მიმდინარე წლის 11 მაისს, „ქართული ოცნების“ მე-5 ყრილობაზე, პოლიტიკაში მეორედ მოსული ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მან ყრილობის დელეგატებს სიტყვით მიმართა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
ფაქტ-მეტრმა ბიძინა ივანიშვლის მიერ გაჟღერებული რამდენიმე ფაქტი გადაამოწმა. პოლიტიკოსის განცხადებების შედარებით ზოგადი შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ სიტუაციის ანალიზით შემოვიფარგლებით და საბოლოო ვერდიქტის გამოტანას მკითხველს მივანდობთ.
დღეს სრულად არის დაცული ადამიანის საკუთრების უფლება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს განადგურებული იყო ... აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ერთ-ერთი კომპონენტია საკუთრების უფლების დაცულობის მაჩვენებელი. 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოსთვის აღნიშნული მონაცემი, 2017 წელთან შედარებით, 55.2-დან 62.8 ქულამდე გაუმჯობესდა. შედეგად, ქვეყანამ რეიტინგში 50 ადგილზე გადაინაცვლა. 2012 წელს, 40 ქულით, საქართველო 71-ე ადგილს იკავებდა.
ანალოგიური მაჩვენებელი ასახულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშებშიც. აღნიშნული წყაროს თანახმად, 2012 წელს (2012-2013 წლების საანგარიშო პერიოდი) საქართველო, საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით, 3.1 ქულით, 144 ქვეყანას შორის 131-ე იყო. 2017 წლის მონაცემებით (2017-2018 წლები საანგარიშო პერიოდი) კი, ჩვენი ქვეყანა 4.7 ქულით 46-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლების საანგარიშო პერიოდთანი შედარებით, საკუთრების უფლების თვალსაზრისით, საქართველო სამი ადგილით დაქვეითდა, თუმცა 2012 წელთან შედარებით წინსვლა შესამჩნევია.
მსოფლიო სამართლის პროექტის (WJP) მონაცემებით, 2012-2013 წლებში კორუფციის არარსებობის ინდიკატორი საქართველოსათვის 0.77-ს შეადგენდა და ქვეყანა რეიტინგში 97 ტერიტორიულ ერთეულს შორის 21-ე ადგილზე იმყოფებოდა. 2017 წლის მდგომარეობით აბსოლუტური ქულა 0.71-მდე გაუარესდა, რეიტინგში კი საქართველომ 113 ქვეყანას შორის 23-ე ადგილზე გადაინაცვლა. Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) შემთხვევაში, საქართველო 2012 წელს 52 ქულით 51-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2016 წლის მდგომარეობით საქართველომ 57 ქულით 44-ე ადგილზე გადაინაცვლა, 2017 წელს კი 56 ქულით 46-ე ადგილამდე დაქვეითდა.
დღეს, ისე როგორც არასდროს, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი
ბიზნესის თავისუფლება ერთერთი კომპონენტია Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში. ცხრილი 1 ასახავს საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს მოცემული მიმართულებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ დიდწილად მოცემული ინდექსები ინფორმაციის მატარებელია ინსტიტუციურ/დეკლარირებულ თავისუფლებაზე, შემზღუდველი/დისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობაზე.
ცხრილი 1: ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
პერიოდი | ეკონომიკური თავისუფლება | ბიზნესის თავისუფლება | ||
ქულა | ადგილი რეიტინგში | ქულა | ადგილი რეიტინგში | |
2012 | 69.4 | 34 | 86.9 | 23 |
2013 | 72.2 | 21 | 90.6 | 16 |
2014 | 72.6 | 22 | 87.8 | 18 |
2015 | 73.0 | 22 | 88.6 | 16 |
2016 | 72.6 | 23 | 86.5 | 14 |
2017 | 76.0 | 13 | 87.2 | 16 |
2018 | 76.2 | 16 | 86.9 | 13 |
წყარო: Heritage Foundation
როგორც ცხრილიდან ჩანს, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში არსებითი წინსვლაა როგორც სარეიტინგო ქულის, ასევე რეიტინგში ადგილის თვალსაზრისით. ბიზნესის თავისუფლების კუთხით კი აბსოლუტური ქულა არ გაუმჯობესებულა, თუმცა სხვა ქვეყნების მაჩვენებელთა შემცირების შედეგად 2012-2018 წლებში რეიტინგში საქართველოს წინსვლამ 10 საფეხური შეადგინა. ბინზესის დაცულობის შეფასების მიზნებისათვის ირიბ ინდიკატორად საკუთრების უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა შეიძლება იქნეს მიჩნეული. როგორც უკვე აღინიშნა, ამ მხრივ საანგარიშო პერიოდში მდგომარეობა უკეთესობისკენაა შეცვლილი (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევები მსგავს საკითხებზე ლინკი1; ლინკი2).
