პენსია ფაქტობრივად დაუახლოვდა 2012 წლის მონაცემს

რეზიუმე:   პენსიის დინამიკის განხილვისას მნიშვნელოვანია რეალური, ანუ ინფლაციით კორექტირებული მაჩვენებლების დინამიკის ანალიზი. რეალური პენსია 2012 წელთან შედარებით 58.5%-ით, ანუ 1.6-ჯერ არის გაზრდილი. პოლიტიკოსმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ის განცხადებაში  რამდენიმე ასპექტს გულისხმობდა, კერძოდ: პენსიის მაჩვენებლის შემცირებას ლარის კურსის დოლართან გაუფასურების გამო და ინფლაციის გამო. მან დასძინა, რომ პენსიის განხილვისას ყურადღება 3 ძირითად ჯგუფზე უნდა გამახვილდეს: ჯანდაცვა, სურსათი და კომუნალური გადასახადები.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პენსიის დინამიკის განხილვა დოლარში გადაყვანილი მაჩვენებლებით არარელევანტურია. პენსიონერების შემოსავლები და ხარჯები ლარშია გამოსახული და ვალუტის გაუფასურების თანამდევი ეფექტებიც აისახება ეროვნულ ვალუტაში გამოსახულ ფასებში, ანუ ინფლაციაში და შესაბამისად, უნდა განვიხილოთ რეალური პენსიის დინამიკა.[1] სურსათის და უალკოჰოლო სასმელების შემთხვევაში, რეალური პენსიის მოცულობა 44.2%-ით გაიზარდა, კომუნალურების ჯგუფში 76.6%-ით, ხოლო ჯანდაცვის ჯგუფში 53.5%-ით. შესაბამისად, აღნიშნულ ჯგუფებში, რომელიც პოლიტიკოსის დაზუსტებით პენსიონერების შემთხვევაში განსაკუთრებით რელევანტურია, 2012 წელთან შედარებით რეალური კლება არ დაფიქსირებულა.

ანალიზი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა (40 წთ): „პენსია ფაქტობრივად დაუახლოვდა 2012 წლის მონაცემს“.   პენსიის დინამიკის განხილვისას მნიშვნელოვანია რეალური, ანუ ინფლაციით კორექტირებული მაჩვენებლების დინამიკის ანალიზი. დროთა განმავლობაში, ინფლაციის გამო, 1 ლარით ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი. შესაბამისად, შესაძლოა პენსიის ნომინალური ოდენობა უცვლელი იყოს, მაგრამ რეალური პენსია მცირდებოდეს. როგორც ცხრილ 1-ზეა ასახული, 2020 წელს მიუხედავად არსებული კრიზისისა, რეალური პენსია 2012 წელთან შედარებით 58.5%-ით, ანუ 1.6-ჯერ არის გაზრდილი. 2013-2014 წლებში, ასევე 2016-2018 წლებში, რეალური პენსია მცირდებოდა, რადგან პენსიის ნომინალური მაჩვენებელი არ იზრდებოდა.

ცხრილი 1: ნომინალური და რეალური (2012 წლის ფასებში) პენსიის დინამიკა 2012-2020 წლებში

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

ნომინალური

100

150

150

160

180

180

180

200

220

რეალური

100.0

146.5

143.7

146.2

161.5

151.3

149.1

154.8

158.5

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია, რომ ზოგადი ინფლაციის მაჩვენებელში ასახულია 12 მსხვილი ჯგუფის ფასების დინამიკა, ესენია: 1) სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, 2) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, 3) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, 4) საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 5) ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება 6) ჯანმრთელობის დაცვა, 7) ტრანსპორტი, 8) კავშირგაბმულობა, 9) დასვენება, გართობა და კულტურა, 10) განათლება, 11) სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, 12) სხვადასხვა საქონელი და მომსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა, ვიდაოთ რომ ზოგადი ინფლაციის მაჩვენებლით პენსიის დინამიკის განხილვა რეალობაზე მცდარ სურათს მოგვცემდა, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია რომ პენსიონერი, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს სწორედ ასაკობრივი პენსია წარმოადგენს, ფულს ხარჯავდეს მაგალითად ალკოჰოლურ სასმელებში და თამბაქოში, განათლებაში, სასტუმროებში, კაფეებში, რესტორნებში და ა.შ. როგორც პოლიტიკოსმა ჩვენთან საუბრისას დაგვიზუსტა, ის განცხადებაში გულისხმობდა რამდენიმე ასპექტს, კერძოდ: პენსიის მსყიდველუნარიანობის შემცირებას ლარის კურსის დოლართან გაუფასურების გამო, ინფლაციის გამო. მისივე განმარტებით, პენსიის განხილვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს 3 ჯგუფზე: ჯანდაცვა, სურსათი და კომუნალური გადასახადები.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ პენსიის დინამიკის განხილვა დოლარში გადაყვანილი მაჩვენებლებით არარელევანტურია. პენსიონერების შემოსავლებიც და ხარჯებიც გამოსახულია ლარში და ვალუტის გაუფასურების თანამდევი ეფექტებიც აისახება ეროვნულ ვალუტაში გამოსახულ ფასებში, ანუ ინფლაციაში და შესაბამისად, უნდა განვიხილოთ რეალური პენსიის დინამიკა. რაც შეეხება პენსიის დინამიკას სურსათი და უალკოჰოლო სასმელების, ჯანდაცვისა და კომუნალური გადასახადების ჯგუფში, შესაბამისი დინამიკა წარმოდგენილია ცხრილ 2-ში.

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების შემთხვევაში, რეალური პენსიის მოცულობა 44.2%-ით გაიზარდა, კომუნალურების ჯგუფში 76.6%-ით, ხოლო ჯანდაცვის ჯგუფში 53.5%-ით. შესაბამისად, აღნიშნულ ჯგუფებში, რომელიც პოლიტიკოსის დაზუსტებით პენსიონერების შემთხვევაში განსაკუთრებით რელევანტურია, რეალური კლება არ დაფიქსირებულა.

ცხრილი 2: ინფლაციისა და შესაბამისი რეალური პენსიის დინამიკა 2012-2020 წლებში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების, კომუნალური გადასახადებისა და ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფებში.

წელი

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

ნომინალური პენსია

100

150

150

160

180

180

180

200

220

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები

წლიური ინფლაცია

-3.6

5.7

2.5

3.8

1.6

7.3

1.7

12.3

8.9

რეალური პენსია (2012=100)

100.0

141.9

138.4

142.2

157.5

146.7

144.3

142.7

144.2

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები

წლიური ინფლაცია

-2.5

3.9

1.0

8.3

0.1

2.0

3.1

3.7

0.4

რეალური პენსია (2012=100)

100.0

144.4

143.0

140.8

158.2

155.1

150.4

161.2

176.6

ჯანმრთელობის დაცვა

წლიური ინფლაცია

2.8

1.5

6.7

10.5

2.1

8.1

2.9

3.5

1.8

რეალური პენსია (2012=100)

100.0

147.7

138.5

133.6

147.3

136.2

132.4

142.1

153.5

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


[1] ფასების დონის გათვალისწინებით