2006 წლიდან საქართველომ მონაწილეობა მიიღო განათლების სისტემის რამდენიმე ძირითად საერთაშორისო კვლევაში:
წყარო: შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი
2011 წლის PIRLS კვლევაში კვლავ 45 ქვეყანა, 290 000 მოსწავლით მონაწილეობდა. 2011 წელს საქართველომ უკეთესი შედეგები აჩვენა და ამჯერად, 488 ქულა დააგროვა. მართალია, ეს მაჩვენებელი საშუალო 500 ქულაზე დაბალი იყო, მაგრამ 2006 წელთან შედარებით, მისმა პოზიციამ რამდენიმე საფეხურით ზემოთ აიწია და 45 ქვეყანას შორის, 34-ე ადგილი დაიკავა. საქართველო იმ 13 ქვეყანას[1] შორის შედის, რომლებმაც 2006 წელთან შედარებით, წიგნიერების სკალირებული ქულა გაიუმჯობესა.
რაც შეეხება, შეფასების დონეებს, 2011 წელს ქართველი მოსწავლეების მხოლოდ 2%-მა მიაღწია უმაღლეს საფეხურს, მაღალს - 21%-მა, საშუალოს 60%-მა, ხოლო დაბალს - 86%-მა. მონაწილეთა 14% კი, მინიმალურ ზღვარს მიღმა დარჩა. ამ მიმართულებითაც, 2011 წელს ქართველმა მოსწავლეებმა საკუთარი შედეგები გაიუმჯობესეს.
ცხრილი 1: PIRLS 2011-ში საქართველოს შედეგები მიღწეული დონეების მიხედვით და მათი შედარება კვლევის შედეგების საერთაშორისო მედიანებთან
PIRLS 2016-ში მონაწილეობდა მსოფლიოს 50 ქვეყანა და 11 ტერიტორიული ერთეული[2] 310 000 მოსწავლით. გარდა კვლევის უკვე არსებული კომპონენტებისა, 2016 წლის PIRLS-ს დაემატა კომპიუტერიზებული კომპონენტი e-PIRLS პროგრამა. e-PIRLS პროგრამა ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციის გააზრების შეფასებაა. აღნიშნული პროგრამა ადგენს ინტერნეტის მოხმარების დონეებს 9-10 წლის მოზარდებში.
PIRLS 2016-ის კვლევაში, 2011 წელთან მიმართებით, საქართველოს საშუალო შეფასება არ გაუმჯობესებულა. ქვეყანამ ისევ 488 ქულა მიიღო და გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა, სიაში, ამჯერად, 2006 წლის მსგავსად, 37-ე ადგილი დაიკავა (იხ. დიაგრამა 1). საქართველოს საშუალო სკალირებული ქულა, კვლავ, ჩამორჩება მსოფლიოს მედიანურ 500 ქულას და ქვეყანა ისევ ყველაზე დაბალმაჩვენებლიან სახელმწიფოთა შორისაა.
განსაკუთრებით მძიმე შედეგები აჩვენა PIRLS 2016-ში საქართველომ სკოლის უსაფრთხოების, მოწესრიგებულობის და დისციპლინის მიმართულებით. სამივე მაჩვენებელში, 50 მონაწილიდან საქართველო უკანასკნელ 10 ქვეყანას შორის მოხვდა. ამ სამი საკითხიდან, ქვეყანამ ყველაზე უარესი შედეგი მოსწავლეების მხრიდან ერთმანეთზე განხორციელებული დაშინების და ძალადობის (Bullying) ნაწილში მიიღო. კვლევის ავტორები შენიშნავენ, რომ მოსწავლეები ძალიან ხშირად საუბრობენ მათზე განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტებზე.
