რეზიუმე:
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი 2015 წლის დეკემბერში გახდა. ამ წელს ეკონომიკური ზრდა 2.9%-ს შეადგენდა, ხოლო მისი პრემიერობის პირველივე წელს 2.8%-მდე შემცირდა. 2017 წელს მშპ-მ 5%-იან ზრდას მიაღწია. 5%-იანი ზრდის შემთხვევაშიც კი, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მე-7 ადგილს იკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ 2013-2015 წლებში, კვირიკაშვილი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა და აღნიშნული პერიოდის შედეგებისაგან მისი პერსონის სრული ჩამოშორება მართებული ვერ იქნება.
რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ ნახსენებ 6.5%-იან ზრდას, ეს უკავშირდება აპრილის თვის ზრდის მაჩვენებელს, წინა წლის იმავე თვესთან. აღნიშნული, მხოლოდ ერთი თვის მაჩვენებლით ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი არარელევანტურია. ხოლო, 2018 წლის I კვარტალში წინასწარი საშუალო ეკონიმიკური ზრდა 5.2%-ით არის შეფასებული.
ანალიზი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდი შეაფასა. ქუმსიშვილის თქმით,
გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნისას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.8% იყო, ხოლო მისი წასვლისას ეს მაჩვენებელი 6.5%-ია.
საქართველოს პარლამენტმა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრად 2015 წლის დეკემბერში აირჩია. ხოლო, მიმდინარე წლის ივნისში ის გადადგა. კვირიკაშვილი 2013-2015 წლებში ვიცე-პრემირი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდის შედეგებისგან მისი სრული განყენება მართებული არ არის.
მაშინ, როცა კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, რეალური მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 2.9%იყო, ხოლო მისი პრემიერობის პირველივე, 2016 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი 2.8% გახდა. 2017 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი 5%-ია. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მშპ-ს 4.5%-იანი ზრდაზეა დაგეგმილი, ხოლო მიმდინარე წლის I კვარტლის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა, წინასწარი შეფასებით, 5.2% შეადგინა, ოთხი თვის მონაცემებით კი - 5.5%.
გრაფიკი 1[1]:
საქართველოს ეკონომიკური ზრდა (%), 2010-2018 წლები
წყარო: საქსტატი
დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ დასახელებული მშპ-ს 6.5%-იანი ზრდა, იმ პერიოდში არ არის, რა შუალედითაც მშპ-ს დაანგარიშება და ანალიზი ზოგადად მიღებულია. აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ ერთ, აპრილის თვესთან არის დაკავშირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან არის შედარებული. თუმცა, მშპ-ს დათვალა წლიურად და კვარტალურად ხდება. ამრიგად, ერთი თვის მაჩვენებლით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ტენდენციის შეფასება არარელევანტურია და მასზე მსჯელობა შინაარსს მოკლებულია.
საინტერესოა ამავე პერიოდში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის (მსოფლიო ბანკის კლასიფიკაცია, სულ 24 ქვეყანა) ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ზრდის მდგომარეობა და მათ შორის საქართველოს ადგილი მშპ-ს ზრდის მიხედვით. 2014 წელს რეგიონის 24 ქვეყნიდან, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით მე-6 ადგილზე იყო, ხოლო 2015 წელს 2.9%-იანი ზრდით უკვე 15-ე ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს მშპ-ს ზრდა 2.8%-ს შეადგენდა, სხვა ქვეყნებში არსებული ზრდის მაჩვენებლის გამო, საქართველოს მე-13 პოზიციას იკავებდა. 2017 წლის წინასწარი მაჩვენებლებით, რეგიონის 24 ქვეყნიდან საქართველო მე-7 ადგილზეა.
