თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში უკვე დასრულდა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტით და ის 2018 წლის ბიუჯეტს შეადარა.

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 154 361 600 ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11 080 800 ლარით ნაკლებია.

გრაფიკი 1:

 ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობების 2018 წლის გეგმა და 2019 წლის პროექტი

grap1 წყარო: ქალაქ ბათუმის საკრებულო

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გადასახადების საპროგნოზო მოცულობა, მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მკვეთრად იზრდება, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალ წესთან. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 2019 წლიდან მუნიციპალიტეტებს გათანაბრებითი ტრანსფერი აღარ მისცეს

და ამის ნაცვლად, დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლის 19% დაუტოვოს. სწორედ ამიტომ, როგორც გრაფიკიდან ჩანს, მომავალ წელს ფინანსური დახმარებაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2018 წელს. აღსანიშნავია, რომ დღგ-ს სახით ბათუმის ბიუჯეტში დაგეგმილია 47 953 600 ლარის მობილიზება, ხოლო ფინანსური დახმარების მოცულობა შემცირებულია 53 357 100 ლარით. ეს ნიშნავს, რომ 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, ამ კონკრეტული  ცვლილებიდან გამომდინარე, 5 403 500 ლარით ნაკლები შევა.

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების საპროგნოზო მაჩვენებელი 154 361 600 ლარია. მთავარი პარამეტრი, რომელიც ყურადღებას იქცევს და რამაც ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია, არის შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურებისთვის დაგეგმილი პარამეტრების ზრდა 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

გრაფიკი 2:

 შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხა - ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის გეგმისა და 2019 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები

graps2 წყარო: ქალაქ ბათუმის საკრებულო

დაგეგმილია, ასევე, მომუშავეთა რიცხოვნობის 56 ერთეულით ზრდა. აქედან 14 ერთეულით იზრდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ხოლო 15 ადამიანით - დასუფთავების, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დასაქმებულთა რიცხვი. გარდა ამისა, 26 ადამიანით მეტი  დასაქმდება განათლების სფეროში, ხოლო 1 ადამიანით გაიზრდება კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის  სფეროში მომუშავეთა რაოდენობა.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, 2018 წელს შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების ჯამური თანხის მოცულობა 55 072 400 ლარი იყო, ხოლო მომდევნო წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 59 139 500 ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბიუროკრატიული ხარჯი ასიგნებების (171 400 500 ლარი) 32.13%-ია, ხოლო 2019 წელს, საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 38.31% იქნება.

ბიუროკრატიული ხარჯის ზრდა შეეხო წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებასაც.

გრაფიკი 3:

 ქალაქ ბათუმის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება 2018 წლის ბიუჯეტის გეგმისა და 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით

grap3 წყარო: ქალაქ ბათუმის საკრებულო

გრაფიკი 3-დან ჩანს, რომ 2018 წელს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ბიუროკრატიული ხარჯი 7 153 900 ლარს შეადგენს, ხოლო მომავალი წლის საპროგნოზო მონაცემი 7 101 700 ლარია, რაც შესადარებელ მონაცემს 52 200 ლარით ჩამორჩება. თუმცა, ეს კლება განხორციელდა საქონელი და მომსახურებისთვის განსაზღვრული დაფინანსების შემცირების ხარჯზე. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, 2019 წლის საპროგნოზო მონაცემი, 2018 წელთან შედარებით, 100 600 ლარით მეტია.

შემცირებულია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაგეგმილი ასიგნებაც (2018 წელს - 83 005 500 ლარი, 2019 წელს - 64 861 100 ლარი, კლება - 21.85%). ამ შემცირების პირობებში, გაზრდილია შრომის ანაზღაურების პარამეტრი. პროგრამის ფარგლებში, თანხის გადანაწილება სხვადასხვა მიმართულებით მოცემულია გრაფიკ 4-ში.

გრაფიკი 4:

 მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება, 2018 წლის ბიუჯეტის გეგმისა და 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით

graps4 წყარო: ქალაქ ბათუმის საკრებულო

როგორც ვხედავთ, მომავალ წელს, პროგრამის ფარგლებში, შრომის ანაზღაურება იზრდება 209 500 ლარით, მომუშავეთა რიცხოვნობა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 14 ერთეულით.

2019

წელს დაგეგმილია ქალაქის დასუფთავების, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსების გაზრდა 118 300 ლარით და 13 095 600 ლარს შეადგენს. აქედან 11 500 ლარი შრომის ანაზღაურების თანხას დაემატება და 812 400 ლარი გახდება.

განათლების დაფინანსება კი შემცირებულია 71 400 ლარით და 15 626 000 ლარს შეადგენს. თუმცა, შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი - 1 186 400 ლარით, ხოლო საქონელი და მომსახურების თანხა 362 000 ლარით იზრდება. აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების ზრდა გამოწვეულია ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ დასაქმებულთა ხელფასების მომატების ხარჯზე - 2018 წლის ბიუჯეტის მონაცემებით, ორგანიზაციაში დასაქმებულია 1 312 ადამიანი, ხოლო შრომის ანაზღაურების თანხა 7 583 700 ლარია. 2019 წელს დასაქმებული იქნება 1 338 ადამიანი, რომელთა შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 770 100 ლარით განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, წელს საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 482 ლარს შეადგენს, ხოლო 2019 წელს 546 ლარი იქნება.

1 852 800

ლარით მცირდება კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის პროგრამის დაფინანსება. მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 13 398 400 ლარით განისაზღვრა. ამ შემთხვევაში შრომის ანაზღაურება 3 394 800 ლარია და მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 322 200 ლარით აღემატება.

გრაფიკი 5:

 კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის პროგრამის დაფინანსება 2018 წლის ბიუჯეტის გეგმისა და 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით

graps5 წყარო: ქალაქ ბათუმის საკრებულო

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მკვეთრად შემცირებულია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაციის დაფინანსება, რისთვისაც მიმდინარე წელს გათვალისწინებული იყო 2 754 900 ლარი. მომდევნო წელს ამ მიზნით მხოლოდ 469 879 ლარია გათვალისწინებული და მხოლოდ ერთი სპორტული მოედნის მშენებლობა იგეგმება.

მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილია 2 509 700-ლარიანი ზრდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით. პროგრამის დაფინანსება 16 056 500 ლარით განისაზღვრა. შრომის ანაზღაურება უმნიშვნელოდ, 58 100 ლარით იზრდება, თუმცა საქონელსა და მომსახურებას 675 200 ლარი ემატება და 4 091 600 ლარს შეადგენს. ჯანდაცვისთვის გათვალისწინებულია 5 907 900 (1 726 900 ლარით მეტი), რაც 14 ქვეპროგრამას მოიცავს. 9 370 600 ლარით კი (715 700 ლარით მეტი) სოციალური უზრუნველყოფის 11 ქვეპროგრამის დაფინანსება იგეგმება.

თითქმის განახევრებულია ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარების პროგრამის დაფინანსება, რისთვისაც მომავალ წელს 550 000 ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება მუნიციპალური სერვისების განვითარებას, მისი დაფინანსება 580 500 ლარით იზრდება და 3 009 900 ლარს შეადგენს. ამ თანხიდან 2 330 100 ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ დაფინანსებას მოხმარდება, საიდანაც 96% შრომის ანაზღაურებასა და საქონელსა და მომსახურებაზე მოდის.

რაც შეეხება სესხების მომსახურებას, ამ მიზნით მომავალი წლის ბიუჯეტში 19 555 500 ლარია განსაზღვრული.
თეგები: