ვერდიქტი: დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ვერდიქტრის გარეშე ვტოვებთ.
რეზიუმე: „ზიანის შემცირების ქსელის“ მიხედვით, რომელიც, მხოლოდ, ორი წლის მონაცემებს მოიცავს, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობა 39-დან 50-მდეა გაზრდილი.
აღნიშნული მონაცემების მაგივრად, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტის (RIA) ნარკოპოლიტიკის პროგნოზების გათვლისას ძირითად წყაროდაც კი არის გამოყენებული, ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილე ზედოზირებით სიკვდილიანობის მაჩვენებლის შეფასებისას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მონაცემებს ეყრდნობა. ექსპერტიზის ბიუროს მონაცემების მიხედვით, ზედოზირებით სიკვდილიანობის მაჩვენებლი მართლაც შემცირებულია (2012 წელს 39 შემთხვევა, 2013 წელს - 28, ხოლო 2014 წელს - 7) თუმცა, მოცემული რიცხვები, შესაძლოა, არსებული რეალობისგან საკმაოდ შორსაც იდგეს.
სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით 2012 წელთან შედარებით 2014-2015 წლებში გაიზარდა თუ შემცირდა ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობა ან რა მდგომარეობაა დღეს, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით სრულყოფილი და სანდო სტატისტიკა არ არსებობს.
ანალიზიპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ, არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკის ფონზე, ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირების შედეგად გარდაცვალთა რაოდენობის კლების ტენდენციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „ზედოზირებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის შემცირებული. თუკი 2012 წელს იყო 39 შემთხვევა, 2013 წელს იყო 28, ხოლო 2014 წელს - 5“.
2015 წლიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, არალეტალური ზედოზირების თაობაზე, სტატისტიკის წარმოება დაიწყო. ხოლო, ზედოზირებით გამოწვეულ გარდაცვალებათა აღრიცხვიანობა გასული საუკუნის 90-იან წლებში შეწყდა და მხოლოდ 2007 წლიდან განახლდა. ამჟამად, ამ სტატისტიკას სამხარაულის ეროვნული ბიურო აწარმოებს. თუმცა, ამის მიუხედვად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ნარკოტიკულ საშუალებათა ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია დღეისთვის არ მოიპოვება (გვ. 31).
აღნიშნულ მოსაზრებას მოწმობს "ზიანის შემცირების ქსელის"მიერ წარმოებული ალტერნატიული სტატისტიკა (წარმოებულია არაფორმალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით), რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან რადიკალურად განსხვავებულ სურათს აჩვენებს.
ცხრილი 1:ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირების შედეგად გარდაცვლილ პირთა რაოდენობა წლების მიხედვით (სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, 2016)
წელი | გარდაცვლილთა რაოდენობა |
2007 წელი | 54 |
2008 წელი | 33 |
2009 წელი | 19 |
2010 წელი | 16 |
2011 წელი | 16 |
2012 წელი | 39 |
2013 წელი | 28 |
2014 წელი | 7 |
2015 წელი | 5 |
ცხრილი 2: „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ 2014-2015 წლებში ლეტალური და არალეტალური ზედოზირების მონაცემები
წელი | ზედოზირების შემთხვევები | არალეტალური შედეგი | ლეტალური შედეგი |
2014 წელი | 528 | 489 | 39 |
2015 წელი | 892 | 842 | 50 |
თუკი პირველ და მეორე ცხრილებში მოყვანილ 2014-2015 წლების მონაცემებს დავაკვირდებით, მათ შორის დიდ სხვაობას დავინახავთ. კერძოდ, სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს მონაცემებით, 2014 წელს 7, ხოლო, 2015 წელს ზედოზირებით გარდაცვალების მხოლოდ 5 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც „ზიანის შემცირების ქსელის“ სტატისტიკის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებლები, შესაბამისად, 39 და 50-ს უდრის. „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ მომზადებული კვლევის (
„ნარკოვითარება საქართველოში“) თანახმად, მონაცემების შორის შესამჩნევი სხვაობა საფუძვლიან ეჭვს აჩენს იმის ვარაუდისთვის, რომ ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით სიკვდილის შემთვევების მხოლოდ ნაწილი გადის სასამართლო ექსპერტიზას.