გრაფიკი 2: საქართველოს საშუალო ქულა PIRLS 2006, 2011 და 2016 წლებში
რაც შეეხება წაკითხულის გააზრების დონეების მიხედვით მიღწევებს, 2016 წლის კვლევაში საქართველოს მოსწავლეთა მხოლოდ 2%-მა აჩვენა უმაღლესი შედეგი, 22% მაღალ საფეხურზეა, 26% დაბალ საფეხურზე, ხოლო 14% კრიტიკულ ზღვარს მიღმა დარჩა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შედეგების მხრივ განსხვავებული მონაცემები აქვს ქალაქისა და სოფლის სკოლებს. თუ ქალაქის სკოლებში წაკითხულის გააზრების მინიმალური შესაძლებლობები არ გააჩნიათ მოსწავლეთა 11%-ს, იგივე მაჩვენებელი სოფლის სკოლებში 18%-ია. საჯარო სკოლის შედეგები, ასევე, მნიშვნელოვნად ჩამორჩება კერძო სკოლის შედეგებს. განსხვავებული მონაცემები იმის მანიშნებელია, რომ განათლების სისტემა ვერ ახერხებს შეასრულოს მისი უმთავრესი მიზანი - იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი მიუხედავად სკოლის ადგილმდებარეობისა და მისი სტატუსისა. კვლევამ აგრეთვე გამოაჩინა, რომ საქართველოს მოსწავლეებს სასწავლო რესურსებზე წვდომის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ.
რაც შეეხება e-PIRLS 2016 წლის (ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციის გააზრების შეფასება) შედეგებს, საქართველოს აქ გაცილებით უარესი მაჩვენებლები ჰქონდა, ვიდრე PIRLS-ში. ქვეყანამ, საშუალოზე ბევრად დაბალი, 477 ქულა მიიღო და მონაწილე 14 ქვეყანას[3] შორის, მე-13 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც, თუ PIRLS 2006 წლის და 2011 წლის კვლევის შედეგები ითარგმნა ქართულ ენაზე, მომზადდა შესაბამისი სახელმძღვანელო, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის და ამავდროულად პრობლემების გასაანალიზებლად თითოეულ სკოლას ინდივიდუალურად დაეგზავნა, PIRLS 2016 წლის შემთხვევაში ეს არ მომხდარა. სტატიის წერის პროცესში ჩვენ დავუკავშირდით გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რათა გაგვერკვია, ხომ არ იყო შედეგები მომზადების პროცესში, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევა
Trends in International Mathematics and Science Study (TIMSS)
TIMSS მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაა, რომლის მიზანია ამ საგნების სწავლების ხელშეწყობა. TIMSS არკვევს მოზარდების შესაძლებლობას სამყაროს შემეცნების მიმართულებით და ხელს უწყობს მათი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებას.
კვლევა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, პირველი არის მოზარდთა ტესტირება მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მათი მიღწევების შესაფასებლად, ხოლო მეორე, იმ ფაქტორების კვლევაა, რომელიც გავლენას ახდენს აღნიშნული საგნების სწავლისა და სწავლების პროცესზე. კვლევა ორ საფეხურად, ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის ტარდება. პირველ ჯგუფში 9-10 წლის (მე-4 კლასი) მოზარდების უნარებს შეისწავლიან, ხოლო მეორე ჯგუფში - 13-14 წლის (მე-8 კლასი) მოსწავლეებს. TIMSS რეგულარულად, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველომ TIMSS-ში მონაწილეობა 3-ჯერ, 2007, 2011 და 2015 წლებში მიიღო.
2007 წელს TIMSS კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 59 ქვეყანა 425 640 მოსწავლით. კვლევაში საერთაშორისო საშუალო სკალირებული ქულა არის 500. 2007 წელს საქართველოს მოსწავლეების ორივე ასაკობრივი ჯგუფი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საშუალო ქულას. მე-4 კლასის საშუალო სკალირებული ქულა იყო 448, ხოლო მე-8 კლასის - 410. საქართველო ბევრად ჩამორჩა პოსტ-საბჭოთა სივრცის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი და უკრაინა. ქვეყანა რეიტინგული სიის ბოლო მეოთხედში მოხვდა.
რაც შეეხება მიღწევების საერთაშორისო საფეხურს, ქართველი მე-4 კლასელი მოსწავლეების მხოლოდ 1%-მა მიაღწია უმაღლეს საფეხურს, 33%-მა კი საერთოდ ვერ დაძლია კვლევის მინიმალური დონეც კი და ზღვარს მიღმა დარჩა. რაც შეეხება მე-8 კლასელებს, უმაღლეს საფეხურს მიაღწია, აგრეთვე, 1%-მა, ხოლო 44%-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.
