიტე აროშიძემ თანამდებობა დაიკავა) პანდემიის დაწყებამდე არსებული წელიწადნახევრიანი პერიოდი, წესით, საკმარისი უნდა ყოფილიყო.

მეტიც, ჩვენთან საუბარში ტიტე აროშიძე გაწეულ სამუშაოზე მიუთითებს, თუმცა ვებგვერდზე ატვირთული ვერსია ჯერ კიდევ 2017 წლის მარტის ვერსიაა. ამასთან, 2016-2021 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგიის გეგმის არსებობას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ის მანამდე გამოქვეყნდება, ვიდრე ეს ვადა ჩაივლის. ვგულისხმობთ, რომ მომავალში ახალი საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმა უნდა დაიწეროს, ხოლო უკვე არსებული გეგმის პროექტზე რესურსი ტყუილად დაიხარჯა.

ორივე - თორნიკე რიჟვაძე და ტიტე აროშიძე - ახლა უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისთვის ემზადებიან.