რეზიუმე: მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 1 815 მლნ ლარია. სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულებამ 806 237 626 ლარი შეადგინა, რაც წლიური ბიუჯეტის 44.4%-ია. თუმცა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 9 თვის ათვისების მთლიანი წლის ბიუჯეტთან მიმართებაში განიხილვა არამართებულია. ბიუჯეტის შესრულება კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში იანგარიშება. ცხრა თვის ბიუჯეტის ხარჯი ცხრა თვის გეგმას უნდა შევადაროთ. ასეთ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულება გეგმასთან (1 010 882 500 ლარი) მიმართებაში 80%-ია. თუმცა, განცხადების კონტექსტი, რომ სამინისტროს ბიუჯეტის შესრულებაში ჩამორჩენაა, სიმართლეა.
სიმართლეს შეესაბამება განცხადების მეორე ნაწილი, სადაც ირაკლი აბესაძე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ბიუჯეტის ათვისებაზე ამახვილებს ყურადღებას. მიმდინარე წელს ავტომაგისტრალის ბიუჯეტმა 825 395 000 ლარი შეადგინა. აქედან, სამი კვარტლის ჩათვლით, მხოლოდ 311 078 400 ლარია ათვისებული (შესაბამისად, 514 078 400 ლარი ასათვისებელია), რაც ბიუჯეტის 37.6%-ია. ამდენად, ავტომაგისტრალის ბიუჯეტის ნახევარიც კი, გახარჯული არ არის.
ანალიზი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის განხილვისას პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ათვისებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „რა ხდება მიმდინარე წელს? ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ ახერხებს 900 მილიონი ლარის დახარჯვას 1 800 მილიონიდან. სამინისტრო ბიუჯეტის 50%-ით ათვისებასაც ვერ ახერხებს. აქედან 600 მილიონი ლარი ჯერ კიდევ აუთვისებელი აქვს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ბიუჯეტიდან“.
მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 1 815 მლნ ლარია (მათ შორის საბიუჯეტო სახსრები - 748 მლნ ლარი, 33.5 მლნ - გრანტი, 1 033 550 მლნ - კრედიტი). სამინისტროს ბიუჯეტი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, რეგიონული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციას და მყარი ნარჩენების მართვას ხმარდება.
სახელმწიფო ხაზინის ოფიციალური მონაცემის მიხედვით, მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულებამ 806 237 626 ლარი შეადგინა, რაც გეგმის (1 010 882 500 ლარი) 80%-ია. ამდენად, ბიუჯეტის შესრულებაში ჩამორჩენაა.
ირაკლი აბესაძე განცხადებაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 9 თვის ათვისებას მთლიანი წლის ბიუჯეტთან მიმართებაში განიხილავს, რაც არამართებულია. ბიუჯეტის შესრულება კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში იანგარიშება. ცხრა თვის ბიუჯეტის ხარჯი ცხრა თვის გეგმას უნდა შევადართ. თუმცა, განცხადების კონტექსტი, რომ სამინისტროს ბიუჯეტის შესრულებაში ჩამორჩენაა, სწორია.
ფაქტ-მეტრი წინა წლებში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტების შესრულების სტატისტიკასაც გაეცნო:
გრაფიკი 1: 2009-2018 წლებში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულება
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის 100%-იანი ათვისება ვერც წინა წლებში ხერხდებოდა. ბოლო წლებში, სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის ყველზე დაბალი შესრულება 2012 წელს იყო - 56%. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულების 2018 წლის მაჩვენებლეზე (80%) დაბალი მონაცემი მხოლოდ 2014 წელს დაფიქსირდა - 73%.
ჩვენ, ასევე, ბოლო წლების ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების წლიური მონაცემიც გავაანალიზეთ:
გრაფიკი 2: 2009-2017 წლებში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის წლიური შესრულება
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
გრაფიკის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლიური ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება. დიდი ალბათობით, წელს სამინისტრო ბიუჯეტის სრულად ათვისებას ვერ შეძლებს, თუმცა რამდენი პროცენტი იქნება ჩამორჩენა, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.
განცხადებაში ირაკლი აბესაძე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ბიუჯეტის ათვისებაზეც ამახვილებს ყურადღებას. მიმდინარე წელს ავტომაგისტრალის ბიუჯეტი 825 395 000 ლარია. აქედან, სამი კვარტლის ჩათვლით, მხოლოდ 311 078 400 ლარია ათვისებული (შესაბამისად, 514 078 400 ლარი ასათვისებელია), რაც ბიუჯეტის 37.6%-ს შეადგენს. ამდენად, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ბიუჯეტის ნახევარიც კი არ არის ათვისებული.