„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (Eastern Partnership(EaP) არის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არსებული პროგრამა, რომელიც 2009 წელს შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა. ეს იყო მცდელობა, პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის შექმნილიყო განსხვავებული ფორმატი, თუმცა, დღეს ის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთის მიმართულებად მოიაზრება. რაც გულისხმობს, რომ პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მასში შედის 6 სახელმწიფო: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობა მიმდინარეობს ორი მიმართულებით: ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში. ორმხირივი ფორმატის მიზანია პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება და სამეზობლო პოლიტიკური ჩარჩოს შექმნა. იგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნა ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის DCFTA-ს ბაზაზე, უვიზო რეჟიმის არსებობა და ენერგო უსაფრთხოების გაძლიერება.
მოლაპარაკების მრავალმხრივ ფორმატებში იგულისხმება საერთო ინტერესთა სფეროში თანამშრომლობა. ის მოიცავს 4 პლატფორმას, 6 ფლაგმან ინიციატივას და 11 პანელს. ეს პლატფორმებია: 1. დემოკრატია, გამჭვირვალე მმართველობა და სტაბილურობა, 2. ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, 3. ენერგოუსაფრთხოება და 4. ხალხთა შორის კონტაქტების/ურთიერთობის გაღრმავება. რაც შეეხება საფლაგმანო ინიციატივას, ესენია: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა (SME), განახლებადი წყაროების გამოყენების გაზრდა Energy, გარემოს მართვა და კლიამტის ცვლილება, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფათა წინააღმდეგ პრევენცია, მზადყოფნა, რეაგირება და მდგრადი მუნიციპალური განვითარება. პოლიტიკის ფორმირებისთვის კი შეიქმნა ე.წ. საპანელო შეხვედრები, რომელიც 6 თვეში ერთხელ იმართება და აერთიანებს შემდეგ თერთმეტ მნიშვნელოვან საკითხს: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებული ფუნქციონირება, მიგრაცია და თავშესაფარი, საჯარო ადმინისტრირების რეფორმა, საერთო უსაფრთოხებისა და თავდაცვის პოლიტიკა, გარემოსა და კლიმატის ცვლილება, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციების სფეროებში თანამშრომლობა, მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და განვითარება, კვლევა და ინოვაცია. საქართველო უკვე სარგებლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალიან ბევრი სიკეთით, მან გააფორმა უმნიშვნელოვანესი ასოცირების ხელშეკრულება და მიიღო ვიზალიბერალიზაცია.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი
2012 წელს შეიქმნა ე.წ. სამუშაო ჯგუფი/პლატფორმა, რომელიც ადგენს ევროკავშირში ინტეგრაციის ხარისხს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. შეფასებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი ეწოდება. ინდექსი აფასებს პარტნიორობის წევრი 6 ქვეყნის პროგრესს მდგრადი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისაკენ. იგი ადგენს ქვეყნის მდგომარეობას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა, მდგრადი განვითარება, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პლატფორმისა და ფლაგმანი ინიციატივის გატარების ხარისხი ქვეყანაში. იგი ასევე ერთმანეთს ადარებს მონაწილე ქვეყნების მიღწევა/ჩამორჩენებს. ანგარიში გამოქვეყნდა 2012, 2013, 2014 წლებში, ხოლო 2017 წლის ბოლოს გამოქვეყნდა 2015-2016 წლის ერთობლივი შეფასება. აღსანიშნავია, რომ ანგარიშების მიხედვით თუ 2012 წელს საქართველოს მიღწევები ბევრად აღემატებოდა პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნებს და ინდექსით რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა, მომდევნო წლებში მოლდოვამ საქართველო უკან ჩამოიტოვა.
პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მიმართ
ბოლო ანგარიშის მიხედვით, ძირითადი პრეტენზიები, რომელიც საქართველოსკენ მიემართება, შეეხება ისეთ საკითხებს როგორიც არის პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი, მართლმსაჯულების განხორციელების ნაკლოვანებები, მედია პლურალიზმის და თავისუფალი მედიის ფუნქციონირების პრობლემები, შრომითი უფლებების უგულვებელყოფა, განათლებაში და გარემოს დაცვაში არსებული პრობლემები. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ საკითხებში საქართველო, გარკვეული თვალსაზრისით, რეგრესს განიცდის. კრიტიკა შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებსაც, მათ შორის ქორწინების დეფინიციის ჩაწერას კონსტიტუციაში. გაკრიტიკებულია, ასევე, 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევა და მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის დადებული ყველა ვეტოს გადალახვა.
მედიის ნაწილში მწვავე შენიშვნებია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნის შემდგომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების ინტენსიურად დახურვის საკითხზე. დოკუმენტში, ასევე, შეშფოთებაა გამოთქმული ქვეყანაში გარკვეული ჯგუფის მიერ ქსენოფობიური, ეთნო-ნაციონალისტური, ულტრა-კონსერვატორული და ჰომოფობიური განწყობების გავრცელების გამო. გაკრიტიკებულია ხელისუფლების უმოქმედობა მსგავსი განწყობების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესები ხელისშემშლელი აღმოჩნდა საქართველო კვლავ ლიდერი სახელმწიფო ყოფილიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
საქართველოს 2018 წლის გამოწვევები
იგივე დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა გადასალახი. პირველი ეს არის კონსტიტუციური ბალანსისა და კონტროლის შენარჩუნება. მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებმა არ დაარღვიოს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მშვიდ, სამართლიან და თანაბარ გარემოში ჩატარდეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. მესამე, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია გარემოს არსებობა, ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგია კრემლიდან მომდინარე პროპაგანდის დასაძლევად და მეოთხე, ასოცირების ხელშეკრულების ინპლემენტაცია უნდა მოხდეს სრულად, გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულებაზე დამყარებულად.