14 ივნისს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს. ის 2017 წლის 13 ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო 2013-2017 წლებში, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.
ფაქტ-მეტრი მამუკა ბახტაძის ქონებრივი მდგომარეობით დაინტერესდა. დეკლარაციების თანახმად, ბახტაძე ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი თანამდებობის პირი იყო, 2013-2017 წლებში მისი წლიური შემოსავალი 240-290 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა, აღნიშნული მაღალი შემოსავლები მის ქონებასა და ფინანსებზე არ ასახულა.
მამუკა ბახტაძე, როგორც თანამდებობის პირი, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას 2014 წლიდან ავსებს.
2018 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, 2017 წელს ბახტაძის შემოსავალმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე, თვენახევრის განმავლობაში (13 ნოემბერი - 31 დეკემბერი), 11 151 ლარი შეადგინა. 2017 წელს, ნოემბრამდე პერიოდში, როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, მან 184 150 ლარი მიიღო. ამასთან, საქართველოს რკინიგზის მფლობელობაში არსებული კომპანიებისგან, შპს „ჯორჯია ტრანზიტისა“ და შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინისგან“, მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 53 513 ლარი შეადგინა. ორივე კომპანიაში მამუკა ბახტაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.
2017 წლის დეკლარაციის თანახმად, 2016 წელს მამუკა ბახტაძემ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორობისთვის 220 474 ლარი მიიღო. შპს „ჯორჯია ტრანზისტისა“ და შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინისგან“ მიღებულმა შემოსავალმა კი 64 214 ლარი შეადგინა.
2016 წლის დეკლარაციის თანახმად, 2015 წელს რკინიგზის გენერალური დირექტორობისთვის მიღებულმა შემოსავალამა 225 134 ლარი შეადგინა. შპს „ჯორჯია ტრანზისტისა“ და შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის მიღებულმა შემოსავალმა კი 64 457 ლარი.
2015 წლის დეკლარაციის თანახმად, 2014 წელს მამუკა ბახტაძის შემოსავალმა რკინიგზის გენერალური დირექტორობისთვის 186 780 ლარი, ხოლო შპს „ჯორჯია ტრანზისტისა“ და შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის 61 872 ლარი შეადგინა.
2014 წლის დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს მამუკა ბახტაძემ რკინიგზის დირექტორობისთვის 194 925 ლარი, „ჯორჯია ტრანზიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის კი 46 409 ლარი მიიღო.
გრაფიკი 1: მამუკა ბახტაძის შემოსავლები 2013-2017 წლებში (ლარი)
მიუხედავად იმისა, რომ ბახტაძის შემოსავლები საკმაოდ მაღალი იყო, გასული 5 წლის განმავლობაში, მის მიერ შევსებულ დეკლარაციებს თუ დავუჯერებთ, მისი ქონებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
2018 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი (355 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი (670 კვ.მ) მცხეთაში. დეკლარაციაში მითეთბულია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მან 2016 წელს ჩუქების ფორმით მიიღო. თუმცა, აღნიშნული ქონება წინა წლების დეკლარაციებშიც (2014-2017 წლები) მის სახელზე ფიქსირდება.
მამუკა ბახტაძე არ ფლობს მოძრავ ქონებას (მაგ. მსუქბუქი ავტომანქანა, ან სხვა). 2014-2015 წლების დეკლარაციების მიხედვით, მამუკა ბახტაძის საკუთრებაში იყო TOYOTA-ს ფირმის მსუბუქი ავტომანქანა. შემდეგ დეკლარაციებში აღნიშნული ავტომანქანა არ ფიქსირდება, არც მისი გასხვისებაა დაფიქსირებული.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, 2018 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მამუკა ბახტაძის ფინანსები შემცირებულია. მამუკა ბახტაძის საბანკო ანგარიშზე ჯამში 8 680 ლარია. 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, მის ანგარიშზე 25 637 დოლარი და 29 384 ლარი იყო. აქვე აღსანიშნავია, რომ მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის არ ფლობს ნაღდ ფულს და არც ფასიან ქაღალდებს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ხარჯებს, 2013 წელს 12 720 ლარი ჰქონდა ხარჯი მანქანის შესაძენად. 2012-2016 წლებში კი დაფარა 10 000 ლარის ოდენობის სესხი. სხვა გასავალი დეკლარაციებში მითითებული არ არის.