დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა 4 თვე გაჭიანურდა. საკრებულომ, სადაც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ წარმოადგენდა, თბილისის მერიას ბიუჯეტის პროექტი თანდართული შენიშვნებითურთ სამჯერ დაუბრუნა. თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება, მხოლოდ, 2014 წლის მარტში მოხერხდა. ბიუჯეტის დამტკიცების გაჭიანურების სავარაუდო მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პოლიტიკურ მოტივაციას ასახელებდა.
მუნიციპალური ტრანსპორტის (ავტობუსების) შეძენა საკრებულოსთვის წარდგენილ 2014 წლის ბიუჯეტის ყველა ვერსიაში იყო გათვალისწინებული. იცვლებოდა, მხოლოდ, ტრანსპორტის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა (თავდაპირველ ვერსიაში 58.4 მლნ, დეკემბერში წარდგენილ ბიუჯეტში 59 მლნ, 2014 წლის იანვარში წარდგენილ ბიუჯეტში კი - 70 მლნ. ლარი).
საბოლოოდ, თბილისის 2014 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტის არც პრიორიტეტებში, არც პროგრამულ ჩამონათვალში მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა აღარ ფიგურირებდა. შესაბამისი ქვეპროგრამის, ტრანსპორტის განვითარების დაფინანსებაც შემცირდა და მხოლოდ 24.4 მლნ ლარი შეადგინა.
ანალიზიპარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ, ტელეკომპანია „პირველში“ სტუმრობისას, საქალაქო ტრანსპორტზე ისაუბრა და განაცხადა: „2013 წელს თბილისის მერიამ საკრებულოში წარადგინა ბიუჯეტის პროექტი, სადაც თბილისის მერიას გათვალისწინებული ჰქონდა 40 მილიონი ლარი (საკუთარი სახსრები) ახალი ავტობუსების შესაძენად“.
დედაქალაქი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. ბიუჯეტის პირველადი ვერსია ქალაქ თბილისის მერიამ (იმ დროისთვის მერი ჯერ გიგი უგულავა იყო, ხოლო შემდეგ მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე) საკრებულოს (სადაც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ წარმოადგენდა) 2013 წლის ნოემბერში გადაუგზავნა, დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა 4 თვე გაჭიანურდა (საკრებულომ მერიას ბიუჯეტი თანდართული შენიშვნებით სამჯერ დაუბრუნა) და საბოლოოდ, 2014 წლის 7 მარტს დამტკიცდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების გაჭიანურების სავარაუდო მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველო“ პოლიტიკურ მოტივაციას ასახელებდა.„საკრებულოს შეეძლო ბიუჯეტზე ყველა შენიშვნა პირველივე ეტაპზე გაეგზავნა და არა ნაწილ-ნაწილ. თუ ყველა შენიშვნის გაგზავნა პირველივე ეტაპზე ვერ ესწრებოდა, საკრებულოს მთელი წლის მანძილზე ექნებოდა თბილისის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საშუალება. წარმოდგენილ ბიუჯეტზე მუდმივად ახალი შენიშვნის მომზადება პროცესის ხელოვნურად გახანგრძლივებას ჰგავს“ - აღნიშნულია კვლევაში.
თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიისგანმარტებით ბარათის მიხედვით, ბიუჯეტიდან 100 ახალი ევროპული სტანდარტის შესაბამისი, შშმ პირებზე ადაპტირებული და ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტობუსების შესყიდვა უნდა დაფინანსებულიყო. ბიუჯეტში, ტრანსპორტის განვითარებისთვის, 58.4 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
მუნიციპალური ტრანსპორტის (ავტობუსების) შეძენა საკრებულოსთვის წარდგენილ 2014 წლის ბიუჯეტის ყველა ვერსიაში იყო გათვალისწინებული.იცვლებოდა, მხოლოდ, ტრანსპორტის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა (დეკემბერში წარდგენილ ბიუჯეტში - 59 მლნ, 2014 წლის იანვარში წარდგენილ ბიუჯეტში - 70 მლნ ლარი).
თბილისის 2014 წის ბიუჯეტის ვერსიების მიმართ საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნები საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის შეძენასაც შეეხებოდა. ბიუჯეტის პირველი ვერსიის შენიშვნებშიმითითებული იყო, რომ ავტობუსების შესაძენად დაჩქარებული წესით სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება მიზანშეწონილი არ იყო. რადგან შესყიდვა 2013-2014 წლის ბიუჯეტს ეხებოდა და საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.
ასევე, თებერვალში მერიისთვის გადაგზავნილ შენიშვნებში საკრებულო მიიჩნევდა,რომ 100 ახალი ავტობუსის შესაძენად 35 მლნ ლარი (უკვე გამართული ტენდერის ღირებულებიდან გამომდინარე), სრულიად საკმარისი იყო. აქედან გამომდინარე, მათი აზრით, მიზანშეწონილი იყო ავტობუსების შესაძენად გათვალისწინებული 55 მილიონი ლარის 20 მილიონით შემცირება და გამოთავისუფლებული თანხით ქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვან პროექტების დაფინანსება.
საბოლოოდ, თბილისის 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტისარც პრიორიტეტებში და არც პროგრამულ ჩამონათვალში მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა აღარ ფიგურირებდა. შესაბამისი ქვეპროგრამის, ტრანსპორტის განვითარების, დაფინანსებაც შემცირდა და მხოლოდ 24.4 მლნ ლარი შეადგინა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის მერიამ 2013 წლის 4 ნოემბერს ასი ახალი ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა (SPA130023991). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 55 500 000 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა ხუთმა კომპანიამ მიიღო.
2013 წლის 31 დეკემბერს თბილისი მერიამ ავტობუსების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, ტენდერის შეწყვეტის საფუძველი 2014 წლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა გახდა.
საბიუჯეტო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე, ყოველთვიურად გასცეს თანხა არა უმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა. ქალაქ თბილისის 2013 წლის ბიუჯეტისმიხედვით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნება 122 382 211 ლარს შეადგენდა. საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, თბილისის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ამ პრიორიტეტზე 2014 წელს ყოველთვიურად დასახარჯი თანხა 10 198 517 ლარი იყო.
სატენდერო კომისიის განმარტებით, აღნიშნული თანხით, გარდა ავტობუსების შეძენისა, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროექტებიც უნდა დაფინანსებულიყო. ავტობუსების შესაძენ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებისთვის გადასახდელი საავანსო თანხა კი, დაახლოებით, 9-15 მილიონ ლარს შორის მერყეობდა. აქედან გამომდინარე, ტენდერში მონაწილე ზოგიერთი კომპანიისთვის შეუძლებელი იქნებოდა საავანსო თანხის (ავტობუსების ფასის 30%, დღგ-ს და სერვისის ღირებულების გარეშე) გადახდა, ზოგ შემთხვევაში კი, ავანსის გადახდის შემდეგ, შეუძლებელი გახდებოდა სხვა დაგეგმილი პროექტების განხორციელება. შესაბამისად, სატენდერო კომისიამ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის (მე-7 მუხლის, გ ქვეპუნქტი) საფუძველზე შესყიდვის პროცედურები შეწყვიტა.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის მერმა 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შემოყვანის შესაძლებლობა დააანონსა. 2018 წლის 5 მაისს თბილისის მერიამ 100 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა (NAT180007069). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 45 000 000 ლარი იყო. თუმცა, ავტობუსების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მოგვიანებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი კვლავ გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ „თეგეტა თრაქ ენ ბასმა“ მიიღო. ჩვენ ავტობუსების შესყიდვის საკითხს თვალს მივადევნებთ და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.