ტოვებს.
რეზიუმე: 2017
წლის 19 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018 წელს გათვალისწინებული საპროექტო წინადადებები მოიწონა. 2018 წელს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილ საპროექტო სამუშაოებს შორის სოფელ რუისპირში (ახატელისა და არტოზანის უბნებში) საუბნო გზის მოასფალტებაც მოხვდა. განკარგულების მიხედვით, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად სულ 18 500 ლარის დახარჯვას აპირებდნენ.
2017წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თელავის #17.11 მაჟორიტარულ ოლქში (სოფელი რუისპირი) 41.82%-ით „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა, ზურაბ ნაცარაშვილმა გაიმარჯვა.
2018წლის 23 აპრილს, თელავის საკრებულოს 2017 წლის N71 განკარგულებით, დამტკიცებულ დანართში ცვლილება შევიდა. კერძოდ, ამოღებულ იქნა სოფ. რუისპირში (ახატელისა და არტოზანის უბანში) საუბნო გზის მოასფალტება. რუისპირში განსახორციელებელი პროექტების მაგივრად დამატებულ იქნა ორი ახალი პროექტი - სოფლებში - ვარდისუბანსა და კისისხევში ხელოვნურსაფრიანი მინი სტადიონების მოწყობა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების შეტანის აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სოფელ რუისპირში სარეაბილიტაციო გზის ქვეშ (არტოზანის უბანში) გამოსაცვლელია სასმელი წყლის ამორტიზებული მაგისტრალი (დაახლოებით ორი კილომეტრი), რომლის შეცვლის გარეშეც გზის მოასფალტებას აზრი ეკარგება.
ფაქტ-მეტრს არ შეუძლია იმის მტკიცება, თვითმმართველობის ორგანომ რუისპირის გზების ნაცვლად კისისხევსა და ვარდისუბანში სტადიონების მოწყობის გადაწყვეტილება პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორების მიზნით მიიღო, თუ არა. შესაბამისად, ლელა მენთეშაშვილის განცხადება ვერდიქტის გარეშე რჩება.
ანალიზითელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს „ქართული ოცნებისა" და „ევროპული საქართველოს" დეპუტატები დაუპირისპირდნენ. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სოფელ რუისპირის შიდასაუბნო გზების მოასფალტებისთვის გამოყოფილი თანხა სოფლების - კისისხევისა და ვარდისუბნის სტადიონების კეთილმოწყობას მოხმარდება. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა.
ოპოზიცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. „ევროპული საქართველოდან" თელავის საკრებულოს წევრის, ლელა მენთეშაშვილის მტკიცებით, სოფლისთვის გამოყოფილი თანხის გადამისამართების მიზეზი, რუისპირში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვებაა.
„მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი პარტიის წევრების და ამომრჩევლების დასჯა. 2017 წლის დასაწყისში რეგიონალური განვითარების ფონდიდან, 10 000 ლარი სოფელ რუისპირის შიდა საუბნო გზების მოასფალტებისთვის გამოიყო. მას შემდეგ, რაც არჩევნებზე სოფელში ჩვენმა კანდიდატმა, ზურაბ ნაცარაშვილმა გაიმარჯვა, ამის გამო შეიცვალა სიტუაცია და სოფელ ეს თანხა მიზანმიმართულად წაართვეს. დღეს, საკრებულომ აღნიშნული თანხა სოფელ ვარდისუბანსა და კისისხევიში სტადიონების კეთილმოწყობისთვის გადაანაწილა. ეს არის მოსახლეობის დასჯა იმისთვის, რომ მათ ოპოზიციონერი დეპუტატი აირჩიეს“ - განუცხადაknews.ge-ს ლელა მენთეშაშვილმა.
2017 წლის 19 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018 წელს გათვალისწინებული საპროექტო წინადადებები დაამტკიცა. N71-ე განკარგულების თანახმად, 2018წელს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილ საპროექტო სამუშაოებს შორის სოფელ რუისპირში (ახატელისა და არტოზანის უბნებში) საუბნო გზის მოასფალტებაც მოხვდა.
ფაქტ-მეტრისთვის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოგზავნილი ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 575, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 18 500 ლარი უნდა დახარჯულიყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 2017წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თელავის #17.11 მაჟორიტარულ ოლქში (სოფელი რუისპირი) 41.82%-ით „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა, ზურაბ ნაცარაშვილმა გაიმარჯვა. ამავე უბანზე ამომრჩეველთა ხმების 40. 27% მიიღო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბესიკ ბახსოლიანმა.
2018 წლის 23 აპრილს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის N71 განკარგულებით დამტკიცებულ დანართში ცვლილება შევიდა. კერძოდ, N18 განკარგულებაში ამოღებულ იქნა სოფელ რუისპირში (ახატელისა და არტოზანის უბანში) საუბნო გზის მოასფალტება და მის მაგივრად დამატებულ იქნა ორი ახალი პროექტი - სოფელ ვარდისუბანსა და სოფელ კისისხევში ხელოვნურსაფრიანი მინი სტადიონების მოწყობა.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის განმარტებით, ცვლილების შეტანის აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სოფელ რუისპირში სარეაბილიტაციო გზის ქვეშ (არტოზანის უბანში) გამოსაცვლელია სასმელი წყლის ამორტიზებული მაგისტრალი (დაახლოებით 2 კილომეტრი), რომლის შეცვლის გარეშეც აზრი ეკარგება პროექტის ეფექტურობას.
„მაგისტრალის შეცვლა, სავარაუდოდ, დაჯდება 80 000-დან 100 000 ლარამდე, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან სამწუხაროდ ვერ დაფინანსდება თანხის არ არსებობის გამო. რაც შეეხება სოფელ ახატელში გზის მოასფალტებას, მისი განხორციელების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არის საჭირო გზის ვარგისიანობიდან გამომდინარე და მოსარგებლე ბენეფიციარების სიმრავლის გათვალისწინებით, რადგან აღნიშნული გზის მონაკვეთით სარგებლობს მხოლოდ სოფლის მცირე ნაწილი და საერთო ეფექტს სოფლისთვის ვერ მოიტანს. რაც შეეხება არტოზანის უბანში გზის მოასფალტებას და სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის გამოცვლას, იგი გათვალისწინებული იქნება 2019 წლის რეგიონული ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში“ - განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე.
თხლაშიძე სოფელ რუისპირთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ოპოზიციის პროტესტს პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებს.