2017 წლის 22 ნოემბერს ბათუმის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ, მესაკუთრეების მიერ მიტოვებულ შემოუღობავ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს რეგულარულად დაასუფთავებს.
„პირველ ეტაპზე მოხდება მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების აღწერა - მესაკუთრის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება, დათვალიერების აქტის შედგენა, დასურათება და სხვა ღონისძიებების განხორციელება.
მერიის შესაბამისი სტრუქტურები განახორციელებენ ქონების მესაკუთრეების გაფრთხილებას ობიექტების მოწესრიგების თაობაზე, რის შემდეგაც, მათ მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ტერიტორიის დაგვა, დასუფთავება, ბალახებისგან გაწმენდა და სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება“ - წერია განცხადებაში, რომელიც ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ქალაქის მერმა საზოგადოებას თავისი 100 დღიანი მმართველობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე ლაშა კომახიძე აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ შეეხო და განაცხადა, რომ „შემუშავდა კერძო საკუთრებაში არსებული, მიტოვებული და მოუვლელი ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების მოწესრიგების წესი“.
ზემოხსენებული ანგარიშის დროს, მერმა ასევე აღნიშნა, რომ გატარდა ღონისძიებები საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობისა და მასზე წვდომის გამარტივების მიზნით.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში კერძო საკუთრებაში არსებული რამდენი მიტოვებული შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთია მოქცეული და აქედან რამდენ ობიექტს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ ინფორმაციის მიღების მიზნით, ჩვენ ქალაქის მერიას მიმდინარე წლის 12 აპრილს მივმართეთ. აღსანიშნავია, რომ წერილზე პასუხი დაგვიანებით მივიღეთ.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას არეგულირებს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, რომლის 37-ე მუხლში წერია, რომ ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია და მიიღოს ის მისთვის სასურველი ფორმით, ხოლო იმავე კოდექსის მე-40 მუხლი ავალდებულებს საჯარო დაწესებულებას, გასცეს ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით, დაუყოვნებლივ ან ათი დღის ვადაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს მოძიებასა და დამუშავებას. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია, განმცხადებელს ინფორმაციის მოთხოვნისთანავე აცნობოს.
ეს უკანასკნელი წესი ხშირად, თითქმის ყოველთვის, ირღვევა და მერია უმეტესად ათდღიან ვადას იყენებს, მაშინაც კი, როცა ინფორმაციას მოძიება და დამუშავება არ სჭირდება. ამჯერად საჯარო დაწესებულებას ფაქტ-მეტრისთვის არ უცნობებია, რომ კოდექსით განსაზღვრული ვადის გამოყენებას აპირებდა. მერიამ პასუხი 16 მაისს გამოგვიგზავნა (ჩვენ განცხადებით 12 აპრილს მივმართეთ). მერიიდან მოგვწერეს: „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში არ მოიპოვება ერთიანი დოკუმენტაცია ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული მოუვლელი მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების რაოდენობის თაობაზე.
რაც შეეხება ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების შესახებ ინფორმაციას, გაცნობებთ, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიების მიზნით უნდა მიმართოთ ა(ა)იპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“.
ასე რომ, ბათუმის მერიამ არც თავად მოიძია და დაამუშავა ინფორმაცია ამ ერთი თვის განმავლობაში და ჩვენთვის პასუხის გაცემაც დააგვიანა. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქის თვითმმართველობა ხშირად ისეთ სიახლეებს აანონსებს, რომლის განხორციელებისთვისაც საჭირო ინფორმაცია თვითონაც არ აქვს. მაგალითად, როგორ უნდა მოუაროს, დაასუფთაოს და მიხედოს მიტოვებულ ტერიტორიებსა და შენობა-ნაგებობებს მერიამ, თუ მათი ადგილმდებარეობისა და რაოდენობის შესახებ არაფერი იცის? ან ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით ამ ობიექტების დათვლა რატომ აქამდე ვერ მოხერხდა?
აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებისთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, გატარდა კონკრეტული ღონისძიებები ქალაქის განაშენიანების რეგულირების მიზნით; მომზადდა პროექტი ბათუმის ისტორიული განაშენიანების განსაკუთრებული ზონისა და მასზე გავრცელებული რეგულაციების შესახებ ... ამასთან, ქალაქის მერმა ერთ-ერთ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი იწყებს ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე მათი მიმდებარე ფონური ნაგებობების (საწყის ეტაპზე ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში) ეტაპობრივად გამოსყიდვას მცხოვრებლებისათვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების გზით. შემდეგ ეტაპზე კი შეიმუშავებენ ამ შენობების რეაბილიტაციის პროექტებს, რაშიც ჩართული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. როგორ განახორციელებს მერია ამ ჩანაფიქრს, თუ მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობაზე ინფორმაცია არ მოეპოვება, გაუგებარია. ინფორმაციისთვის, საკონსულტაციო ცენტრმა „გეოგრაფიკმა“, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, მოამზადა ქალაქის ისტორიული განაშენიანების პროექტი, რომელშიც ინდექსურ რუკაზე დატანილია ძეგლის სტატუსის მქონე, ასევე სტატუსის მისანიჭებლად და მოსახსნელად წარდგენილი ობიექტები.
ყოველივე ზემოთ თქმულის მიხედვით შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მერიაში ჩვენი წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ უნდა ჰქონოდათ, ან მაშინვე მოეწერათ, რომ არ ჰქონდათ, რათა ერთი თვის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმში არ ვყოფილიყავით.
მიტოვებული ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების მოწესრიგების სამუშაოებთან დაკავშირებით მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მოგვწერა, რომ დასუფთავების სამსახურმა რამდენიმე ასეთი ობიექტი უკვე მოაწესრიგა. ე. ი., „სანდასუფთავებას“ (მერიის მიერ შექმნილი მუნიციპალური ორგანიზაცია) ამ ობიექტების შესახებ მოეპოვება გარკვეული ინფორმაცია, რომელიც მერიას შეეძლო გამოეთხოვა და ჩვენთვის მოეწოდებინა. ასეთი პრაქტიკა არსებობს და მას „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიც“ ითვალისწინებს.
რაც შეეხება განკარგულებას „ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოუვლელი მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების მოწესრიგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, საკრებულომ ის 2017 წლის 24 ნოემბერს მიიღო. განკარგულებაში გარკვევით წერია, რომ მერიამ და მის მიერ დაფუძნებულმა შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ ზემოთ აღნიშნული კატეგორიის შენობებისა და მიწის ნაკვეთების აღწერა (მესაკუთრის თაობაზე ინფორმაციის მოძიება, დათვალიერების აქტის შედგენა, დასურათება და სხვა). მეორე პუნქტით გათვალისწინებულია აღწერის შემდგომი აქტივობები - მესაკუთრეების გაფრთხილება და მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მიუხედავად ამისა, მერიამ მოგვწერა, რომ მას ობიექტების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რაც ნიშნავს, რომ ნოემბრის შემდეგ, განკარგულების ძალაში შესვლის მომენტიდან დღემდე, მას აღწერის ღონისძიებები არ განუხორციელებია.