2011 წელს TIMSS-ში მონაწილეობდა მსოფლიოს 63 ქვეყნის 600 000 მოსწავლე. საქართველომ როგორც მე-4 კლასელთათვის, ისე მე-8 კლასელთათვის კვლევაში შედეგები გაიუმჯობესა. მე-4 კლასელებისთვის საშუალო ქულა უმნიშვნელოდ, 2 ერთეულით გაიზარდა და 450 ქულაზე დაფიქსირდა, ხოლო მე-8 კლასელთათვის კვლევის მაჩვენებელმა 431 ქულა შეადგინა, წინა ქულაზე 21-ით მეტი. გაუმჯობესდა, აგრეთვე, დონეების მიღწევის მაჩვენებლები, 2%-მა მიაღწია უმაღლეს საფეხურს, ხოლო ზღვარი ვერ გადალახა 28%-მა.
მიუხედავად გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა, საქართველო, კვლავ, ბევრად ჩამორჩა მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს და ადგილი განვითარებად ქვეყნებს შორის დაიკავა.
TIMSS 2015-ში საქართველოს ყველა პარამეტრით უკეთესი შეფასება აქვს. მე-4 კლასელების საშუალო სკალირებული ქულა 463, ხოლო მე-8 კლასელების - 453-ია. გაუმჯობესდა კრიტიკულ ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების პროცენტული მაჩვენებლებიც. მე-4 კლასელების 22%-მა ვერ გადალახა ზღვარი, ხოლო მე-8 კლასელებში 28%-მა. გაუმჯობესებული შედეგების მიუხედავად, ქართველი მოსწავლეების საშუალო ქულა, კვლავ ბევრად ჩამორჩება მსოფლიო საშუალოს. ფაქტია, რომ 2007-2015 წლებში, 8 წლიან მონაკვეთში ქართველი მოსწავლეები ცოდნის საშუალო დონეს ვერ მიუახლოვდნენ.
გრაფიკი 3: TIMSS 2007-2015 საქართველოს მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეების შედეგები
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მათემატიკის შედეგებში, მოსწავლეთა 50%-ს არ შეუძლია გადალახოს მათემატიკის კრიტიკული და დაბალი ზღვარი.
TIMSS კვლევა სწავლების პროცესის ბევრ პრობლემურ ასპექტს გამოყოფს. მაგალითად, სოფლად მცხოვრები მოსწავლეები არსებითად ჩამორჩებიან მათემატიკაში მიღწევებით ქალაქში მცხოვრებ მოსწავლეებს. თვალსაჩინო სხვაობაა, ასევე, კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეების მიღწევებს შორის. კერძო სკოლები გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. კვლევის ავტორების მიხედვით, საქართველომ TIMSS 2015 წლის შედეგები ქალაქის კერძო სკოლების ხარჯზე გაიუმჯობესა. კვლევა ბევრს საუბრობს სკოლაში სწავლის უსაფრთხოების პრობლემაზეც, საქართველოს მოსწავლეების უმეტესობა სკოლაში თავს დაცულად ვერ გრძნობს.
საბოლოოდ, TIMSS 2007, 2011 და 2015 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსწავლეებს, ამ ეტაპისთვის არ შესწევთ უნარი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში კონკურენცია გაუწიონ მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მოსწავლეებს.
[1] ტაივანი, დანია, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, ჰონგ-კონგი, ინდონეზია, ირანი, ნორვეგია, პოლონეთი, სინგაპური, სლოვენია, ტრინიდადი და ტობაგო, ამერიკის შეერთებული შტატები.
[2] ქვეყნის ცალკეული რეგიონი ან ერთი ენის წარმომადგენელი ჯგუფი. მაგალითად, კანადიდან მონაწილეობდა მხოლოდ ონტარიო, ბელგიიდან მხოლოდ ფრანგულენოვანი ნაწილი და ა.შ.
[3] სინგაპური, ნორვეგია, ირლანდია, შვედეთი, დანია, აშშ, ტაივანი, კანადა, ისრაელი, იტალია, სლოვენია, პორტუგალია, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საემიროები.
- წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS);
- მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევა (TIMSS);
- მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA);
- მასწავლებელთა განათლების და განვითარების საერთაშორისო კვლევა (TEDS-M);
- სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS).



