მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით

რეზიუმე: ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რაც  მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება ქვეყანაში საგადასახადო ტვირთთან დაკავშირებულ ვითარებას სრულად ვერ ასახავს.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, 2018-2019 წლებში ბიზნესის საგადასახადო წნეხის მაჩვენებელი 9.9%-ს შეადგენს, რითაც საქართველო ვანუატუსა და ბრუნეის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. აღნიშნული შემცირება 2017 წლის დასაწყისში მოგების გადასახადის ე.წ „ესტონური მოდელის“ შემოღებას უკავშირდება, რომელიც გაუნაწილებელი მოგების ნულოვან დაბეგვრას გულისხმობს. როგორც წესი, doing business კონკრეტული წლის ანგარიშის დამუშავება გასული ორი წლის მონაცემებზე დაყრდნობით ხდება, შესაბამისად, 2017 წლის კონიუნქტურა 2018 წლის ანგარიშში აისახა. რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლების ფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან, მსოფლიო ბანკის 2017 წლის მონაცემებით[1], 147 ქვეყანას შორის 21.7%-იანი მაჩვენებლით, საქართველო 35-ე ადგილს იკავებს.

ანალიზი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, მაღალი დონის სადისკუსიო პანელზე - „ზრდის სტიმულირება: შესაძლებლობები ინვესტორებისთვის” გამოსვლისას განაცხადა, რომ „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ [საქართველო] საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“.

აღსანიშნავია რომ ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება ქვეყანაში საგადასახადო ტვირთთან დაკავშირებულ ვითარებას სრულად ვერ ასახავს.

საგადასახადო ტვირთის დინამიკა 2005-2019 წლებში გრაფიკ 1-ზეა ასახული. 2006 წელს, წინა წლებთან შედარებით, საგადასახადო ტვირთი (total rate % of profit) 18.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც 2004 წლის ბოლოს ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებით არის განპირობებული. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, გადასახადების რიცხვი 19-დან 7-მდე შემცირდა, ასევე, 2009 წელს საგადასახადო ტვირთი 38.6%-დან 15.3%-მდე დაიწია, რაც კვლავ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგი იყო. აღნიშნულ პერიოდში სოციალური გადასახადი გაუქმდა (გაერთიანდა საშემოსავლო გადასახადთან) და საშემოსავლო გადასახადი 20%-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ გადასახადების მოგებასთან ფარდობის მაჩვენებლის შემცირების პარალელურად, მშპ-თან ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ფარდობის მაჩვენებელი იზრდებოდა, რაც საგადასახადო სისტემაში კორუფციის აღმოფხვრით, ბიუჯეტთან ანგარიშწორების პროცესის მოწესრიგებით და ადმინისტრირების გაუმჯობესებით აიხსნება.

გრაფიკი 1: ბიზნესის საგადასახადო წნეხი და საგადასახადო შემოსავლების პროცენტული წილი მშპ-სთან 2005-2019 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი

როგორც მინისტრმა განაცხადა, 2018-19 წლებში, ბიზნესის საგადასახადო წნეხის მაჩვენებელი 9.9%-ს შეადგენს, რითაც საქართველო მსოფლიოში, ვანუატუსა და ბრუნეის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს. აღნიშნული შემცირება 2017 წლის დასაწყისში მოგების გადასახადის ე.წ „ესტონური მოდელის“ შემოღებას უკავშირდება, რომელიც გაუნაწილებელი მოგების ნულოვან დაბეგვრას გულისხმობს. როგორც წესი, Doing Business კონკრეტული წლის ანგარიშის დამუშავება გასული ორი წლის მონაცემებზე დაყრდნობით ხდება, შესაბამისად, 2017 წლის კონიუნქტურა 2018 წლის ანგარიშში აისახა. რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლების ფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან, მსოფლიო ბანკის 2017 წლის მონაცემებით, 147 ქვეყანას შორის 21.7%-იანი მაჩვენებლით, საქართველო 35-ე ადგილს იკავებს.



[1] მსოფლიო ბანკს 2017 წელს შეფასებული აქვს 147 ქვეყანა, ხოლო 2018 წელს 62 ქვეყანა, შესაბამისად უფრო ინფორმაციულია 2017 წლის კონიუნქტურის განხილვა, რადგან წინა წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი 2018 წელს უმნიშვნელოდ შეიცვალა.