2018 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 8.7 მილიონი იყო, მათ შორის 5 მილიონი ტურისტია. იზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც

რეზიუმე: ვიზიტორების სტატისტიკაზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ორ მონაცემზე, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაზე და ტურისტულ ვიზიტებზე, თუმცა მის მიერ დასახელებული რიცხვი, 8.7 მილიონი, შეესაბამება საერთაშორისო მოგზაურების და არა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვს. უშუალოდ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2018 წელს დაახლოებით 7.2 მილიონი იყო. ასევე, უშუალოდ ტურისტების რიცხვი არა 5 მილიონი, არამედ 4.7 მილიონია. შესაბამისად, განცხადება აბსოლუტურად ზუსტი არ არის, თუმცა მისი კონტექსტი რეალობასთან დიდწილად თანხვედრაშია.

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ტერმინი აერთიანებს როგორც ტურისტებს, ასევე პირებს, რომლებმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენეს და მიგრანტებს (რომლებიც ქვეყანაში 6 თვეზე მეტ ხანს რჩებიან არა ტურისტული, არამედ, სასწავლო, სამუშაო, ოჯახის გაერთიანების და ა.შ. მიზნით). ხოლო, საერთაშორისო ვიზიტორები არიან 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაურები, რომლებმაც განახორციელეს ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე. ტურისტი კი, არის ვიზიტორი, რომელმაც ერთი ღამე მაინც გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ვიზიტორთა რიცხვის ზრდის ტენდენციას, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები გაიზარდა 9.8%-ით და 8.7 მლნ ადამიანი შეადგინა, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 11.1%-ით, ხოლო ტურისტული ვიზიტები 16%-ითაა გაზრდილი.

ზრდადია ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავლებიც. ამჟამად გამოქვეყნებულია 2018 წლის მხოლოდ სამი კვარტლის მონაცემები. აღნიშნულ პერიოდში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოვიდა დაახლოებით 2.6 მლრდ დოლარი რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან (2.1 მლრდ დოლარი) შედარებით, 20%-ით მეტია.

ანალიზი

2018 წლის ტურიზმის სექტორის მონაცემების განხილვისას საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა: „ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა არამარტო ვიზიტორების, არამედ ტურისტების მხრივ. 2018 წელს საქართველოში შემოსული 8.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან 5 მილიონი ტურისტი იყო, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება არამხოლოდ ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა, არამედ იზრდება მათგან მიღებული შემოსავლებიც“.

სტატისტიკას საერთაშორისო მოგზაურების შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. ეკონომიკის მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ორ მონაცემზე: საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაზე და ტურისტულ ვიზიტებზე, თუმცა მის მიერ დასახელებული რიცხვი, დაახლოებით 8.7 მილიონი - შეესაბამება საერთაშორისო მოგზაურების რიცხვს და არა ვიზიტორების რიცხვს. საერთაშორისო მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ტერმინი აერთიანებს როგორც ტურისტებს, ასევე პირებს, რომლებმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენეს და მიგრანტებს (რომლებიც ქვეყანაში 6 თვეზე მეტ ხანს რჩებიან სასწავლო, სამუშაო, ოჯახის გაერთიანების და ა.შ. მიზნით). საერთაშორისო ვიზიტორები არიან 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაურები, რომლებმაც განახორციელეს ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ განცხადებებში ზემოხსენებული კატეგორიების სინონიმებად გამოყენება გავრცელებული შეცდომაა. მაგალითისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ფაქტ-მეტრის კვლევა.

ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურობის სტატისტიკა საქართველოში

ვიზიტის ტიპი

2013

2014

2015

2016

2017

2018

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები

5 734 898

5 888 709

6 305 635

6 719 975

7 902 509

8 679 544

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები

4 954 448

5 004 331

5 255 999

5 392 816

6 482 830

7 203 350

ტურისტული ვიზიტი

2 884 295

2 938 892

3 011 663

3 297 275

4 069 354

4 756 820

ერთდღიანი ვიზიტი

2 070 153

2 065 439

2 244 336

2 095 541

2 413 476

2 446 530

სხვა (არატურისტული)

780 450

884 378

1 049 636

1 327 159

1 419 679

1 476 194

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2017 წელთან შედარებით, 2018 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები გაიზარდა 9.8%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 11.1%-ით, ხოლო ტურისტული ვიზიტები 16%-ით.

ზრდადია შემოსავლები ტურიზმიდან. აღნიშნულ მაჩვენებელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ადმინსიტრაცია ავრცელებს.

ცხრილი 2: შემოსავლები ტურიზმიდან (ათასი აშშ დოლარი)

2013

2014

2015

2016

2017

2018

სულ

1 719 700

1 787 140

1 868 79

2 110 709

2 704 340

2 571 260

I კვ.

302 818

315 461

305 180

342 590

425 673

550 730

II კვ.

426 525

429 690

409 470

497 441

629 854

809 969

III კვ.

604 202

649 775

742 849

813 161

1 078 274

1 210 561

IV კვ.

386 156

392 215

410 979

457 517

570 538

-

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ჯერჯერობით გამოქვეყნებულია 2018 წლის მხოლოდ სამი კვარტლის მონაცემები. აღნიშნულ პერიოდში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოვიდა დაახლოებით 2.5 მლრდ დოლარი, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (2.1 მლრდ დოლარი) 20%-ით აღემატება.