შარშან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 862 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2006-2017 წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქსტატის ბაზაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მნიშვნელობები უკანასკნელი თვეების განმავლობაში ორჯერ შეიცვალა. კორექტირება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციის შედეგად მოხდა. კორექტირების შედეგად, მნიშვნელოვნად, 263 მლნ დოლარით შემცირდა 2007 წლის ინვესტიციების მაჩვენებლები, რომელიც, ცვლილებებამდე, საანგარიშო პერიოდში რეკორდული იყო და 2 015 მლნ დოლარს შეადგენდა. ამგვარმა ცვლილებამ, არასაკმარისმა კომუნიკაციამ და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2017 წლის მაჩვენებლის რეკორდულობაზე აპელირებამ, საზოგადოებაში სამართლიანი ეჭვები გააჩინა გადასინჯვის მეთოდოლოგიისა და მოტივის მართებულობაში. მოგვიანებით, საქსტატმა აღნიშნული საკითხი დეტალურად განმარტა.
ამავდროულად, ინვესტიციების მაჩვენებლების მხოლოდ აბსოლუტური რიცხვებით შედარება არასწორი მიდგომაა. ამ შემთხვევაში რეალურ სიდიდეს მაჩვენებლის ქვეყნის მშპ-თან მიმართება გვიჩვენებს. ამგვარი ანალიზისას ვნახავთ, რომ 2017 წლის ინვესტიციების ოდენობის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდისათვის რეკორდული არ არის. მას 2006 და 2007 წლების ანალოგიური მონაცემები აღემატება, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ისევ 2007 წელს ფიქსირდება – 17.2%.
ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში ლიდერობს, ხოლო IMF-ის მონაცემებით, მომდევნო ექვსი წლის ეკონომიკური პროგნოზით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორისაც
2013-2017 წლებში საქართველოში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3.75% შეადგინა, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის თურქეთის მაჩვენებელს (6%) ჩამოუვარდება, სომხეთისას კი მხოლოდ 0.17 პროცენტული პუნქტით აღემატება.
IMF-ის მიერ განსაზღვრულ რეგიონში (დსთ-ს ქვეყნები, უკრაინა, საქართველო და თურქმენეთი) მოცემული მაჩვენებლით საქართველო 12 ქვეყანას შორის მხოლოდ მე-6 ადგილზეა.
რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, დასახელებულ არეალში (ევროპა და ცენტრალური აზია) 2018-2023 წლების საშუალო პროგნოზირებული ზრდით საქართველო (4.96%) მხოლოდ თურქმენეთსა (5.69%) და უზბეკეთს (5.58%) ჩამოუვარდება (2018 წელს მეექვსეა, 2019-2023 წლებში კი ხუთეულში შედის). აქვე გასათვალისწინებელია, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობა ეკონომიკური განვითარებით საქართველოს გაცილებით უსწრებს, შესაბამისად, მსგავს ქვეყნებში განვითარებად ქვეყანასთან (საქართველო) შედარებით, დაბალი ზრდა კანონზომიერია. განვითარებულ ქვეყნებში მეტად არის რეალიზებული ეკონომიკის პოტენციალი, განვითარებად ქვეყნებში კი აუთვისებელი ან ნაკლებად ათვისებული სფეროების არსებობა ეკონომიკური ზრდის მეტ შესაძლებლობას ტოვებს. ამავდროულად, შედარებით მაღალი ზრდის დაფიქსირებას ტექნიკური მიზეზიც - საბაზო ეფექტი (მცირე აბსოლუტური ცვლილება, რომელიც საწყისი ოდენობის სიმცირიდან გამომდინარე იძლევა მაღალ პროცენტულ ცვლილებას) - უწყობს ხელს.