2018 წლის მარტში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, რეორგანიზაცია დაიწყო. ცვლილებები რამდენიმე მიმართულებითგანხორციელდა, რის შედეგადაც საშტატო ერთეული 217-დან 181-მდე შემცირდა. გარდა ამისა, დღეს მერიაში გაცილებით ნაკლებია ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობაც - 20 ადამიანი 84-ის ნაცვლად. განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებებიც - კეთილმოწყობის სამსახურის ფუნქციები ახლად შექმნილ ა(ა)იპ-ს გადაეცა. ბათუმის აღმასრულებელ ორგანოში მანამდე ათი სამსახური ფუნქციონირებდა. სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, მერიაში ცხრა სამსახური იქნება: საფინანსო-საბიუჯეტო; მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის; მუნიციპალური პოლიტიკის; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის; ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის; შიდა აუდიტის სამსახურები და მერიის ადმინისტრაცია.
2018 წლის 16 მარტისგანკარგულებით, მერიამ ორი ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)იპ) დააფუძნა: „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“ და „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“. სამაგიეროდ, ა(ა)იპ-ის „ბათუმის კორპუსისა“ და ა(ა)იპ „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ ლიკვიდაცია მოახდინა.წესდებისმიხედვით, „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ ფართო ფუნქციები მიენიჭა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის სერვისების ავტომატიზაცია და მომსახურების „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ამოქმედება; ქალაქის იერსახის, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა; უნებართვოდ ან/და დარღვევით მშენებარე ობიექტების გამოვლენა; უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ოჯახების მოძიება და ერთიან ბაზაში რეგისტრაციაში ხელშეწყობა; მოსახლეობის საჭიროებების ყოველდღიური აღრიცხვა - სისტემატიზაცია და უფლებამოსილი პირებისთვის მიწოდება და სხვა.
რაც შეეხება „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“, მის კომპეტენციას, რომელიც ასევე მრავლისმომცველია,მიეკუთვნებაბათუმის საქალაქო მეურნეობის მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია და განვითარება, მუნიციპალური პროგრამების რეალიზაცია. ამ ორი ა(ა)იპ-ის მიზნებსა და ფუნქციებში ნაწილობრივ გაწერილია ლიკვიდირებული ორგანიზაციებისა და სამსახურების ფუნქცია-მოვალეობები. რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე სამსახური და ორი ახალი ა(ა)იპ გამსხვილდა, თუმცა ჯამში შემცირებულია იმ მომუშავეთა რიცხოვნობა, რომლებიც ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებენ. თუ 2017 წელს მათი რიცხვი 2 614-ს შეადგენდა, წელს ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებას 2 580 ადამიანიმიიღებს. აღსანიშნავია, რომ ამ შემცირების მიუხედავად, უმნიშვნელოდ გაზრდილია შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი - 19 614 000 ლარიდან 19 679 600 ლარამდე.
ფაქტ-მეტრმა ლიკვიდირებული ორგანიზაციების ხარჯები ახლად შექმნილი ა(ა)იპ-ების საპროგნოზო მაჩვენებლებს შეადარა. აღსანიშნავია, რომ „ბათუმის კორპუსსა“ და „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში“ ჯამში 170 ადამიანი იყოდასაქმებული, ხოლო ახლად შექმნილ სამმართველოსა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნება, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმისმიხედვით, 187-ს შეადგენს.
ცხრილი 1:ლიკვიდირებულ და ახლადშექმნილ ა(ა)იპ-ებში მომუშავეთა რიცხვი და შრომის ანაზრაურება
ორგანიზაცია ა(ა)იპ | მომუშავეთა რიცხვი | ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურება, ლარი | საქონელი და მომსახურება, ლარი |
ბათუმის კორპუსი | 64 | 690 500 | 286 100 |
ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო | 106 | 594 000 | 883 500 |
მუნიციპალური სერვისების მართვის სააგენტო | 107 | 1 071 700 | 493 600 |
საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო | 80 | 879 200 | 332 900 |
წყარო:ქალაქ ბათუმისმერია;ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტისდადგენილება
ორ ახალ ა(ა)იპ-ში მომუშავეთა რიცხოვნობასთან ერთად, გაზრდილია შრომის ანაზღაურების მაჩვენებელიც, 1 284 500 ლარიდან 1 950 900 ლარამდე. თუმცა, საქონლისა და მომსახურების მუხლში გაწერილი თანხის მოცულობა შემცირებულია. თუ ეს მაჩვენებელი ლიკვიდირებული ორგანიზაციების შემთხვევაში 1 169 600 ლარი იყო, ახალ ა(ა)იპ-ებისთვის 826 500 ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამმართველოს ბიუჯეტი 1 212 100 ლარია. ეს თანხა მთლიანად შრომის ანაზღაურებასა და საქონელსა და მომსახურებაზე უნდა გაიხარჯოს.
კიდევ ერთი სიახლე, რომლის განხორციელებასაც ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გეგმავს, ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრისშექმნაა. ამ მიმართულებით, 2018-2021 წლებში, ქალაქის ბიუჯეტიდან 5 250 000 ლარის გახარჯვა იგეგმება. აქედან 50 000 ლარი 2018 წელს უნდა გაიხარჯოს. ასევე ქალაქის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს დაგეგმილია საერთაშორისო ბიზნესცენტრის შექმნის ხელშეწყობის დაფინანსება 40 000 ლარით.
ინფორმაციისთვის, ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ქობულეთის ყოფილი გამგებელი სულხან ევგენიძე უხელმძღვანელებს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ის უმუშევარი იყო და როგორც ფაქტ-მეტრს თვითონგანუცხადა, „ქართული ოცნებისგან“ შესაბამის შეთავაზებას ელოდებოდა. ჩვენთვის ამ ეტაპზე გაურკვეველი დარჩა, რა რაოდენობის თანხას აიღებს სულხან ევგენიძე შრომის ანაზღაურების სახით.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კიდევ ერთი აქტიური წარმომადგენელი ჯუმბერ კობალაძე, რომელიც პარტიის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრია, მუნიციპალური სერვისების მართვის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ჯუმბერ კობალაძე 2010-2014 წლების მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო, ხოლო 2017 წლის არჩევნებში პარტიულ სიაში მეათე ნომრად ეწერა, თუმცა საკრებულოს წევრი ვერ გახდა. ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების მართვის სააგენტოსთვის“ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტიდან განსაზღვრული ხარჯის საპროგნოზო მაჩვენებელი 1 812 300 ლარს შეადგენს. ამ თანხის 86.37 % ანუ 1 565 300 ლარი შრომის ანაზღაურებასა და საქონელსა და მომსახურებაზე უნდა დაიხარჯოს.
ამ ეტაპზე რთული სათქმელია, ბათუმის მერიაში განხორციელებული ცვლილებების ეფექტი დადებითი იქნება, თუ - არა. სამომავლოდ, ფაქტ-მეტრი ამ პროცესს დააკვირდება.