ცხრილი 1: 2014-2017წლებში რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი (%)
2014 | 2015 | 2016 | 2017 | |||||||||||
N | ქვეყანა | % | N | ქვეყანა | % | N | ქვეყანა | % | N | ქვეყანა | % | |||
1 | თურქმენეთი | 10,3 | 1 | უზბეკეთი | 8 | 1 | უზბეკეთი | 7,8 | 1 | სომხეთი | 7,5 | |||
2 | უზბეკეთი | 8,1 | 2 | თურქმენეთი | 6,5 | 2 | ტაჯიკეთი | 6,9 | 2 | ტაჯიკეთი | 7,1 | |||
3 | ტაჯიკეთი | 6,7 | 3 | თურქეთი | 6,1 | 3 | თურქმენეთი | 6,2 | 3 | რუმინეთი | 7 | |||
4 | თურქეთი | 5,2 | 4 | ტაჯიკეთი | 6 | 4 | რუმინეთი | 4,8 | 4 | თურქეთი | 7 | |||
5 | მოლდოვა | 4,8 | 5 | კოსოვო | 4,1 | 5 | მოლდოვა | 4,1 | 5 | თურქმენეთი | 6,5 | |||
6 | საქართველო | 4,6 | 6 | პოლონეთი | 3,9 | 6 | ყირგიზეთი | 3,8 | 6 | უზბეკეთი | 5,3 | |||
7 | ყაზახეთი | 4,3 | 7 | რუმინეთი | 3,9 | 7 | ალბანეთი | 3,5 | 7 | საქართველო | 5 | |||
8 | უნგრეთი | 4 | 8 | მაკედონია | 3,8 | 8 | კოსოვო | 3,4 | 8 | პოლონეთი | 4,6 | |||
9 | ყირგიზეთი | 4 | 9 | ბულგარეთი | 3,6 | 9 | ბულგარეთი | 3,4 | 9 | ყირგიზეთი | 4,5 | |||
10 | მაკედონია | 3,6 | 10 | ყირგიზეთი | 3,5 | 10 | ხორვატია | 2,9 | 10 | მონტენეგრო | 4,2 | |||
11 | სომხეთი | 3,6 | 11 | მონტენეგრო | 3,4 | 11 | თურქეთი | 2,9 | 11 | კოსოვო | 4,1 | |||
12 | პოლონეთი | 3,3 | 12 | უნგრეთი | 3,1 | 12 | სერბეთი | 2,8 | 12 | მოლდოვა | 4 | |||
13 | რუმინეთი | 3,1 | 13 | ბოსნია და ჰერცოგოვინა | 3,1 | 13 | საქართველო | 2,8 | 13 | უნგრეთი | 4 | |||
14 | აზერბაიჯანი | 2,8 | 14 | სომხეთი | 3 | 14 | პოლონეთი | 2,7 | 14 | ყაზახეთი | 4 | |||
15 | ალბანეთი | 1,8 | 15 | საქართველო | 2,9 | 15 | მონტენეგრო | 2,5 | 15 | ალბანეთი | 3,9 | |||
16 | მონტენეგრო | 1,8 | 16 | ალბანეთი | 2,6 | 16 | მაკედონია | 2,4 | 16 | ბულგარეთი | 3,6 | |||
17 | ბელარუსია | 1,8 | 17 | ხორვატია | 1,6 | 17 | უკრაინა | 2,3 | 17 | ხორვატია | 2,8 | |||
18 | ბულგარეთი | 1,3 | 18 | ყაზახეთი | 1,2 | 18 | ბოსნია და ჰერცოგოვინა | 2 | 18 | ბოსნია და ჰერცოგოვინა | 2,7 | |||
19 | კოსოვო[2] | 1,2 | 19 | აზერბაიჯანი | 1,1 | 19 | უნგრეთი | 2 | 19 | უკრაინა | 2,5 | |||
20 | ბოსნია და ჰერცოგოვინა | 1,1 | 20 | სერბეთი | 0,8 | 20 | ყაზახეთი | 1 | 20 | ბელარუსია | 2,4 | |||
21 | რუსეთი | 0,7 | 21 | მოლდოვა | -0,4 | 21 | სომხეთი | 0,2 | 21 | სერბეთი | 1,8 | |||
22 | ხორვატია | -0,5 | 22 | რუსეთი | -2,8 | 22 | რუსეთი | -0,2 | 22 | რუსეთი | 1,5 | |||
23 | სერბეთი | -1,8 | 23 | ბელარუსია | -3,8 | 23 | ბელარუსია | -2,6 | 23 | აზერბაიჯანი | 0,1 | |||
24 | უკრაინა | -6,6 | 24 | უკრაინა | -9,8 | 24 | აზერბაიჯანი | -3,1 | 24 | მაკედონია | 0 |
2018-2020 წლებისთვის სამეზობლოსა და მთლიანად რეგიონში არსებული ეკონომიკურ ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებზე და საქართველოს მდგომარეობაზე ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
[1] * წინასწარი მონაცემები; ** I კვარტლის წინასწარი შეფასება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში; ***
ოთხი თვის საშუალო მაჩვენებლის წინასწარი შეფასება.
[2] საქართველო არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.