2018 წელს უცხოური ინვესტიციების კლება „ბრითიშ პეტროლიუმის“ გაზსადენის პროექტის დამთავრებას უკავშირდება, ეკონომიკისთვის კი მნიშვნელოვანია საერთო ინვესტიციების ოდენობა, რაც 2013 წლიდან მზარდია

რეზიუმე: 2018 წლის პირველი სამი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) მოცულობა შეადგენს 998.7 მლნ აშშ დოლარს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27.2%-ით ჩამოუვარდება. უშუალოდ მესამე კვარტალში დაფიქსირდა 322.6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პუი, რაც 48%-ით ნაკლებია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ყველაზე მცირე მაჩვენებელია ბოლო 4 წელიწადში.

ინვესტიციების კლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, მართლაც, „ბრითიშ პეტროლიუმის“ გაზსადენის პროექტის დასრულებაა. თუმცა, ცალკეული საინვესტიციო პროექტის დასრულება არ არის საკმარისად მყარი არგუმენტი ინვესტიციების შემცირებული მაჩვენებლის გასამართლებლად. გარკვეული საინვესტიციო პროექტები, ბუნებრივია, სრულდებოდა წარსულშიც და დასრულდება მომავალშიც, ეკონომიკის მიზანს კი დასრულებული პროექტების ახალი საინვესტიციო ნაკადით ჩანაცვლება, დამატებითი უცხოური კაპიტალის მოზიდვა წარმოადგენს.

თავის მხრივ, მთლიანი ინვესტიციები წარმოადგენს ქვეყანაში ინვესტირების აგრეგირებულ მაჩვენებელს და ასახავს როგორც უცხოური, ასევე, შიდა ინვესტიციების ჯამს, რომელიც შეიძლება განვსაზღვროთ კაპიტალის ფორმირების მაჩვენებლით მთლიანი შიდა პროდუქტის კომპონენტებიდან. იგი შედგება ძირითადი კაპიტალის მთლიანი ფორმირებისგან, მარაგების ცვლილებისგან და ფასეულობების წმინდა შეძენისგან. აღნიშნული მაჩვენებელი საუკეთესო საზომი არ არის, თუმცა მთლიანი ინვესტიციების შეფასებისათვის ალტერნატიული და მეტად სრულყოფილი მონაცემი, ხელმისაწვდომი არ არის. 2013 წელს შემცირების შემდეგ, მთლიანი კაპიტალის ფორმირება ზრდადია ყველა წლის და კვარტლის შემთხვევაში. 2018 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, აღნიშნული მონაცემი 21.4%-ით გაიზარდა, მეორე კვარტლის შემთხვევაში 26%-ით, მესამე კვარტლის შემთხვევაში კი - 12.6%-ით. თუმცა, აღსანიშნავია რომ კაპიტალის მთლიანი წარმოქმნის მაჩვენებელი მშპ-ს კომპონენტად აღირიცხება, შესაბამისად, საინტერესოა რეალური მაჩვენებლის განხილვა, სადაც ინფლაციის ფაქტორი გამოირიცხება. რეალური მაჩვენებლის შემთხვევაში, 2013 და 2017 წლებში აღინიშნება კლება. 2017 წელს მთლიანი რეალური ინვესტიციები შემცირდა დაახლოებით 100 მლნ ლარით.

ანალიზი

ცალკეული საინვესტიციო პროექტების დასრულების ფონზე, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა. გასული წლის პირველი სამი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27.2%-ით ჩამოუვარდება.

აღნიშნული საკითხის კომენტირებისას საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ყურადღება გაამახვილა მთლიანი ინვესტირების მაჩვენებელის მუდმივ ზრდაზე და განაცხადა: „2017 წლის უცხოური ინვესტიციების დიდი წილი უჭირავს „ბრითიშ პეტროლიუმის“ გაზსადენის პროექტს. ეს ინვესტიცია არის ერთჯერადი პროექტი. ის აღირიცხა ჩვენს ბალანსში და ისე ჩანს თითქოს უცხოური ინვესტიციები ჩამოვარდა, ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია საერთო ინვესტიციების ოდენობა, რომელიც 2013 წლიდან მზარდია“.

ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის პირველი სამი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შეადგენს 998.7 მლნ აშშ დოლარს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27.2%-ით ჩამოუვარდება. მესამე კვარტალში დაფიქსირდა 322.6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პუი, რაც 48%-ით ნაკლებია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ყველაზე მცირე მაჩვენებელია ბოლო 4 წელიწადში.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვარტალურ ჭრილში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადება საქსტატის განმარტებასთან თანხვედრაშია. თეორიულად, მსხვილი უცხოური პროექტების დასრულება მნიშვნელოვნად აისახება საქართველოში პუი-ს მოცულობაზე, მისი სტრუქტურის ნაკლებად დივერსიფიცირებულობის გამო. პუი-ს კლება, რაც კაპიტალწარმოქმნის პროცესის შენელებასთან არის დაკავშირებული, უკავშირდება არსებული საინვესტიციო პროექტების დასრულებას. ეკონომიკის მინისტრის განცხადება ტექნიკურად სწორია, თუმცა საქართველოს გაცხადებული პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც პუი-ს ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, უცხოური ინვესტიციების კლება შეგვიძლია უარყოფით მოვლენად მივიჩნიოთ. უკვე არსებული პროექტების დასრულებით ინვესტიციების შემცირების გამართლება კი მიუღებელია. ეკონომიკური პოლიტიკა არსებული პროექტების დასრულების უარყოფითი ეფექტის ახალი ნაკადებით ჩანაცვლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაც მიღწეული ვერ იქნა.

მეორეს მხრივ, მთლიანი ინვესტიციები (რომლის ზრდაზეც მინისტრი ამახვილებს ყურადღებას) წარმოადგენს შიდა და უცხოური ინვესტიციების ერთობლიობას, რომელიც შეიძლება განვსაზღვროთ კაპიტალის ფორმირების მაჩვენებლით მთლიანი შიდა პროდუქტის კომპონენტებიდან და შედგება ძირითადი კაპიტალის მთლიანი ფორმირებისგან, მარაგების ცვლილებისგან და ფასეულობების წმინდა შეძენისგან. აღნიშნული მაჩვენებელი არ არის საუკეთესო ინვესტიციების ანალიზისათვის, ვინაიდან მასში ჩაირთვება კომპონენტები, რომლებსაც ეკონომიკურ აქტივობებში/ღირებულების შექმნის პროცესში პირდაპირი გამოყენების შინაარსი (მომავალში მოგების მიღების მიზნით ექსპლუატაცია) შესაძლებელია არ გააჩნდეს (მაგ. საცხოვრებელი შენობების შეძენა). თუმცა, უკეთესი ალტერნატიული სტატისტიკური მონაცემი ხელმისაწვდომი არ არის.

გრაფიკი 2: მთლიანი კაპიტალის ფორმირება (მლნ ლარი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2013 წლის შემცირების შემდეგ მთლიანი კაპიტალის ფორმირება (მთლიანი ინვესტიცია) ნომინალურ მაჩვენებლებში ზრდადია ყველა წლის და კვარტლის შემთხვევაში. 2018 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, აღნიშნული მონაცემი 21.4%-ით გაიზარდა, მეორე კვარტლის შემთხვევაში 26%-ით, მესამე კვარტლის შემთხვევაში 12.6%-ით. თუმცა, აღსანიშნავია რომ კაპიტალის მთლიანი წარმოქმნის მაჩვენებელი მშპ-ს კომპონენტად აღირიცხება, შესაბამისად, საინტერესოა რეალური მაჩვენებლის განხილვა, სადაც ინფლაციის ფაქტორი გამოირიცხება.

გრაფიკი 3: მთლიანი კაპიტალის ფორმირება 2010 წლის ფასებში (მლნ ლარი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკ 3-ზე ჩანს, რეალური მაჩვენებელი ძირითადად ზრდადი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა 2013 და 2017 წლებში აღინიშნება კლება, მათ შორის 2017 წელს, მთლიანი რეალური ინვესტიციები დაახლოებით 100 მლნ ლარით შემცირდა.