ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგო რატიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: ბულინგი (ინგ. Bullying; ქართ. დაშინება) არის ძალადობრივი ხასიათის აგრესიული ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს დაუმორჩილოს ადრესატი რეალურ ან/და წარმოსახვით ძალაუფლებას. აღნიშნული ყველაზე ფართოდ სკოლის მოსწავლეებშია გავრცელებული.
2015 წლამდე საქართველოს სკოლებში ბულინგის შემთხვევების აღრიცხვა არ ხდებოდა. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015-2018 წლებში საქართველოს სკოლებში ბულინგის 474 შემთხვევა დაფიქსირდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბულინგის სტატისტიკას მანდატურის სამსახური აწარმოებს, ხოლო ეს უკანასკნელი საქართველოს სკოლების მხოლოდ 19.8%-ში არის წარმოდგენილი, ვასკვნით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით განათლების სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეთა დარღვევების სტატისტიკა სხვა მრავალ საკითხთან ერთად, აერთიანებს მოსწავლის მხრიდან სხვა მოსწავლის ფიზიკურ ან/და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომლის განმეორებადი სიხშირე გაცილებით აღემატება ბულინგის სტატისტიკას. აღნიშნული კი აჩვენებს აშკარა მეთოდოლოგიურ ხარვეზს ბულინგის სტატისტიკის შედგენის დროს.
განათლების სამინისტრო ნამდვილად ატარებს გარკვეული სახის ღონისძიებებს, რათა ამაღლდეს ბულინგისადმი ცნობიერების დონე მოსწავლეებში, მასწავლებლებში, სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებში, თუმცა იმ ფონზე, როდესაც სამინისტრომ ზუსტად არ იცის რა ხდება საქართველოს სკოლებში ბულინგის მიმართულებით, ეს ღონისძიებები შესამჩნევად არასაკმარისია.
ანალიზი პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, სერგო რატიანმა, სკოლაში უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა დაგანაცხადა: „ბულინგის და უსაფრთხოების პრობლემა სკოლებში, ამ მიმართულებითაც არის კატასტროფული, ძალიან მძიმე ვითარება და არაფერი არ კეთდება“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიხედვით, ბულინგი (ინგ. Bullying; ქართ. დაშინება) არის ძალადობრივი ხასიათის აგრესიული ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს დაუმორჩილოს ადრესატი რეალურ ან/და წარმოსახვით ძალაუფლებას. ბულინგი, როგორც წესი, პოტენციურად განმეორებადი ქცევაა. იგივე დეპარტამენტზე დაყრდნობით, ბულინგი განსაკუთრებით ხშირად ვლინდება სკოლის მოზარდებში, შესაბამისად, მისი განხორციელების ადგილი, ძირითადად სკოლაა. არსებობს ბულინგის ოთხი განსხვავებული კატეგორია: ვერბალური, სოციალური, ფიზიკური და კიბერ ბულინგი, რომლებიც, თავისმხრივ, აერთიანებენ დაშინების მრავალფეროვან მეთოდებს. 2015 წლამდე საქართველოს სკოლებში ბულინგის შემთხვევების აღრიცხვა არ ხდებოდა. განათლების სამინისტროს მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციისთანახმად, სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურმა
“ ბულინგის შემთხვევათა სტატისტიკის წარმოება დაიწყო 2015 წლიდან და არსებული ინფორმაციით, 2018 წლამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირებულია ბულინგის 474 შემთხვევა (იხ. ცხრილი 1). სამწუხაროდ, განათლების სამინისტროს არ მოუწოდებია კატეგორიებად დაყოფილი ბულინგის სტატისტიკა, შესაბამისად, არ ვიცით, საქართველოს სკოლებში როგორი სახის ძალადობა ჭარბობს მოსწავლეებს შორის.
ცხრილი 1: 2015-2018 წლებში საქართველოს სკოლებში, ბულინგის (დაშინების) შემთხვევები მოსწავლეებში
წელი | 2015 | 2016 | 2017 | 2018 |
ბულინგის შემთხვევა | 71 | 109 | 189 | 105 |
წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბულინგის შემთხვევების სტატისტიკას სკოლებში მანდატურის სამსახური აწარმოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით არ აღირიცხება. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 2 311 სკოლაა, აქედან, 2 085 საჯარო, ხოლო 226 კერძო სკოლა. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, 2018 წლისთვის მანდატურები ემსახურებიან მხოლოდ 458 საჯარო სკოლას და ჯამში გვყავს საგანმანათლებლო დაწესებულების 1 300 მანდატური.
გამოდის, რომ მანდატურის სამსახური მუშაობს საქართველოს სკოლების მხოლოდ 19.8%-ში, შესაბამისად, სკოლების მხოლოდ 19.8%-ში აღირიცხება ბულინგის შემთხვევები, საქართველოს სკოლების 80.2% - ში კი, ბულინგის შემთხვევები არ აღირიცხება. აქედან გამომდინარე, ზემოთ მოყვანილი დაშინების სტატისტიკა, არ ასახავს რეალურ სურათს და გვიჩვენებს მხოლოდ მის გარკვეულ სეგმენტს. შეიძლება ითქვას, რომ განათლების სამინისტრომ რეალურად არ იცის ყოველწლიურად რამდენი სკოლის მოსწავლე განიცდის ჩაგვრას და არის დაშინების მსხვერპლი.
კიდევ ერთი პრობლემა ბულინგის შემთხვევაში შეიძლება იყოს ე.წ. მიმართვიანობის საკითხი. ხშირად, ბულინგის ხასიათიდან გამომდინარე, მისი გარე თვალისგან შემჩნევა საკმაოდ რთულია, ბულინგის მსხვერპლი კი, როგორც წესი, გაჩუმებას ამჯობინებს. ბულინგის პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება სკოლის ფსიქოლოგთა ჩართულობაა, რასაც საქართველოს სკოლების უმრავლესობა მოკლებულნი არიან. კიდევ ერთი ბუნდოვანი გარემოება, რის გამოც მიგვაჩნია, რომ შესაბამისი სტრუქტურები ბულინგის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ სკოლაში მომხდარ დარღვევების სტატისტიკაში იკვეთება. დარღვევების სტატისტიკაში აღირიცხება ისეთი ქმედებები, როგორიცაა გაკვეთილიდან გაპარვა, არაეთიკური ქმედება, მაღალი რისკის შემცველი საგნების (დანა, ბასრი იარაღი, კასტეტი, პნევმატური იარაღი და ა.შ.) ქონა, ალკოჰოლის მოხმარება, თამბაქოს მოხმარება, გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა, თანხის შეგროვება მოსწავლეების მიერ და ა.შ. სწორედ ამ დარღვევების ფარგლებში აღირიცხება, ასევე, მოსწავლის მიერ მოსწავლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს მოსწავლის მხრიდან მოსწავლის შეურაცხყოფა განხორციელდა 3 673-ჯერ, 2017 წელს - 2 538-ჯერ, 2016 წელს - 2 582-ჯერ, ხოლო 2015 წელს 3 073.
მოსწავლის მხრიდან სხვა მოსწავლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ყველა პარამეტრით ნამდვილად არის ბულინგი. საუკეთესო შემთხვევაში ბულინგის სტატისტიკა უნდა ემთხვეოდეს ამ კომპონენტის სტატისტიკას, ხოლო უარეს შემთხვევაში ბულინგის სტატისტიკა ბევრად უნდა აღემატებოდეს მას. რეალურად კი, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ბულინგის სტატისტიკა გაცილებით უფრო წვრილი მასშტაბის რიცხვებს გვიჩვენებს, ვიდრე დარღვევების სტატისტიკის ეს ნაწილი. მონაცემებს შორის ამხელა სხვაობა გვაფიქრებინებს, რომ განათლების სამინისტრო სრულყოფილად არ ფლობს სკოლებში არსებული ძალადობის შესახებ ინფორმაციას ან/და არ ხდება მეთოდოლოგიურად მისი სწორად გააზრება/აღრიცხვა.
რაც შეეხება ღონისძიებებს, რომელსაც განათლების სამინისტრო უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, სამინისტროს თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში
ძლიერდება სამოქალაქო განათლების კომპონენტი, რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებს ყოველგვარი ძალადობისა და ჩაგვრის, მათ შორის ბულინგის პრევენციას. აღნიშნულს მოიცავს შემდეგი დასანერგი სახელმძღვანელოები: „მე და საზოგადოება“ (III-IV კლასები), დაინერგება 2018-2019 სასწავლო წლებში; „ჩვენი საქართველო“ (V-VI კლასები), დაინერგება 2018-2019 წლებში და „მოქალაქეობა“ (VII-IX კლასები), დაინერგება 2019-2020 სასწავლო წლიდან. ჩვენ გავეცანით აღნიშნული სახელმძღვანელოების ფარგლებში შესაძლო მისაღწევ შედეგებს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი ნამდვილად არის ბავშვთა შორის ძალადობისადმი ცნობიერების ამაღლება. აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა დამატებითი სასწავლო რესურსი მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის „უსაფრთხოების 10 გაკვეთილი“, რომელიც, ასევე, მოიცავს ბულინგის თემატიკას.
2018 წლის მარტში „სასკოლო კონკურსების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი ძალადობის წინააღმდეგ „ნაბიჯი თანადგომისკენ“. 2018 წელს ჩატარდა შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ფსიქოლოგებთან ერთად განიხილავდნენ ძალადობის მიზეზებს და მის წინააღმდეგ ბრძოლის გზებს. 2 500-ზე მეტ შეხვედრაში 65 000 მოსწავლე ჩაერთო.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების და საზოგადოების ნებისმიერი წევრის ძალადობის ირგვლივ ინფორმირების მიზნით, შეიქმნა ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო ინტერნეტ პორტალი https://befriend.mes.gov.ge/ (პორტალი სატესტო რეჟიმში მუშაობს). ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცხელი ხაზიც: 08 00 00 00 88, ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან უფასოა. ბულინგის შესახებ კონსულტაციების მიღება ან/და შეტყობინების გაკეთება შესაძლებელია მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მეშვეობითაც, რომლისთვისაც მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ 0 322 200 220-ზე (შიდა ნომერი: 30 25 ან 33 35).
მანდატურის სამსახური და იმ სკოლების დირექტორები, სადაც მანდატურები არ ფუნქციონირებენ გადამზადდა „ბავშვთა მიმართ ძალადობა, გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევაში“ ტრენინგების ციკლით. ასევე, ჩატარდა ტრენინგები „ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია“ სკოლის პედაგოგების და ფსიქლოგებისთვის.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ საჯარო სკოლებისთვის, სადაც არ არის წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად, ხორციელდება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების შესაბამისი ტრენინგმოდულით გადამზადება (იხ. ბმული 1; ბმული 2).