საინტერესოა, თუ რამდენად ზუსტი და ამომწურავია „ზიანის შემცირების ქსელის“ მიერ წარმოებული სტატისტიკა. ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის შეგროვება (გვ. 48-49) პროექტ „წაიღე სახლში ნალოქსინის“ ფარგლებში წარმოებს. პროექტის ფარგლებში ტარდება ტრენინგი, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა თემში ინფორმირებულობის დონისა და ადეკვატური რეაგირების უნარ-ჩვევების გაზრდას. ამასთან, რიგდება ნალოქსინის ამპულები, რომელიც ზედოზირების შემთხვევაში გამოიყენება. შემდეგ კი, გამოყენებული ამპულების მიხედვით, დგება სტატისტიკა. კერძოდ, დგინდება ზედოზირების რამდენ შემთხვევაში მოხდა აღნიშნული პრეპარატით სიცოცხლის გადარჩენა და რამდენ შემთხვევაში დადგა ლეტალური შედეგი. მაგალითისთვის, პროგრამით დარიგებული ნალოქსინის ინექციის შედეგად, 2014 წელს, ზედოზირების 528 შემთხვევიდან, გადარჩენილია 489 (93%) სიცოცხლე, 39 შემთხვევაში (7%) კი ლეტალური შედეგი დადგა.
მართალია, აღნიშნული მეთოდოლოგიით წარმოებული სტატისტიკა უფრო ზუსტია ვიდრე ექსპერტიზის ბიუროს მიერ წარმოდგენილი მონაცემები, ვინაიდან ხშირად ზედოზირების შემთხვევაში ექსპერტიზა საერთოდ არ ტარდება, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ნალოქსინის ამპულების გამოყენების დათვლით, რეალური სურათის დანახვა არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ნოემბერში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და საბიუჯეტო ოფისის მიერ ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების შესახებ დოკუმენტი (RIA) მომზადდა, რომელიც ერთი მხრივ არსებულ ნარკოპოლიტიკასა და პრობლემებს, ხოლო მეორე მხირვ, იმ პროგნოზებს აღწერს, რომელიც ნარკოპოლიტიკის სხვადასხვა სცენარით (სულ სამი სცენარი) განვითარების შემთხვევაში მიიღება. დოკუმენტში ზედოზირებისას სიკვდილიანობის შესახებ მოყვანილია როგორც სამხარაულის ბიუროს, ასევე „ზიანის შემცირების ქსელის“ მონაცემები. თუმცა, სხვადასხვა სცენარის დაგეგმვისას, მხედველობაში მიღებულია სწორედ ზიანის შემცირების ქსელის მონაცემები.
ექსპერტები ზედოზირებით სიკვდილიანობის სტატისტიკის არასრულყოფილად არსებობის ძირითად მიზეზად საზოგადოებაში არსებულ სტიგმასა და არახელსაყრელ საკანონმდებლო გარემოს ასახელებენ, რაც 2014 წლამდე განსაკუთრებით დიდ ბარიერს წარმოადგენდა. კერძოდ, თუკი აქამდე ზედოზირების შემთხვევაზე გამოძახებული ექიმი ვალდბეული იყო სამართალდამცავი ორგანოებისთვის ნარკოტიკების უკანონოდ მოხმარების ფაქტის შესახებ ეცნობებინა, 2014 წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, გაუქმდა აღნიშნული ვალდებულება. თუმცა, როგორც ფაქტ-მეტრის მიერ ადრე ჩატარებულმა კვლევამაჩვენა, ხშირად ზედოზირების შემთხვევაში პოლიცია მაინც ინფორმირებული აღმოჩნდება ხოლმე (პოლიცია შესაბამის ინფორმაციას "112"-დან იღებს) რაც პაციენტს ან მის ნათესავს სასწრაფოში დარეკვისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.
ამასთან, სრულიად საფუძვლიანად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზედოზირებისას ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობის შემცირებას ხელს უწყობს ზიანის შემცირების ქსელის მიერ წარმოებული კამპანიაც - „წაიღე ნალოქსინი სახლში“. რაც ნათლად წარმოაჩენს თუ საით უნდა იყოს მიმართული სახელმწიფოს ძალისხმევა.